''ალმერიას'' კაპიტანი დაკავებულია - თამაშების ჩაწყობაში 23 პირი მონაწილეობდა
Aa
Aa

''ალმერიას'' კაპიტანი დაკავებულია - თამაშების ჩაწყობაში 23 პირი მონაწილეობდა

საფეხბურთო კლუბ ''ალმერიას'' კაპიტანი ხორხე მორსილიო დაკავებულია. ესპანელმა სამართალდამცავებმა 32 წლის ცენტრალურ მცველს თამაშის ჩაწყობის ბრალდებით წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს.

''ვალენსიას'' საფეხბურთო სკოლის აღზრდილი სეზონის დასრულების შემდეგ შვებულების გატარებას იტალიაში გეგმავდა. მოთამაშე მაშინ დააკავეს, როდესაც გამგზავრებისთვის ემზადებოდა.

elmundo-ს ცნობით მორსილიო ჩინელებთან  ერთად ცდილობდა ფინანსური სარგებლის მიღებას. ისინი ინტერნეტის გზით დიდ თანხას გამოიმუშავებდნენ, თუმცა ფინანსურ მხარეზე ესპანური გამოცემა ინფორმაციას არ ავრცელებს. მორსილიოსთან ერთად დაკავებულია 23 პირი, რომლებიც ესპანელ ფეხბურთელთან ერთად თამაშების ჩაწყობაში მონაწილეობდნენ.

მორსილიოს ბრალი ედება რამდენიმე მატჩის ჩაწყობაში. მათ შორისაა შემდეგი ორი შეხვედრა: ''ალმერია'' - ''ხიმნასტიკი'' (2018 წლის 13 იანვარი), ''ალმერია'' - ''ალკორკონი'' ( 2018 წლის 27 მაისი). მოგეხსენებათ ''ხიმნასტიკის'' შემადგენლობაში ქართველი მცველი ოთარ კაკაბაძე ირიცხება, თუმცა მას აღნიშნულ დაპირისპირებაში მონაწილეობა არ მიუღია.

ზემოთხსენებული ჩინელები თამაშების ჩაწყობას სხვა ქვეყნებშიც ახერხებენ, თუმცა ყველაზე მეტად  ფეხი ესპანეთში მოიკიდეს. გასულ სეზონში მათ ლა ლიგა 2-ის არაერთი მატჩის ჩაწყობა მოახერხეს.

რაც შეეხება მორსილიოს, მან კარიერა ''ვალენსიაში'' დაიწყო, თუმცა ძირითად გუნდში თავის დამკვიდრება ვერ მოახერხა.  მან ლა ლიგაში მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა. 2014-15 წლების სეზონში მორსილიო ''რაიო ვალეკანოს'' ფეხბურთელი იყო. 2015 წლიდან ლა ლიგა 2-ში ''ალმერიას'' ღირსებას იცავს.

მორსილიოს გოლი ლა ლიგა 2-ის 2013-14 წლების სეზონში საუკეთესოდ მიიჩნიეს. აღნიშნულ სეზონში ფეხბურთელი ''უელვას'' მაისურით ასპარეზობდა.

მორსილიო საუკეთესო გოლის ავტორის პრიზით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები