NBA-ის 2018 წლის დრაფტის ყველაზე საინტერესო კალათბურთელი - „სან ანტონიოს“ ლონი უოკერი
Aa
Aa

NBA-ის 2018 წლის დრაფტის ყველაზე საინტერესო კალათბურთელი - „სან ანტონიოს“ ლონი უოკერი

ლონი უოკერი IV მაღალი, ათლეტური, ჭკვიანი და ქულების მოპოვების საოცარი ნიჭით დაჯილდოებული კალათბურთელია. ლონი 2018 წლის დრაფტზე მე-18 ნომრად „სან ანტონიო სპურსმა“ აირჩია და მისი ცხოვრების ახალი ეტაპი ტეხასში დაიწყება. უოკერზე ბევრი რამის თქმა შეგვიძლია, მაგრამ აუცილებელია ყურადღება მის უცნაურ ხედვებზე გავამახვილოთ.

ლონი ყველაფერზე თამამად საუბრობს, კონსპირაციის თეორიიდან დაწყებული, ფრენკ სინატრას საუკეთესო სიმღერებით დამთავრებული. კოლეჯში მისი ინტერვიუები მუდამ სახალისო იყო და ქომაგების ერთ-ერთი საყვარელი კალათბურთელი გახლდათ.

უოკერს ყველაფრის სჯერა, მას მიაჩნია, რომ პირამიდები უცხოპლანეტელებმა ააშენეს, კაცობრიობა გიგანტური რასისგან წარმოიშვა და მთვარეზე ადამიანს ფეხი არასდროს დაუდგამს.

ლონიმ დრაფტამდე რამდენიმე საათით ადრე „ტვიტერზე“ საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა, სადაც კალათბურთელს მაილს ბრიჯისს უცნაური შეთავაზება გაუკეთა:“ჰეი მაილს ბრიჯის, ვიცი შენს სხეულში მხოლოდ 6 პროცენტი ცხიმია. მაგრამ ცხოვრებით დატკბი და დონატის საჭმელად მოდი. შემოგიერთდებოდი მაგრამ 3.75 პროცენტის შენარჩუნებას ვაპირებ“.

უოკერი უნიკალური ადამიანია და საკმაოდ არაორდინალურ თეორიებს ემხრობა.

„დედამიწა ბრტყელი ნამდვილად არაა მაგრამ ვთვლი, რომ იგი უბრალო ილუზიაა. ცაში რაღაცას რომ ხედავ იმას არ ნიშნავს, რომ ის ნამდვილად იქაა. ყველაფერი გაცილებით რთულადაა. მსოფლიოს ლიდერები ხალხს სიმართლეს უმალავენ და ტყუილში აცხოვრებენ“.

ლონი მეორე მსოფლიო ომზე.

„ჩემი ფავორიტი თეორია ჰიტლერთანაა დაკავშირებული. იგი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ არ მომკვდარა. ამხელა ქვეყნის ლიდერი თავს არცერთ შემთხვევაში მოიკლავდა. დარწმუნებული ვარ ჰიტლერი გაიქცა“.

უოკერი საკმაოდ ნიჭიერი კალათბურთელია, ფიზიკური გაბარიტები მას დაცვაში და შეტევაში კარგად თამაშის საშუალებას აძლევს. ბუნებრივია ლონის რაღაც მინუსები აქვს, მაგრამ სწორი განვითარების შემთხვევაში მას ვიქტორ ოლადიპოს და დონოვან მიჩელის ტიპის კალათბურთელად ქცევის პოტენციალი აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები