ჯეიკ პიკოკი - მუაი ტაის ცალხელა მებრძოლი, რომელიც ჯერ არ დამარცხებულა
Aa
Aa

ჯეიკ პიკოკი - მუაი ტაის ცალხელა მებრძოლი, რომელიც ჯერ არ დამარცხებულა

გევინ პიკოკი „ჩელსის“, „ნიუკასლისა“ და ქპრ-ს ყოფილი ფეხბურთელია და სულ მცირე 100 შეხვედრა სამივე კლუბის მაისურით აქვს ჩატარებული. პიკოკს სხვა გუნდებშიც უთამაშია. 1989 წელს ჰარი რედნაპმა იგი 250 000 გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ შეიძინა და „ბორნმუთში“ გადაიყვანა. აი, 1993 წელს კი „ჩელსიმ“ მის სანაცვლოდ 1.5 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადა.

პიკოკმა ბუცები ლურსმანზე 2002 წელს ჩამოკიდა და კარიერის ბოლოს მის ანგარიშზე 540 შეხვედრაში გატანილი 108 გოლი გახლდათ. გარკვეული დროის განმავლობაში იგი BBC-ში მუშაობდა და ექსპერტის ფუნქციებს ითავსებდა, ევრო 2008-ის შემდეგ კი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად კანადაში გადავიდა, თეოლოგია შეისწავლა და მღვდელი გახდა. ამჟამად იგი კალგარიში მდებარე ერთ-ერთი ეკლესიის პასტორი გახლავთ.

გევინს ორი შვილი ჰყავს - ჯეიკი და ავა. ჯეიკი მარჯვენა ხელის გარეშე დაიბადა, მაგრამ ამის გამო საკუთარ ოცნებაზე უარი არ უთქვამს და საკმაოდ სახიფათო სპორტს გაუყვა. ჯეიკ პიკოკი მუაი ტაის მებრძოლი გახლავთ და მის ანგარიშზე 4 გამარჯვება და 0 მარცხია.

„დედაჩემი და მამაჩემი ფანტასტიკური მშობლები არიან. მათ არ იცოდნენ, რომ მარჯვენა ხელის გარეშე დავიბადებოდი და შოკში ჩავარდნენ, როცა ეს მოხდა. მიუხედავად ამისა, ისინი ჩემ დაცვას არასდროს ცდილობდნენ და ხელს არ მიშლიდნენ, რომ სხვადასხვა რაღაცები მეცადა. ყველაფერი თავად გავითავისე და ჯერჯერობით ვერანაირ შეზღუდვას ვხედავ.

ბრძოლებისას ჩემი არსენალი მეტოქეებისგან ძალიან განსხვავდება და ყველაფერს სხვანაირად ვაკეთებ. დისტანციის შესამცირებლად ფეხებს ხშირად ვიყენებ და როცა მიზანში ვახვედრებ, შემიძლია, მარჯვენა ხელით მოწინააღმდეგეს მტკივნეული დარტყმა მივაყენო. მარჯვენა ხელს ჯების ან იდაყვის მსგავსად ვიყენებ.

მებრძოლის კარიერაში წარმატების მისაღწევად ჩემი გონება ძალიან მეხმარება. გამომდინარე იქიდან, რომ ცალი ხელით დავიბადე, განსხვავებულად ვფიქრობ და შემიძლია, ხალხს იმ გამოწვევების გადალახვაში დავეხმარო, რომლებთან გამკლავებაც უჭირთ“, - აცხადებს ჯეიკი.

ჯეიკს Lion Fight-თან, რომელიც მუაი ტაიში ნომერ პირველი ორგანიზაციაა და მუაი ტაის საუკეთესო მებრძოლებთან თანამშრომლობს, რამდენიმე ბრძოლაზე გათვლილი კონტრაქტი აკავშირებს. ჯეიკის მამა, გევინი კი არ მალავს, რომ საკუთარი შვილით ამაყობს.

„მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს შვილებს განსაკუთრებულად არ მოვქცეოდით და ისინი განებრივებული არ ყოფილიყვნენ, რადგან ცხოვრება გამოწვევებითა და პრობლემებითაა აღსავსე და თუ საკუთარ შვილებს ზედმეტად დაიცავ, ისინი ნეგატიურ გამოცდილებასთან პირველივე კონტაქტისას განადგურდებიან.

ჯეიკს უფლება მივეცით ყველაფერი თავისით გაეანალიზებინა. მახსოვს, ერთხელ ბიჭს ეჩხუბა, რომელიც მასზე გაცილებით ძლიერი და დიდი გახლდათ. მან იცოდა, რომ იყო შანსი, მტკივნეულად მოხვედროდა, მაგრამ არ დანებებულა. სახლისკენ მიმავალ გზაზე ჯეიკს ვუთხარი, რომ ამ ბრძოლამ მისი სიმამაცის შესახებ გაცილებით ბევრი რამ მითხრა, ვიდრე წარსულში მოპოვებულმა გამარჯვებებმა. 

ჯეიკს უნდა, რომ ხალხი მასზე, როგორც კარგ მებრძოლზე საუბრობდეს და არა, როგორც ცალხელა მებრძოლზე. მიუხედავად ამისა, ფაქტია, რომ მას ერთი ხელი არ აქვს და სიმართლე გითხრათ, ეს მის მიღწევებს უფრო გასაოცარს ხდის. ჯეიკმა ბევრი ადამიანი შთააგონა და მისით ძალიან ვამაყობ“.

ჯეიკ პიკოკი ნათელი მაგალითია იმისა, რომ ნებისმიერი გამოწვევის გადალახვა შეიძლება და დანებება გამასავალი არასდროსაა. ბოლომდე ბრძოლასა და თავდაუზოგავ შრომას შედეგი ყოველთვის მოაქვს.

ცხელი ამბები