სენსაციური გამარჯვება - საქართველომ ინგლისი ბრწყინვალე გოლებით დაამარცხა
Aa
Aa

სენსაციური გამარჯვება - საქართველომ ინგლისი ბრწყინვალე გოლებით დაამარცხა

რამაზ სვანაძის გაწვრთნილმა საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში ინგლისის 21-წლამდე გუნდი 3:2 დაამარცხა.

მატჩი ბათუმში შედგა და მასპინძელთაგან სამივე გოლი ''საბურთალოს'' ფეხბურთელების ანგარიშზეა, გიორგი გულიაშვილმა დუბლი შეასრულა, შემდეგ კი გიორგი გოჩოლეიშვილმა ბრწყინვალე დრიბლინგი გოლით დაასრულა. სტუმრებმა გოლები მატჩის მიწურულს გაიტანეს, 81-ე წუთზე კლინტონ მოლამ ანგარიში შეამცირა, მეოთხე დამატებულ წუთზე კი მარკ გეიმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:2.

მატჩის სტარტზე ინგლისელთა ერთ შეტევით ფაზაში მამარდაშვილმა ბურთი ორჯერ მოიგერია, ჯერ ბალოგუნს აუღო, შემდეგ კი ანხელ გომესს. ''ვალენსიას'' მეკარემ გუნდი სწრაფი გოლისგან იხსნა.

ტაიმის საწყის პერიოდში აშკარა უპირატესობას ინგლისის ნაკრები ფლობდა, თუმცა შეტევით ერთ ფაზაში გაგუას ეფექტური პასებით სვანაძის ფეხბურთელებმა მწვავე მომენტები შექმნეს, მაგრამ დასკვნით ფაზაში ინგლისელმა მცველებმა უშეცდომოდ ითამაშეს.

პირველი ტაიმის ორ მომენტში ივა გელაშვილს დამაჯერებლობა აკლდა, ცენტრალურმა მცველმა ერთხელ ბურთი ცუდად ჩაჭრა და მამარდაშვილის კარს მცირე მანძილით აცდა, ავტოგოლს გადავურჩით, შემდეგ კი ბალოგუნი საჯარიმოში თავისუფალ სივრცეში აღმოჩნდა და ახლო მანძილიდან ცუდად დაარტყა, სუსტი დარტყმა პირდაპირ მეკარისკენ წავიდა.

24-ე წუთზე გაგუას პასი გაგნიძემ ჭკვიანურად ''გაატარა' და შეტევა გულიაშვილის ბრწყინვალე გოლით დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ინგლისელთა კარს ეტიენ გრინი იცავდა, რომელიც საფრანგეთის ლიგა 1-ის ''სენტ. ეტიენში'' რეგულარულად ასპარეზობს.

34-ე წუთზე ბრიუსტერმა ქართველ მცველებს აჯობა, მეკარესთან პირისპირ გავიდა, თუმცა ბურთი მცირე მანძილით კარს აცდა. საქართველოს ნაკრები აშკარა გოლს გადაურჩა.

ინგლისის ნაკრების ფეხბურთელთა დიდ ნაწილს პრემიერ ლიგასა თუ სხვა ძლიერ ჩემპიონატებში თამაშის გამოცდილება აქვთ. მაგალითად, 21 წლის რაიან ბრიუსტემა ''შეფილდ იუნაიტედის'' მაისურით ინგლისის პრემიერ ლიგის გასულ სეზონში 27 მატჩი ჩაატარა. ამჟამად, მისი გუნდი ჩემპიონშიფში ასპარეზობს. ''ლივერპულის'' აღზრდილია, თუმცა პირველ გუნდში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და კარიერა ''შეფილდ იუნაიტედს'' დაუკავშირა.

36-ე წუთზე ლონდონის ''არსენალის'' შემტევი ბალოგუნი ტრავმის გამო შეცვალეს, თამაშში სემ გრინვუდი ჩაერთო, რომელიც ბიელსას ''ლიდსის'' ფეხბურთელია, პირველ გუნდში ირიცხება, თუმცა პრემიერ ლიგაში სადებიუტო მატჩი ჯერ არ ჩაუტარებია.

47-ე წუთზე გოჩოლეიშვილის საგოლე პასის შემდეგ გულიაშვილმა მახვილი კუთხიდან დაარტყა და დუბლი შეასრულა.

 

55-ე წუთზე მოისწრაფიშვილმა მარცხენა ფლანგზე იაქტიურა, მისი გადაცემის შემდეგ გულიაშვილი ჰეთ-თრიკის შესრულებასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა მისი თავური დარტყმა კარს მცირე მანძილით აცდა. 

თუ პირველ ტაიმში ინგლისის ნაკრები უპირატესობას ფლობდა, შესვენების შემდეგ რამაზ სვანაძის გუნდი მეტწილად პირველ ნომრად თამაშობდა. 65-ე წუთზე გიორგი გოჩოლეიშვილის ბრწყინვალე რეიდი გოლით დასრულდა, ''საბურთალოს'' 20 წლის შემტევმა საოცრად ითამაშა.

81-ე წუთზე თომას დოილის პასით კლინტონ მოლამ ანგარიში შეამცირა - 3:1.

მე-4 დამატებულ წუთზე მარკ გეიმ შეაგდო და მატჩის საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა - 3:2.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი (კაპანაძე 80), გელაშვილი, კალანდაძე, ხვადაგიანი (ჯინჯოლავა 88), ხარაბაძე, მექვაბიშვილი (კ), გაგნიძე, გულიაშვილი (დარცმელია 88), მოისწრაფიშვილი (გაგნიძე 71), გაგუა

ინგლისის 21-წლამდე ნაკრები: გრინი, ბალოგუნი (გრინვუდი 36), ბრიუსტერი, კრესველი, დოილი, დრამე (არონსი 77), გარნერი (სკიპი 77), გიბს-ვაიტი, ანხელ გომესი (გორდონი 67), მოლა, თომასი (გეი 77)

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"წელი დადებით ნოტაზე დავასრულეთ" - ხვიჩა უზბეკეთთან მატჩის შემდეგ