ფელაინი „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2020 წლამდე დარჩება!
Aa
Aa

ფელაინი „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2020 წლამდე დარჩება!

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ დაადასტურა, რომ მარუან ფელაინისთან ახალი, 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ბელგიელი ფეხბურთელი კლუბში 2020 წლამდე დარჩება. ახალი შეთანხმების მიხედვით, ფელაინი ხელფასის სახით კვირაში - 100,000 ფუნტს მიიღებს. ბელგიელი ფეხბურთელი ოლდ ტრაფორდზე გატარებული 5 წლის შემდეგ, „წითელი ეშმაკების“ დატოვებას გეგმავდა, თუმცა კლუბის მიერ შეთავაზებული გაუმჯობესებული პირობების გამო, „იუნაიტედში“ დარჩენა გადაწყვიტა.

მარუან ფელაინის „მანჩესტერ იუნაიტედში“ დატოვებას კლუბის მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიოც ითხოვდა. 30 წლის ფელაინის თქმით, მოურინიოს მხარდაჭერა „იუნაიტედში“ დარჩენის მთავარი ფაქტორი იყო.

„მოხარული ვარ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში“ ჩემი მოგზაურობა გაგრძელდება. ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ აქ ძალიან ბედნიერი ვარ. გარდა ამისა ამ გუნდს, ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით ბევრის მიღწევა შეუძლია. ჟოზეს, ჩემს მიმართ გამოხატული რწმენის გამო, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო. ამ მომენტში მსოფლიო ჩემპიონატზე ვარ ორიენტირებული და იმედი მაქვს, რომ მუნდიალის შემდეგ წარმატებული საკლუბო სეზონი მექნება.“

მარუან ფელაინი „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2013 წელს „ევერტონიდან“ 27.5 მლნ ფუნტის სანაცვლოდ გადავიდა. „წითელ ეშმაკებთან“ განახლებული კონტრაქტის გაფორმებამდე მას „არსენალს“, „მილანს“ და „პსჟ“-ს უკავშირებდნენ. გარდა ამისა საუბარი იყო მის თურქეთში, ჩინეთში ან ჰოლანდიაში თამაშზეც. ფელაინის დარჩენით მოურინიო გახარებულია, რადგან კლუბის ნახევარდაცვა არ შესუსტდა და მეტიც, ის გაძლიერდა, როდესაც „იუნაიტედმა“ დონეცკის „შახტარიდან“ ბრაზილიელი ფრედი შეიძინა.

„ძალიან მიხარია, რომ მარუანი ჩვენთან რჩება. მე მისი ყოველთვის მჯეროდა და მიხარია, რომ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.“ - განაცხადა ჟოზე მოურინიომ.

მარუან ფელაინიმ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მაისურით გამართულ 156 შეხვედრაში 20 გოლის გატანა მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები