Aa
Aa

მორიგი მოულოდნელობა მუნდიალზე! - რუსეთი 1/4 ფინალში, ესპანეთი - სახლში...

მოსკოვში, "ლუჟნიკებზე", მსოფლიო ჩემპიონატის მორიგ 1/8 ფინალურ შეხვედრაში, რუსეთის ეროვნული ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა და სენსაციურად, პენალტების სერიის წყალობით დაამარცხა.

მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. ანგარიში იგნაშევიჩის ავტოგოლის შემდეგ გაიხსნა, რასაც არტიომ ძიუბას მიერ ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანი მოჰყვა.

უნდა ვახსენოთ ისიც, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, ესპანეთმა მასპინძელ ნაკრებთან მეოთხედ წააგო და არასდროს მოუგია. "ფურია როხა", 1934 წელს იტალიასთან, 1950 წელს ბრაზილიასთან, 2002 წელს სამხრეთ კორეასთან და 2018 წელს რუსეთთან დამარცხდა.

რუსების თავკაცმა 5 მცველიანი ტაქტიკა აირჩია და თავიდანვე აქცენტი მკვეთრად დაცვით თამაშზე გაკეთდა. მასპინძლები კომპაქტურად მოქმედებდნენ და თუკი, მეტოქის ნახევარზე ბურთისთვის ბრძოლით თავს არ იღლიდნენ, საკუთარ მოედანზე მკაცრ პრესინგს მიმართავდნენ და მოწინააღმდეგეს მომენტალურად სივრცეს უზღუდავდნენ.

ესპანელები ჩვეულად ტოტალურ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა გამწვავებას იშვიათად ახერხებდნენ და გოლიც სტანდარტული მდგომარეობის შემდეგ გაიტანეს.

ფერნანდო იეროს გუნდის პრობლემა ერთ რიტმში თამაში და არცთუ ქმედითი ფლანგები გახლდათ. ესპანელთა თავკაცმა ძირითადში მარკო ასენსიო გაამწესა, რომელიც ერთადერთი ფლანგის შემტევი იყო, დავიდ სილვა კი მარჯვენა მხრიდან მოქმედებდა, მაგრამ იგი რომ გარემარბი არაა, ყველამ კარგად ვიცით.

"ფურია როხა" გამწვავებას ცენტრიდან ცდილობდა, თუმცა ცენტრფორვარდთან ბურთი იშვიათად მიდიოდა და მომენტის შექმნა სერიოზული პრობლემა იყო.

მატჩის პირველი რეალური საგოლე შანსი სტანდარტულ მდგომარეობას მოჰყვა. ესპანელებმა ჯარიმა ჩააწოდეს, სერგეი იგნაშევიჩმა სერხიო რამოსის სათანადოდ აყვანა ვერ შეძლო, თავად წონასწორობა დაკარგა, რამაც უცნაური ავტოგოლი გამოიწვია.

რუსების ცენტრალური მცველი 38 წლისა და 352 დღის ასაკში, ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საკუთარ კარში გაიტანა. რეკორდი აქამდე ჰონდურასელ ნოელ ვალადარესს ეკუთვნოდა. 2014 წლის მუნდიალზე, საფრანგეთთან მატჩისას, მან ავტოგოლი 37 წლისა და 43 დღის ასაკში მიითვალა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე ტურნირზე, რუსეთის ნაკრებმა სტანდარტულის შემდეგ მე-4 გოლი გაუშვა, რაც ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელი და მხოლოდ საუდის არაბეთის ნაკრების შედეგზე უკეთესია - 5.

რუსეთის ნაკრები ისტორიაში მე-2 გუნდია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, ერთზე მეტი ავტოგოლი გაუშვა. 1966 წელს, იგივე ბულგარეთის ნაკრებს დაემართა.

 

თამაშის სცენარი არც გოლის შემდეგ შეცვლილა. ბურთს ესპანელები აკონტროლებდნენ, რუსები კი მწყობრად თამაშს აგრძელებდნენ და შანსს ელოდებოდნენ.

ერთ-ერთ იშვიათ შეტევას კუთხური მოჰყვა, რომლიდანაც კარისკენ ძიუბამ დაარტყა, ბურთი პიკეს ხელში მოხვდა და ბიორნ კუიპერსმა პენალტის ნიშნულისკენ მიუთითა.

ბურთთან თავად ძიუბა მივიდა და მეკარეს ძალიან მარტივად აჯობა - დე ხეა და ბურთი სხვადასხვა კუთხეში აღმოჩნდნენ.

რუსეთის ნაკრებმა, მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი-ოფში, 1986 წლის შემდეგ, გოლი პირველად გაიტანა. მაშინ იგორ ბელანოვმა ბელგიას ჰეთ-თრიქი შეუსრულა.

ამასთანავე, 2002 წლის შემდეგ, ძიუბა პირველი რუსია, რომელმაც მუნდიალზე პენალტით გაიტანა. მაშინ ვალერი კარპინმა შეაგდო.

 

რუსეთის უდიდეს სტადიონზე სრული ანშლაგი გახლდათ და 78 011 ადამიანი მეორე ტაიმს იმ იმედით ელოდა, რომ მათი საყვარელი გუნდი სულ მინიმუმ ანგარიშის შენარჩუნებას შეძლებდა.

ძალიან უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ ესპანელთა შეტევებს ფანტაზია აკლდა, რუსები კი დაცვაში კარგად თამაშობდნენ და შეგვიძლია ვთქვათ, რომ დარჩენილ დროში "ფურია როხას" თითზე ჩამოსათვლელი რაოდენობის მომენტები ჰქონდა. აი თავად მასპინძლები შეტევაზე საერთოდ არ ფიქრობდნენ და მე-2 ნახევარში კარისკენ მხოლოდ ერთხელ დაარტყეს, ისიც 93-ე წუთზე. საბოლოოდ, ფრე 1:1 მივიღეთ და მატჩი დამატებით დროში გადავიდა.

იერომ მოედანზე იაგო ასპასი და როდრიგო გამოიყვანა, რამაც ესპანელთა შეტევები ოდნავ გამოაცოცხლა და როდრიგოს დამატებით დროში კარგი მომენტიც ჰქონდა, მაგრამ ანგარიში არ შეცვლილა.

წინ პენალტების სერია გველოდა, რომელშიც მუნდიალის მასპინძლებს 1998 წლის შემდეგ არ წაუგიათ. 1998-ში საფრანგეთმა იტალიას აჯობა, 2002-ში სამხრეთ კორეამ - ესპანეთს, 2006-ში გერმანიამ - არგენტინას და 2014-ში ბრაზილიამ - ჩილეს.

ნიშნულთან პირველი ანდრეს ინიესტა მივიდა, რომელმაც აკინფეევი მოატყუა და თავიანები დააწინაურა. სმოლოვის, პიკესა და იგნაშევიჩის ზუსტი დარტყმების შემდეგ, ანგარიში 2:2 გახდა, როცა კოკეს ჯერი დადგა...

მადრიდის "ატლეტიკოს" ნახევარმცველმა, რომელიც არც მატჩის ძირითად და დამატებით დროში ბრწყინავდა, ძალიან ცუდი დარტყმა შეასრულა და ბურთი იგორ აკინფეევმა მოიგერია.

დავიდ დე ხეა მთლად კარგად ვერ გამოიყურებოდა, მან სმოლოვს კუთხე გამოუცნო და ბურთის აღებაც შეეძლო, გოლოვინისა და ჩერიშების პენალტები კი იმდენად პრიმიტიულად იყო შესრულებული, ვერ ვიტყვით, რომ მეკარე უშანსოდ გახლდათ...

სტანისლავ ჩერჩესოვის ბიჭებმა 4-დან 4 თერთმეტმეტრიანი გაიტანეს, როცა 3:4-ზე, ბურთთან იაგო ასპასი ვიხილეთ. აკინფეევმა კუთხე მასაც გამოუცნო, გოლი არ გაატანინა და რამდენიმე დღით მაინც, ეროვნული გმირი გახდა!

 

რუსების გამოცდილი მეკარე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, რაშიც არასამართლიანი არაფერია. უბრალოდ, ეს მთელი გუნდის გამარჯვება იყო, რადგან ჩერჩესოვის შეგირდებმა დავალებები შესანიშნავად შეასრულეს და მეტოქის ხარვეზებით კარგად ისარგებლეს.

რუსეთის ნაკრები მუნდიალის 1/4 ფინალში გავიდა, რაც ამ ქვეყანას 1966 წლის შემდეგ არ გაუკეთებია. ინგლისში გამართულ ჩემპიონატზე, საბჭოთა კავშირის ნაკრებმა, რომლის რიგებშიც 3 ქართველი - ანზორ კავაზაშვილი, გიორგი სიჭინავა და მურთაზ ხურცილავა თამაშობდნენ, საერთოდ 1/2 ფინალამდე მიაღწია და საბოლოოდ, გერმანიის ნაკრებთან 1:2 დამარცხდა.

მიმდინარე ტურნირის მასპინძლები, 1/4 ფინალში, ხორვატიისა და დანიის ნაკრებთა მატჩის გამარჯვებულს შეხვდებიან. თამაში 7 ივლისს, სოჭში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები