Aa
Aa

"ვიცოდი, რომ კაზემირო იქ აღმოჩნდებოდა" - ბენზემა თავის სუპერპასზე

ლა ლიგის 32-ე ტურში „რეალმა“ სტუმრად „ესპანიოლი“ დაამარცხა და უკვე ერთპიროვნულად გალიდერდა. მატჩის გადაწყვიტა კაზემიროს გოლმა, რომელიც ბენზემას ფანტასტიკური პასის შემდეგ გავიდა.

თამაშის შემდეგ ჟურნალისტები ბენზემას, რომელმაც „სამეფო კლუბის“ მაისურით 117-ე ასისტი მიითვალა, ამ პასზე დაეკითხნენ.

„იმ მომენტში ძალიან კარგად ვითამაშე, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეპიზოდი გოლით დაგვირგვინდა. კაზემირომ ყველაფერი ზუსტად გააკეთა, ვიცოდი, რომ იგი ჩემს ზურგს უკან მოძრაობდა და იქ აღმოჩნდებოდა, სადაც პასი გავაკეთე. ფეხბურთს სწორედ ასეთი ხედვით ვთამაშობ“.

მის მიერ გატანილ ბურთს ბენზემას გოლი უწოდა კაზემირომ, რომელმაც მიმდინარე ლა ლიგაში თავი მეხუთედ გამოიჩინა.

„კარიმმა შეგვაჩვია იმ მაღალ ხარისხს, რომლითაც წლებია თამაშობს. ეს მისი გოლია და მასთან ერთადაც იმიტომ ვიზეიმე, რომ საავტორო უფლებები სწორედ კარიმს ეკუთვნის.

ჩვენ ყველას მისი მაღალი კლასის შესახებ კარგად მოგვეხსენება, მეც იმ მომენტში ამიტომ დავუძახე და ვიცოდი, რომ ჩემთვის პასის გაკეთებას ასეთ ვითარებაშიც შეძლებდა“.

„რეალმა“ „ბარსელონას“ 2 ქულით გადაასწრო და შემდეგ ტურში საკუთარ მოედანზე „ხეტაფესთან“ გასამართი მატჩისთვის მოემზადება. შეხვედრა 2 ივლისს ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები