რონალდუ: „პრობლემა არ მაქვს თუ პორტუგალია ჩემპიონი ჩემი გოლების გარეშე გახდება“
პორტუგალიის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, კრიშტიანუ რონალდუმ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე საკუთარ თავზე, გუნდზე და პირველ მეტოქეზე ისაუბრა. რონალდუმ განაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს და მუნდიალის დადებით ნოტაზე დაწყება უმნიშვნელოვანესია.
საკუთარ ფორმაზე
„თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და ბოლომდე გამოვჯანმრთელდი. ვარჯიშებისას, როგორც მე, ისე ჩემი გუნდი, კარგად გამოვიყურებით. მზად ვარ, მსოფლიო ჩემპიონატი საუკეთესოდ დავიწყო და პორტუგალიას მიზნების მიღწევაში დავეხმარო“.
არის თუ არა პორტუგალია ფავორიტი
„ეს შედარებითი საკითხია. მჯერა, რომ უზარმაზარი პოტენციალი გვაქვს და ჩემს მოსაზრებას სამწვრთნელო შტაბიც იზიარებს. ვნახოთ, მოვიგებთ თუ არა, მაგრამ იმედი და განსაკუთრებული შეგრძნება ნამდვილად მაქვს. მნიშვნელოვანია, რომ ჯგუფურ ეტაპზე კარგი სტარტი გვქონდეს და განასთან მიზანს მივაღწიოთ, რაც ყველაზე რთული იქნება. ასეთი ტურნირის დადებით ნოტაზე დაწყება თავდაჯერებულობის მოსაპოვებლად უმნიშვნელოვანესია“.
არის თუ არა ეუსებიოს გადასწრება მისი პირადი მიზანი
„რეკორდებს არ მივსდევ, ისინი მომსდევენ! ეუსებიოს რეკორდის დამხობა საოცარი შეგრძნება იქნება, მაგრამ ეს არაა ის, რის გამოც, ღამეები არ მძინავს და საჭმელს ვერ ვჭამ. ვიღაცამ რომ მითხრას, პორტუგალია ჩემპიონი შენი გოლების გარეშე გახდებაო, ამ წინადადებას ხელს უპრობლემოდ მოვაწერ“.
ლიონელ მესიზე
„სიამოვნებით ვიქნებოდი ფეხბურთელი, რომელიც მესის შამათს ჩაუსვამდა. როგორც ჭადრაკში, ისე ფეხბურთში. ეს საოცარი მომენტი იქნებოდა. მსოფლიო ჩემპიონატი რომც მოვიგო, მაინც გაგრძელდება დებატები თუ ვინაა ჩვენ ორ შორის საუკეთესო. ვიღაცებს მე უფრო მოვწონვარ. არის კატეგორია, რომელიც პირიქით ფიქრობს. ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც ცხოვრებაში. ზოგიერთს ქერათმიანი გოგონები მოსწონს, ზოგიერთს - შავთმიანი“.
სხვათა შორის, პრესკონფერენციის მიმდინარეობისას, რონალდუმ საკუთარ თავს „ტყვიაგაუმტარი" უწოდა და უარყო ცნობები, თითქოს ბრუნო ფერნანდეშთან პრობლემები აქვს.