''MLS-ში თამაში ასაკიდან გამომდინარეც გადავწყვიტე'' - კაშია ''დინამოში'' ვარჯიშობს
Aa
Aa

''MLS-ში თამაში ასაკიდან გამომდინარეც გადავწყვიტე'' - კაშია ''დინამოში'' ვარჯიშობს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი, გურამ კაშია MLS-ს კლუბ "სან ხოსეს" რიგებში ჩაირიცხა. აღნიშნული ინფორმაცია გუნდის ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა.

"სან ხოსეს" საიტზე ვკითხულობთ, რომ გურამს ახალი გუნდის ფორმით თამაში 10 ივლისის შემდეგ შეეძლება, აშშ-ში გამგზავრებამდე კი გურამ კაშია თბილისში იმყოფება და დიღმის ბაზაზე დინამოელებთან ერთად ვარჯიშობს.

გურამ კაშია, რომელიც 2006-10 წლებში თბილისის ''დინამოში'' ასპარეზობდა, 4 ივლისს 31 წლის გახდება. საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის პრესსამსახურს ესაუბრა.

''15 წლის ასაკში თბილისის ''დინამოს'' აკადემიაში მოვხვდი. მას შემდეგ დინამოელი ვიყავი, რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. დიდი მადლობა მთავარ მწვრთნელს, ფეხბურთელებსა და კლუბის ხელმძღვანელებს, რომ გუნდში ასე კარგად მიმიღეს.

ჰოლანდიაში წასვლამდე ''დინამოს'' ფეხბურთელი ვიყავი და ეს პერიოდი განსაკუთრებულად სასიამოვნო იყო. ''დინამომ'' მომცა ყველაფერი, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი გავმხდარიყავი.

თბილისის ''დინამოში'' ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია. მათ შეუძლიათ ევროპა ლიგაზე გულშემატკივრები გააკვირვონ. მე მათი იმედი მაქვს.  მათ ''დინამოში'' შესანიშნავი პირობები აქვთ. კახა კაჭარავას სახით გუნდს საკმაოდ კვალიფიციური მწვრთნელი ჰყავს.

''ვიტესში'' 8 წელი გავატარე. ფეხბურთელის კარიერა საკმაოდ მოკლეა. სხვადასხვა გუნდების ღირებულებებისა და კულტურის გაცნობა მსურდა. აშშ-დან  მქონდა შემოთავაზება და ეს ნაბიჯი გადავდგი. MLS ჰოლანდის ჩემპიონატს არ ჩამოუვარდება. MLS ევროპულ დონეს უახლოვდება. ჩემი ასაკიდან გამომდინარეც გასაგებია რატომ გადავწყვიტე ''სან ხოსეში'' კარიერის გაგრძელება'' - აღნიშნა გურამ კაშიამ თბილისის ''დინამოს'' ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები