სამპაოლი ტაქტიკას ცვლის - როგორი იქნება არგენტინელთა შემადგენლობა ხორვატიასთან?
Aa
Aa

სამპაოლი ტაქტიკას ცვლის - როგორი იქნება არგენტინელთა შემადგენლობა ხორვატიასთან?

არგენტინის ნაკრები პირველ ტურში ისლანდიასთან ნათამაშები ფრის შემდეგ დიდი საფრთხის წინაშე დგას.

ხორხე სამპაოლის გუნდს ხორვატიასთან დამარცხების შემთხვევაში ჯგუფში ჩარჩენა რეალურად დაემუქრება.

უკანასკნელ დღეებში არგენტინულ პრესაში აქტიურად იწერება, რომ სამპაოლი ტაქტიკისა და შემადგენლობის გვარიანად შეცვლას გეგმავს.

ისლანდიასთან მატჩში „ალბისელესტე“ მოედანზე ძალიან ნელა გადაადგილდებოდა და შეტევების დროს სისწრაფე აშკარად აკლდა.

ყველაზე მეტი პრობლემა დაცვის ხაზში იყო, სადაც მარკოს როხო საკმაოდ არადამაჯერებლად მოქმედებდა. ერთ ეპიზოდში მისი არაზუსტი გადაცემის შემდეგ კაბალიერომ გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა.

სუსტი იყო ასევე ლუკას ბილიაც, რომლის ძირითადში დაყენება თავიდანვე დიდი შეცდომა იყო.

ბილიამ მოედნის ცენტრში პრაქტიკულად ყველა ორთაბრძოლა წააგო და მასკერანოს მეტოქის იერიშების შეჩერება მარტოს უხდებოდა.

დიდი ალბათობით, ლუკას ბილიას ჯოვანი ლო სელსო შეცვლის.

შეტევაში ყველაზე უსახურად მაქსი მესა გამოიყურებოდა. მისი და დი მარიას თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა.

არცერთი დრიბლინგი, არცერთი მწვავე გადაცემა და არცერთი დარტყმა კარისკენ - შეტევებზე მხოლოდ მესი და აგუერო ზრუნავდნენ.

სავარაუდოა, რომ ხორვატებთან შეხვედრაში მოედანზე კრისტიან პავონს ვიხილავთ, რომელიც ისლანდიასთან მატჩის მეორე ტაიმში აქტიურად ჩაერთო.

მოსალოდნელია უკანა ხაზის ცვლილებაც. არადამაჯერებელი როხოს ნაცვლად მოედანზე ფედერიკო ფასიოს ელოდებიან.

ტანმაღალ მანჯუკიჩთან და ზოგადად ფიზიკურად ძლიერ ხორვატებთან ფასიოს თამაში აუცილებელიც არის.

ასევე, არ არის გამორიცხული სალვიოს ნაცვლად განაპირა მცველად მერკადო ვიხილოთ, რომელიც უფრო დაცვითი სტილის არის.

ხორვატიის ნაკრების მაღალი კლასიდან გამომდინარე ვარაუდობენ, რომ სამპაოლი 3-4-3 სქემა გამოიყენებს.

სამი ცენტრალური მცველი - ოტამენდი, მერკადო და ტალიაფიკო.

ტალიაფიკოს დაცვის ცენტრში თამაშის გამოცდილებაც აქვს და ამასთან ერთად ის სამპაოლის დიდი სიმპათიითაც სარგებლობს, თუმცა ფასიოს არგამოყენება მაინც საკმაოდ უცნაურად მოსჩანს.

სალვიო და აკუნია მთელს ფლანგებს ჩაიბარებენ, მოედნის ცენტრში მასკერანო უკონკურენტოა, ხოლო ლო სელსოს ნაცვლად შესაძლოა ენცო პერესი ვიხილოთ, თუმცა „პსჟ“-ს ახლაგაზრდა შუახაზელზე დიდი ავანსებია გაცემული და მოსალოდნელია, რომ ის თავის შანსს ხორვატიასთან მიიღებს.

შემტევ ტრიო მესი, დი მარია, აგუეროსგან უნდა დაკომპლექტდეს, მაგრამ არ უნდა გამოვრიცხოთ პავონი, რომელმაც შესაძლოა დი მარია თადარიგში დატოვოს.

ერთი შეხედვით ყველაფერი მარტივადაა. ჩანს, თუ ვინ არის შესაცვლელი და ვინ იმსახურებს ყველაზე მეტ შანსს, მაგრამ ასე ერთი შეხედვით ფეხბურთში არაფერი ხდება.

სამპაოლიმ უკეთ იცის, თუ ვინ როგორ კონდიციებშია და საბოლოო არჩევანსაც ის გააკეთებს.

ერთი რამ კი ფაქტია - არგენტინელთა თავკაცს საწყისი ორი მატჩის ჩაგდებას არავინ აპატიებს და მას წარმოუდგენელი კრიტიკა ელის.

ყველაზე საინტერესო მაინც პაულო დიბალას ვითარებაა. ჩინებულ ფორმაში მყოფი „იუვენტუსელი“ სათამაშო 15 წუთსაც ვერ იღებს, რაც დიდი მოულოდნელობაა.

ყველამ კარგად იცის ის ცნობილი განმარტება, რომ დიბალა და მესი ერთი პოზიციების არიან და მოედანზე ერთმანეთს ზღუდავენ. არცერთ მათგანს არ შეუძლია, რომ სხვა პოზიციაზე გადავიდეს და იქ ითამაშოს.

ისმის ერთი კითხვა - ვინც დიბალას ნაცვლად თამაშობს, ისინი მესის გვერდით კარგად გამოიყურებიან? იდეალურად უწყობენ? რა თქმა უნდა, არა!

წარმოუდგენელია, რომ დიბალამ 15-20 წუთით მარჯვენა ფლანგზე , ან თუნდაც შეტევაში ნებისმიერ პოზიციაზე ვერ ითამაშოს და მაქსი მესაზე მეტი ვერ გააკეთოს.

არგენტინის ნაკრები მესის გარეშე კინაღამ მუნდიალს მიღმა დარჩა. როცა მესი მოედანზეა ყველა მას ეძებს.

სამპაოლიმ მუნიალის დაწყებამდე ასეთი რამ თქვა - „ჩვენ მხოლოდ მესის იმედად არ უნდა ვიყოთ და მუდამ მას არ უნდა ვეძებდეთ. შეტევის განვითარების რამდენიმე ვარიანტი უნდა გვქონდეს. ყველაფერს ლეო არ უნდა აკეთებდეს“.

რა მოხდა ისლანდიასთან? ციდან ვარსკვლავები არც მესის მოუწყვეტია, მაგრამ არგენტინელები ყველა შეტევისას ბურთს მესის უტოვებდნენ და ლეოს ირგვლივ გამუდმებით 3 ისლანდიელი იმყოფებოდა.

არგენტინელთა პირველ შეხვედრაზე ჟოზე მოურინიომაც ისაუბრა: „მესი მთელი მატჩის განმავლობაში 3 მცველის წინააღმდეგ თამაშობდა. ეს ძალიან რთულია. მიუხედავად რამდენიმე დარტყმისა, მას მაინც ძალიან გაუჭირდა.

ყველამ კარგად იცის, რომ არგენტინას უმაღლესი დონის შეტევა ჰყავს. როცა გუნდში მესის ყოლის ფუფუნება გაქვს და მას გამუდმებით მეტოქის 3 მოთამაშე დასდევს, ეს ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ სხვებს სივრცეები ექმნებათ და შეტევაში თავისუფლად მოქმედების საშუალება ეძლევათ.

არგენტინა ამ პლიუსს ვერ იყენებს. ყველამ ვიცით, რომ გახსნილი ფეხბურთის დროს მესის შემჩერებელი არავინაა, მაგრამ ასეთი ჩაკეტილი თამაშის დროს, როგორიც ისლანდიასთან იყო, ლეოს პრობლემები ექმნება, მაგრამ პასის გაკეთება მას ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლია.

არგენტინელთა პრობლემა ეფექტურობაშია. ისინი მეტოქის ნახევარზე ცოტას მოძრაობენ და აგრესიულობა აკლიათ, რომ არაფერი ვთქვათ იმპროვიზაციაზე.

შედეგი სამარცხვინოათუ ყველაფერი ასე გაგრძელდება, სამპაოლი სამშობლოში დაბრუნებას ვერ შეძლებს. მისი თამაშის გეგმა სამარცხვინო იყო“, დიეგო მარადონა.

ხორხე სამპაოლის გუნდს მეორე ტურში დიდი გამოცდა ელოდება და როგორც მარადონამ თქვა, თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა მას ქვეყანაში ჩასვლის საშუალებას არავინ მისცემს.

ეს რა თქმა უნდა გადაჭარბებული ნათქვამია, მაგრამ სამპაოლის ჯგუფში ჩარჩენას არავინ აპატიებს და მისი სამწვრთნელო კარიერა დასრულდება.

აქვე გეტყვით, რომ იმ შემთხვევაში თუ არგენტინა ჯგუფიდან მეორე ადგილით გავა, 1/8 ფინალში C ჯგუფის პირველადგილოსანს დაუპირისპირდება, რომელიც დიდი ალბათობით საფრანგეთი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები