„თურქეთს ევროპის ჩემპიონატის დონის ფეხბურთელი არ ჰყავს
Aa
Aa

„თურქეთს ევროპის ჩემპიონატის დონის ფეხბურთელი არ ჰყავს" - ვლადიმერ გუცაევი

ევრო 2020-ის გახსნით შეხვედრაში რობერტო მანჩინის გაწვრთნილმა იტალიის ნაკრებმა შენოლ გიუნეშის თურქეთი  დამაჯერებლად დაამარცხა.  მთელი მატჩის განმავლობაში იტალიელთა უპირატესობა აშკარა იყო, რაც საბოლოოდ, ანგარიშშიც აისახა - 0:3.

„დინამო“ თბილისის ლეგენდამ, ვლადიმერ გუცაევმა, ევრო 2020-ის გახსნის მატჩი საქართველოს პირველი არხის ეთერში შეაფასა:

„იტალიისა და თურქეთის ნაკრებების კლასს შორის ძალიან დიდი განსხვავება იყო. ზოგადად ასეა, გუნდი ისეთი ფეხბურთის თამაშს შეძლებს, რის საშუალებასაც მას მოწინააღმდეგე მისცემს. ამ მატჩში თურქეთმა იტალიას ყველა საშუალება მისცა საკუთარი ფეხბურთი რომ ეთამაშა.

გამიკვირდა, იტალიელები ფიზიკურად ასეთ კარგ ფორმაში რომ იყვნენ, ტაქტიკურადაც გამართული ფეხბურთი აჩვენეს, თუმცა მაინც შემდეგ მატჩებს უნდა დაველოდოთ და ვნახოთ თურქეთზე ძლიერ ნაკრებებს რას შესთავაზებენ.

იტალიას პირველ ტაიმში უნდა გადაეწყვიტა ყველაფერი. ვთვლი, რომ ამ შეხვედრაში მთავარმა არბიტრმა უხეში შეცდომები დაუშვა. თურქეთის ნაკრეში ვერ ვნახე ფეხბურთელი, რომელიც ევროპის ჩემპიონატის დონეს აკმაყოფილებს“.

თურქეთის გარდა, იტალიის ეროვნული ნაკრები ჯგუფში შვეიცარიასთან და უელსთან ერთად იმყოფება.

რობერტო მანჩინის ნაკრები მეორე ტურის მატჩს 16 ივნისს, შვეიცარიის წინააღმდეგ, სტადიო ოლიმპიკოზე გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები