რამაზ სვანაძე, გიორგი გოჩოლეიშვილი, გიორგი გულიაშვილი, ირაკლი ლილუაშვილი
Aa
Aa

სვანაძე: ,,ინგლისთან გამარჯვება რწმენის კუთხით მნიშვნელოვანი იყო"

რამაზ სვანაძის საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში, ინგლისის 21-წლამდე ნაკრებს, ბათუმში, უმასპინძლა და ანგარიშით -  3-2 დაამარცხა.

ჩვენი გუნდიდან სამივე გოლი საბურთალოს ფეხბურთელების ანგარიშზეა: გიორგი გულიაშვილმა დუბლი შეასრულა, შემდეგ კი გიორგი გოჩოლეიშვილმა ბრწყინვალე დრიბლინგი გოლით დაასრულა.

რაც შეეხება სტუმრებს, ინგლისელებმა გოლები მატჩის მიწურულს გაიტანეს: 81-ე წუთზე კლინტონ მოლამ (შტუტგარტი) ანგარიში შეამცირა, მეოთხე დამატებულ წუთზე კი მარკ გეიმ (კრისტალ პალასი) საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:2.

დღეს, ტელეკომპანია იმედის ყოველკვირეულ სპორტულ გადაცემაში, ,,სპორტი იმედზე", სტუმრად ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რამაზ სვანაძე იმყოფებოდა:

,,ინგლისთან შეხვედრას ტესტ-მატჩის სტატუსი ჰქონდა, მაგრამ ეს შეხვედრა ჩვენთვის ტესტ-მატჩი ვერანაირ შემთხვევაში ვერ იქნებოდა. ეს სერიოზული გამოცდა იყო და კონკრეტულ ამ შეხვედრისთვის დიდხანს ვემზადებოდით. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის და ასევე, სამწვრთნელი სტაფისთვის, ეს შეხვედრა მართლაც საინტერესო იყო პირველ რიგში იმ ფილოსოფის კუთხით, რომელსაც ჩვენ დიდი ხანია ვნერგავთ.

ინგლისის გარდა, ჩვენმა გუნდმა ძალიან მაღალი ხარისხის შეხვედრა რუმინეთის წინააღმდეგ ჩაატარა. ჩვენთვის გასაგებია, რომ შედეგი უმთავრესია, თუმცა ამ ეტაპზე, ჩვენ ორიენტირებული ვართ იმაზეც, რომ შედეგთან ერთად, მაღალი ხარისხიც ვაჩვენოთ იმიტომ, რომ რისთვის ვემზადებით კარგად ვიცით. 2023 წელს, ევროპის ჩემპიონატზე, ბევრად რთული შეხვედრების ჩატარება მოგვიწევს, ფსიქოლოგიური წნეხი გაიზარდება, ამიტომ ბევრი ასეთი შეხვედრა, ასეთი დონის გუნდებთან უნდა ვითამაშოთ.

ეს მატჩი პირველ რიგში მნიშვნელოვანი რწმენის კუთხით, როგორც ჩვენი, ასევე, ფეხბურთელებისა და მთელი ქვეყნისთვის იყო.  შედეგთან ერთად სასიხარულო იყო ის, რომ რაც ჩაფიქრებული გვქონდა, მოედანზე ძალიან კარგად გადავიტანეთ. უფრო და უფრო მეტის სურვილი გვაქვს, რადგან ეს თამასა მაღლა ჩვენ თავად ავწიეთ და გაფრთხილება სჭირდება".

ფოტოები: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ბათუმში ინგლისის და საქართველოს ახალგაზრდული გუნდები, ერთმანეთს ისტორიაში მეოთხედ დაუპირისპირდნენ. განვლილ 4 მატჩში 1 შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა მოიგო, 2 დაპირისპირებაში ინგლისელებმა გაიმარჯვეს, ხოლო 1997 წელს, ჩარლტონ ატლეტიკსის ვალიზე გამართული, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი, ფრედ, ანგარიშით - 0-0 დასრულდა.

აგენტის, ირაკლი ლილუაშვილის თქმით, მატჩი 2 საათის დასრულებული არ იყო, როდესაც სხვადასხვა გუნდიდან მობილურზე 50-ზე მეტი შეტყობინება მიუვიდა.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდული ნაკრების აღნიშნული მზადება 21-წლამდე ნაკრებების ევროპის ჩემპიონატს უკავშირდება, რომლის ერთ-ერთი მასპინძელიც საქართველო იქნება - 2023 წლის 21-წლამდე ნაკრებების ევროპის 24-ე ჩემპიონატი ორ ქვეყანაში გაიმართება, საქართველოსა და რუმინეთში.

ევრო 2023-ის ახალგაზრდულ ნაკრებთა ფინალური მატჩი ბათუმის სტადიონზე შედგება, ხოლო გახსნით მატჩს რუმინეთი უმასპინძლებს. ჯგუფური შეხვედრები 4 სტადიონზე გაიმართება, მათ შორის: ბათუმში, ფოთსა და თბილისში (ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი).

16 ევროპული ნაკრები 4 ჯგუფში გადანაწილდება. თითოეული ქვეყანა ორ-ორ ჯგუფს უმასპინძლებს. ჩემპიონატის დებულების თანახმად, ორივე მასპინძელი ქვეყანა - საქართველო და რუმინეთი ფინალურ ეტაპზე საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის გარეშე ითამაშებს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გიორგი გოჩოლეიშვილი: ,,საქართველოს ნაკრების ფორმით საუკეთესო მატჩი ჩავატარე
გიორგი გოჩოლეიშვილი: ,,საქართველოს ნაკრების ფორმით საუკეთესო მატჩი ჩავატარე"