Aa
Aa

გუტი: "მომავალ სეზონში უმაღლეს დივიზიონში უნდა ვითამაშოთ“

მადრიდის „რეალის“ ლეგენდარული ფეხბურთელი, გუტი ესპანეთის სეგუნდა ლიგის კლუბ „ალმერიას“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. 43 წლის სპეციალისტმა ახალი გუნდის თავკაცის რანგში პირველი კომენტარიც გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი ოცნება ანდალუსიელებთან ერთად ლა ლიგაში დაწინაურებაა.

„აქ ყოფნით ბედნიერი ვარ და ხელმძღვანელობას მადლობას ვუხდი, რომ არჩევანი ჩემზე შეაჩერა. მინდა, გუნდში საკუთარი სტილი დავნერგო, რაც სისწრაფეს, შემტევ თამაშსა და ბრძოლისუნარიანობას მოიცავს. ჩვენ ლამაზი ფეხბურთის თამაშს შევეცდებით და ჩემი სურვილია, ფეხბურთელებმა მოედანზე თავი ბედნიერად იგრძნონ.

„ალმერიაში“ უმაღლესი კლასის მოთამაშეები ირიცხებიან, რომელთაც ჩვენს ოცნებას ხორცი უნდა შეასხან და ლა ლიგაში დავწინაურდეთ. რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანა და მიზანი სწორედ ესაა - მომავალ სეზონში უმაღლეს დივიზიონში უნდა ვითამაშოთ“.

სეგუნდა დივიზიონის დაწყებიდან 14 ტური გავიდა, „ალმერიას“ აქტივში 24 ქულაა და სატურნირო ცხრილის მე-2 ადგილზეა. ანდალუსიელები ლიდერ „კადისს“ 10 ქულით ჩამორჩებიან, მე-7 ადგილოსან „პონფერადინას“ კი მხოლოდ 3 ქულით უსწრებენ.

„ალმერია“ აგვისტოში გაიყიდა და მას ამჟამად საუდის არაბეთში რეგისტრირებული კომპანია Turki Al-Sheikh-ი ფლობს. აზიელებს საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვთ და მათ შესასრულებლად სოლიდური ფინანსების გაღებასაც არ მოერიდებიან.

გუტიმ სამწვრთნელო კარიერა 2013 წელს დაიწყო და მას შემდეგ 5 წლის განმავლობაში „რეალის“ ახა;გაზრდულ გუნდებში მუშაობდა, 2018-2019 წლებში კი „ბეშიქთაშში“ შენოლ გიუნეშის ასისტენტი გახლდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები