Aa
Aa

9500 მაყურებელი - ევროპა ლიგის ფინალს გულშემატკივარი დაესწრება

ევროპა ლიგის წლევანდელი სეზონის ფინალურ შეხვედრას მაყურებელი დაესწრება. ამის შესახებ შეთანხმებას უეფა-მ პოლონეთის მთავრობასთან უკვე მიაღწია.

გავლენიანი გამოცემის, The Athletic-ის ინფორმაციით, „არენა გდანსკიზე“ მისი ტევადობის 25%-ს ვიხილავთ, რაც დაახლოებით 9 500 ადამიანს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ 6 000 ბილეთი უშუალოდ რეალიზაციაში ჩაეშვება და მაყურებელი შეიძენს, დანარჩენი 3 500 ადგილი კი საორგანიზაციო საკითხებში ჩართული ადგილობრივი პირებისთვის, უეფა-სა და საერთაშორისო ფედერაციების წარმომადგენელთათვის, კომერციული პარტნიორებისა და მაუწყებლებისთვის იქნება გამოყოფილი.

„პოლონეთის მთავრობა უეფა-ს დაუდასტურა, რომ სტადიონის ტევადობის 25% თამაშს დაესწრება, რაც 9 500-ზე მეტ ადამიანს შეადგენს. უცხოეთიდან ჩამოსულ გულშემატკივრებს მოუწევთ შეასრულონ საზღვარზე შესვლის შეზღუდვები და მოთხოვნები, რომლებიც ძალაში ფინალის დროს იქნება. ხაზს ვუსვამთ, რომ ბილეთის მქონე ადამიანებს არავითარი პრივილეგია არ ექნებათ.

სტადიონზე შესვლა ნებადართული იქნება ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად, რის შესახებაც პოლონეთის მთავრობა საბოლოო გადაწყვეტილებას კვირის ბოლომდე გვაცნობებს. შესაძლოა, ეს ეხებოდეს ვაქცინის გაკეთებას ან Covid-19--ს ნეგატიური პასუხი იყოს საჭირო“.

ევროპა ლიგის ფინალისტები ხუთშაბათს გაირკვევა. „მანჩესტერ იუნაიტედს“ „რომასთან“ საპასუხო მატჩის წინ 4-ბურთიანი უპირატესობა აქვს, „არსენალი“ კი „ვილიარეალის“ წიანაღმდეგ 1:2-ის შემოტრიალებას შეეცდება.

ფინალური შეხვედრა პოლონეთის ქალაქ გდანსკში, „არენა გდანსკიზე“, 26 მაისსაა ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები