მუნდიალი 2018: გერმანია - სრული ანალიზი - მანქანა, რომელიც გუნდურად კლავს
Aa
Aa

მუნდიალი 2018: გერმანია - სრული ანალიზი - მანქანა, რომელიც გუნდურად კლავს

"ფეხბურთი უბრალო თამაშია, სადაც 22 კაცი ერთ ბურთს დასდევს და ბოლოს გერმანია იგებს". 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ინგლისმა გერმანიასთან პენალტების სერიაში წააგო და ეს სიტყვები ინგლისელთა ლეგენდარულმა ფორვარდმა გარი ლინეკერმა სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ წარმოთქვა.

იოაჰიმ ლიოვის სიკვდილის მანქანა 2014 წლიდან დღემდე, პლანეტის ყველაზე ძლიერ ნაკრებად ითვლება.

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები რუსეთში თასის აღმართვას ზედიზედ მეორედ გეგმავენ.

გერმანია კვლავ ფავორიტთა სიაშია, თუმცა ბრაზილიის მუნდიალის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა...

საკვალიფიკაციო ეტაპი

ლიოვის გუნდმა საკვალიფიკაციო ეტაპი დამაჯერებლად გაიარა. 10-დან 10 მოგება, გატანილი 43 და გაშვებული 4 ბურთი.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გერმანელებს ჯგუფში ძლიერი მეტოქე არ ჰყავდათ, თუმცა მათთვის ეს ეტაპი პრობლემას არასდროს წარმოადგენდა.

2016 წლიდან დღემდე, გერმანელებმა 22 მატჩი მოიგეს, 7 ფრედ დაასრულეს და მხოლოდ 4-ჯერ დამარცხდნენ.

ისტორია - დომინანტი გერმანია

გერმანიის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატებზე მდიდარი ისტორია აქვს.

„ბუნდესნაკრებმა“ მუნდიალზე 18-ჯერ ითამაშა. მათი შედეგები უბრალოდ ფენომენალურია. გერმანია 4-ჯერ ჩემპიონი გახდა, 4-ჯერ ფინალში დამარცხდა და 4-ჯერ მე-3 ადგილი დაიკავა.

„ბუნდესგუნდი“ პირველად მსოფლიო ჩემპიონი 1954 წელს შვეიცარიაში გახდა. გოლების ავტორები მაქსიმილიან მორლოკი (1) და ჰელმუტ რანი გახდნენ.

დასავლეთ გერმანიის ნაკრებმა ფინალში ფერენც პუშკაშის უნგრეთს 3:2 სძლია.

 

1974 წელს მუნდიალს გერმანიამ უმასპინძლა და მოიგო კიდეც.

ფინალში ბეკენბაუერის გუნდი კრუიფის ჰოლანდიას შეერკინა და 2:1 გაიმარჯვა. ნეესკესის გოლს გერმანელთა მხრიდან პოლ ბრაიტნერმა და გერდ მიულერმა უპასუხეს.

 

1990 წელს ფრანც ბეკენბაუერი მსოფლიო ჩემპიონი ამჯერად მწვრთნელის რანგში გახდა.

გერმანიამ ფინალში მარადონას არგენტინა 85-ე წუთზე ბრემეს პენალტით დაამარცხა.

 

2014 წელი ყველას კარგად ახსოვს. იოაჰიმ ლიოვის დაუნდობელმა გუნდმა მასპინძელ ბრაზილიას ნახევარფინალი 7:1 მოუგო და „პენტაკამპეონებს“ უდიდესი ფსიქოლოგიური დარტყმა მიაყენა.

იმ მატჩის შემდეგ, სტადიონიდან სასწრაფო დახმარება 500-მა ადამიანმა გამოიძახა, აქედან 50 გულის შეტევა იყო.

ფინალში გერმანელები კარგად ნაცნობ მეტოქეს არგენტინას დაუპირისპირდნენ და დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვეს.

113-ე წუთზე მარიო გიოტცემ ანდრე შურლეს გადაცემის შემდეგ გერმანიას მე-4 თასი მოაგებინა.

 

განაცხადი - ლიოვის დიდი სიურპრიზი

მეკარეები: მანუელ ნოიერი (ბაიერნი), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა), კევინ ტრაპი (პსჟ).

მცველები: ჯერომ ბოატენგი, მატს ჰუმელსი, ნიკლას ზულე, ჯოშუა კიმიხი (ყველა - ბაიერნი), მატიას გინტერი (ბორუსია გ.), იონას ჰეკტორი (კიოლნი), მარვინ პლატენჰარდტი (ჰერტა), ანტონიო რუდიგერი (ჩელსი).

ნახევარმცველები: იულიან ბრანდტი (ლევერკუზენი), იულიან დრაქსლერი (პსჟ), ილქაი გიუნდოგანი, (მანჩესტერ სიტი), სამი ხედირა (იუვენტუსი), ტონი კროოსი (რეალი), ლეონ გორეტცკა, სებასტიან რუდი (ბაიერნი), მესუთ იოზილი (არსენალი).

თავდამსხმელები: მარიო გომესი (შტუტგარტი), მარკო როისი (ბორუსია დ.), ტომას მიულერი (ბაიერნი), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი).

ლიოვმა მთელი გერმანია შოკში ჩააგდო და მოულოდნელად ლეროი სანე განაცხადს მიღმა დატოვა.

„მანჩესტერ სიტის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გასული სეზონი ბრწყინვალედ ჩაატარა და ყველა დარწმუნებული იყო, რომ სანე მუნდიალზე ნაკრების ერთ-ერთი მთავარი დამრტყმელი ძალა იქნებოდა.

ლიოვმა მთელი სეზონის განმავლობაში “პსჟ”-ს სათადარიგოთა სკამზე მჯდომი იულიან დრაქსლერი განაცხადში შეიყვანა და ამის ფონზე, სანეს თამაშგარეში დატოვება კიდევ უფრო უცნაურია.

სხვა მხრივ განაცხადში სიურპრიზები არ ყოფილა.

ტაქტიკა - გუნდური მკვლელი

იოაჰიმ ლიოვს 4-2-3-1 ტაქტიკა ძალიან უყვარს და 90% სწორედ ამ სქემით თამაშობს ხოლმე.

ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ ვინ იქნება ძირითადი მეკარე - ნოიერი, თუ ტერ შტეგენი?

მანუელ ნოიერს მთელი სეზონი გაუცდა და ბუნებრივია ის ტონუსში არ არის.

თავის მხრივ, ტერ შტეგენს „ბარსელონაში“ შესანიშნავი სეზონი ჰქონდა და ლოგიკურად ძირითადი მეკარე ის უნდა იყოს.

საბოლოო არჩევანს ლიოვი გააკეთებს...გერმანული პრესა მაინც ნოიერისკენ იხრება.

უკანა ხაზში კითხვის ნიშნები არ არის - ჰექტორი, ჰუმელსი, ბოატენგი და კიმიხი 99%-ით ძირითადში იქნებიან.

ნახევარდაცვა „ბუნდესნაკრების“ ყველაზე ძლიერი რგოლია. სამი ხედირა და ტონი კროოსი მოედნის ცენტრს გაამაგრებენ. მათზე ოდნავ წინ მესუთ იოზილი იმოქმედებს. ხსენებულ ტრიოს ბურთის გაკონტროლება და თამაშის რიტმის მართვა დაევალება.

შემტევი ტრიო 90%-ით ცნობილია. მარცხენა ფრთიდან მარკო როისი შეუტევს. მარჯვენა ფლანგზე ტომას მიულერი ითამაშებს, რომელიც ძირითადად მეორე ფორვარდის როლს მოირგებს. ცენტრფორვარდი კი ტიმო ვერნერი იქნება.

ბურთის კონტროლი, მოკლე გადაცემები მოედნის ცენტრში

სანეს არწაყვანამ თავი კიდევ ერთხელ შეგვახსენა. ლიოვს თადარიგში მარიო გომესი, იულიან დრაქსლერი, ლეონ გორეცკა და ილქაი გიუნდოგანი ჰყავს. ალბათ ყველა ხვდება, რომ გასაჭირის დროს სათადარიგოთა სკამზე ზემოხსენებული მოთამაშეების იმედად ყოფნა არც, თუ ისე სახარბიელოა.

ნათელია, რომ მიულერი გარემარბად არ ითამაშებს და ძირითადად ის ტიმო ვერნერის ზურგს გაამაგრებს. ფლანგს კი ჩინებულ ფორმაში მყოფი ჯოშუა კიმიხი გააკონტროლებს.

რაც არ უნდა იყოს, ეს ლიოვის არჩევანია, მწვრთნელის, რომელმაც გერმანია მსოფლიო ჩემპიონი გახადა.

ლიდერები

გერმანიის ნაკრები გუნდურად თამაშობს და წარმატებასაც სწორედ ასე აღწევს.

მიუხედავად გუნდურობისა, „ბუნდესნაკრებს“ ტონი კროოსისა და მესუთ იოზილის შეცვლა მაინც ძალიან გაუჭირდება.

ეს ორი მოთამაშე ბურთის ფლობასა და შეტევების ორგანიზებას უზრუნველყოფს.

ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს მარკო როისის თამაშსაც. თუ, „დორტმუნდის“ კაპიტანი ფორმაში შევიდა, მისი გაჩერება ძალიან რთული იქნება.

როისის ინდივიდუალიზმი „ბუნდესგუნდს“ აუცილებლად სჭირდება.

მეტოქეები

შვედეთი, მექსიკა და სამხრეთ კორეა გერმანელთა ჯგუფში იმყოფებიან.

უნდა ითქვას, რომ ლიოვის გუნდს მარტივი მატჩები არ ელოდება.

შვედეთსა და მექსიკას საკმაოდ ძლიერი ნაკრებები ჰყავთ და მათ წინააღმდეგ თამაში ყველას გაუჭირდება.

სამხრეთ კორეა კი მუდამ უხერხული მეტოქეა. სწრაფი კორეელები აგრესიული სათამაშო სტილით გამოირჩევიან.

თუმცა, თუ „ბუნდესგუნდმა“ თავისი თამაში აჩვენა, ჯგუფში მათ პირველ ადგილს ვერავინ შეეცილება.

მოამზადა მამუკა კუკულაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები