''დორტმუნდი'' მორატას შეძენას გეგმავს - გერმანული კლუბი შეთავაზებას ამზადებს
Aa
Aa

''დორტმუნდი'' მორატას შეძენას გეგმავს - გერმანული კლუბი შეთავაზებას ამზადებს

გერმანული საფეხბურთო კლუბი დორტმუნდის ''ბორუსია'' ესპანელი ფორვარდის, ალვარო მორატას გადაბირების საკითხს განიხილავს. გერმანული მედიის ცნობით ''ბორუსიას'' ხელმძღვანელები შემდეგ სეზონში გუნდის მთავარ ფორვარდად მორატას ხედავენ.

''ნისლიან ალბიონზე'' მორატას დებიუტი გასულ წელს შედგა, როცა ''არიტოკრატებმა'' ესპანელი ფორვარდი 75 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ მადრიდის ''რეალიდან'' შეიძინეს. ლონდონური კლუბის ისტორიაში 75 მილიონი სარეკორდო თანხაა.

24 წლის ფეხბურთელმა პრემიერლიგის სადებიუტო სეზონში 31 მატჩში 11 გოლი გაიტანა. მის სათამაშო ფორმაზე  სეზონის მიმდინარეობისას მიღებული ტრავმები უარყოფითად აისახა.

გერმანული Bild-ის ცნობით ''ბორუსია'' ფეხბურთელს უახლოეს პერიოდში წინადადებით მიმართავს და თავდამსხმელთან შეთანხმებას ეცდება.

ცხადია ''ჩელსიში'' გატარებული სადებიუტო სეზონი წარმატებული არ ყოფილა. ფეხბურთელისგან გაცილებით მეტს ელოდნენ. სეზონის დასრულების შემდეგ ხულენ ლოპეტეგიმ სამუნდიალო განაცხადში მორატა არ შეიყვანა.

გასულ სეზონში ''ბორუსიამ'' ''ჩელსის'' ბელგიელი შემტევი მიჩი ბაჩუაია ინათხოვრა, რომელმაც ბუნდესლიგის 10 მატჩში 7 გოლი შეაგდო, თუმცა კლუბის სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა Kicker-თან საუბარში განაცხადა, რომ ბაჩუაიას გადაბირება მათ მიზნებში არ შედის.

როგორც metro იუწყება, უახლოეს პერიოდში ''ჩელსის'' მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე პოსტს დატოვებს და მას მაურისიო სარი შეცვლის.

გასულ თვეში მორატას ''მილანში'' გადასვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია ვრცელდებოდა. Sky Italia-ს ინფორმაციით, ესპანელი შემტევის, ალვარო მორატას აგენტი, ჯუზეპე ბოცო დღეს Casa Milan-ში იმყოფებოდა, სადაც "მილანის" ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა. ბოცოს, "როსონერის" სპორტულმა დირექტორმა, მასიმილიანო მირაბელიმ და აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკო ფასონემ უმასპინძლეს.

მორატას ტრანსფერი დაახლოებით 60 მილიონ ევროდ ფასდება, უეფას ფინანსური ფეარ-პლეის გამო კი "მილანს" ამ თანხის გადახდა არ შეუძლია, ამიტომაც მხარეებმა იჯარასა და გამოსყიდვის უფლებაზე ისაუბრეს.

მორატა "ჩელსიში" გასულ ზაფხულს გადავიდა და კლუბში გატარებულ პირველ სეზონში საუკეთესო თვისებები აშკარად ვერ გამოავლინა. მან პრემიერ ლიგაში 31 მატჩი ჩაატარა, რომელთაგანაც 24 ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და ჯამში 11 გოლი გაიტანა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები