დუმილი დარღვეულია -
Aa
Aa

დუმილი დარღვეულია - "რეალმა" დი მარიას გერმანიასთან ფინალის გამოტოვება აიძულა!

ნიგერიასთან გასამართი უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ, ანხელ დი მარიამ 2014 წლის მუნდიალი გაიხსენა და პრესას მოუყვა, თუ როგორ არ მისცა „რეალმა“ გერმანიასთან ფინალში თამაშის უფლება.

როგორც მოგეხსენებათ, დი მარიამ ¼-ფინალში ბელგიის წინააღმდეგ კუნთის ტრავმა მიიღო და დარჩენილი შეხვედრები გამოტოვა. არსებობდა იმის ალბათობა, რომ მას ფინალი ინექციის გაკეთების შემდეგ ეთამაშა, მაგრამ როგორც თავად აღნიშნა, „რეალმა“ ამის უფლება არ მისცა.

„ეს მოხდა ფინალის დღეს. ზუსტად დილის 11 საათზე. მწვრთნელის მაგიდასთან ვიჯექი და ინექციის გაკეთებას ველოდებოდი. მეოთხედფინალში კუნთის ტრავმა მივიღე, თუმცა ტკივილგამაყუჩებლების გაკეთების შემდეგ ფინალში მინდორზე გასვლა და სირბილი ჩვეულებრივად შემეძლებოდა.

ზუსტად მახსოვს, მედშტაბს ეს სიტყვები ვუთხარი: „თუ, დავიმტვრევი, დაე ასე იყოს, არ მანაღვლებს. ჩემთვის მთავარია ვითამაშო. ამის შემდეგ ავიღე ყინული და ფეხზე დავიდე. მალევე ოთახში გუნდის ექიმი დანიელ მარტინესი შემოვიდა და კონვერტი გადმომცა - „ნახე ანხელ, ეს წერილი მადრიდიდან არის“.

მას ვკითხე, თუ რა იყო ეს. პასუხი ასეთი იყო - „ისინი წერენ, რომ შენ თამაშისთვის მზად არ ხარ. ამის გამო, ისინი ჩვენ გვაიძულებენ, რომ დღეს თამაშის უფლება არ მოგცეთ“.

მე იმწამსვე მივხვდი რაც ხდებოდა. ყველამ იცოდა იმ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომ „რეალი“ მუნდიალის დასრულების შემდეგ ხამეს როდრიგესის შეძენას გეგმავდა და ადგილის გასათავისუფლებლად ჩემი გაყიდვა სურდათ.

ამის გამო, მათ არ უნდოდათ, რომ თავიანთ მოთამაშეს ტრავმა გამიზეზებოდა. ყველაფერი მარტივად იყო. ეს არის ბიზნესი, რომელსაც ხალხი ყოველთვის ვერ ხედავს.

დანიელს წერილი გამოვართვი და ის არც გამიხსნია. იმწამსვე ნაწილებად დავხიე“.

ამის შემდეგ დი მარია ნაკრების მთავარ მწვრთნელ ალეხანდრო საბელიასთან მივიდა და უთხრა, რომ მის პოზიციაზე ის მოთამაშე დაეყენებინა, რომელიც საქმეს ყველაზე უკეთ შეასრულდება. ამის შემდეგ დი მარიამ იტირა...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები