ბარსას იმედი გადაეწურა - კლუბმა დემბელეს ფასი დაადო
Aa
Aa

ბარსას იმედი გადაეწურა - კლუბმა დემბელეს ფასი დაადო

როგორც ჩანს, „ბარსელონაში“ დემბელეს მიმართ იმედი ყველას გადაეწურა და კლუბი მის გაყიდვაზე მუშაობას იწყებს.

ესპანური Marca-ს ინფორმაციით, „ბარსა“ მზადაა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ფრანგს 60 მილიონ ევროდ შეელიოს.

22 წლის შემტევი ტრავმების გარეშე 2 თვე თამაშსაც ვერ ახერხებს და სანამ ჯერ კიდევ შანსი არის, კლუბს მისი გაყიდვა სურს.

წყაროს ცნობით, დემბელეს გადაბირებით ლონდონის „არსენალია“ დაინტერესებული. სიმბოლურია, რომ ტრავმების მხრივ ყველაზე მეტად გამორჩეული კლუბი, ყველაზე მეტად ტრავმიანი ფეხბურთელის შეძენას გეგმავს.

კორონავირუსისგან გამოწვეული ფინანსური ზარალის შემდეგ, ბაზარზე სატრანსფერო ფასები დაეცა. ივარაუდება, რომ მოთამაშეების ღირებულება მინიმუმ 20-30 პროცენტით შემცირდება.

„ბარსელონამ“ „დორტმუნდიდან“ დემბელე საკმაოდ ძვირადღირებული კონტრაქტით გამოისყიდა. ყველა პუნქტისა და ბონუსის გათვალისწინებით, ჯამში კლუბს ფრანგი ფეხბურთელი 145 მილიონი ევრო უნდა დაჯდომოდა, თუმცა ტრავმების გამო მან მატჩების ნახევარიც ვერ ჩაატარა.

ფასების ვარდნისა და დემბელეს ტრავმების ფონზე კატალონიელებმა ფეხბურთელის ფასი 60 მილიონამდე ჩამოწიეს, რაც სავსებით ლოგიკურია. „ბარსა“ ახალი შენაძენებისთვის თანხების მოძიებას ცდილობს. როგორც მოგეხსენებათ, მათ გეგმებში ნეიმარის, ლაუტარო მარტინესის, მირალემ პიანიჩის, ერთი ცენტრალური და ერთიც მარჯვენა მცველის შეძენა შედის.

მოსალოდნელია, რომ გარიგებებისას ხშირად ვიხილავთ ფეხბურთელთა პირდაპირ გაცვლებსაც.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები