საოცარი ისტორია - ფანი, რომელმაც 6000 კმ. დაფარა და ნაკრებს მარტომ უგულშემატკივრა...
Aa
Aa
15 ოქტომბერი 2019  |  17:12

საოცარი ისტორია - ფანი, რომელმაც 6000 კმ. დაფარა და ნაკრებს მარტომ უგულშემატკივრა...

სტუმართა ტრიბუნის სექციაში ერთის გარდა ყველა სკამი თავისუფალია... იმ ერთ სკამთან ერთგულება, ენთუზიაზმი, პატრიოტიზმი და უანგარო სიყვარული დგას! დგას და არა - ზის! დგას იმიტომ, რომ მას გულშემატკივრობის საკუთარი სტილი აქვს და ასეთია. ალბათ, განსაკუთრებული.

დიახ, ფოტოზე გამოსახული გულშემატკივარი არის ის, ვინც საკუთარი ქვეყნის ნაკრების თამაშის სანახავად და გულშემატკივრობისთვის 6000 კმ. მარტომ დაფარა, ირანში ჩავიდა და 90 წუთის განმავლობაში მხარდაჭერის უპრეცედენტო სახე შექმნა. ...თანაც, იმ ფონზე, რომ მისი სამშობლოს ნაკრები უიმედოდ მარცხდებოდა და საბოლოოდ, ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით წააგო - 0:14.

მასზე „ჭკვიანები“ კამბოჯაში დარჩნენ, რადგან ხვდებოდნენ, რომ მათ ნაკრებს გამარჯვების შანსი პრაქტიკულად არ ჰქონდა. ეს მანაც იცოდა, მაგრამ უდიდესი გზა გაიარა და 90 წუთის განმავლობაში იმაზე მეტად დაიხარჯა, ვიდრე მისი ნაკრების ფეხბურთელები მოედანზე.

იგი ერთი დიდი ზომისა და ორი მცირე ზომის დრამს, მეგაფონსა და სხვა კიდევ რამდენიმე საჭირო საგანსა თუ მოწყობილობას, ნაკრების მხარდასაჭერად იყენებდა. გოლები კი გადიოდა, გადიოდა, გადიოდა და ირანელთა „ბოროტებას“ საზღვარი არ უჩანდა, ამას ისიც დაემატა, რომ მისმა ნაკრებმა პენალტიც გააფუჭა.

ერთი სიტყვით, გულშემატკივარი საყვარელი გუნდისგან უარესს ვერაფერს წარმოიდგენდა, არადა თავად ფეხბურთელებიც ასეთ გულშემატკივრობას ხომ ვერასდროს ინატრებდნენ...

ამ კამბოჯელმა ადამიანმა, რომლის სახელიც ცნობილი არაა, ფეხბურთში ახალი კულტურა, ახალი ემოცია და ახალი შეგრძნებები შემოიტანა. მაგალითი, რომელსაც წლების განმავლობაში გაიხსენებენ. უნდა გაიხსენონ და დააფასონ, რადგან ფეხბურთი მხოლოდ გოლი არაა.

ეს საოცარი ფაქტი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში, ირანსა და კამბოჯას შორის დაფიქსირდა. ნეტავ, თუ დადგება ის რეალობა, როცა ამ სამაგალითო ადამიანის ნაკრები მუნდიალზე მოხვდება. საინტერესო იქნება არა?!..

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები