ინძაგი და
Aa
Aa

ინძაგი და "ბოლონია" გაოფიციალურდა! - "პიპო" სერია A-ს უბრუნდება

იტალიური "ბოლონიას" ოფიციალური საიტის თანახმად, ფილიპო ინძაგიმ კლუბის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებას მიაღწია და "როსობლუსთან" კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

ამის შესახებ სპეციალური პრესკონფერენცია ხვალ გაიმართება, რომელიც "რენატო დალ'არას" საპრესკონფერენციო დარბაზში ჩატარდება.

"პიპო" ბოლონიურ კლუბში ახალ სამწვრთნელო შტაბს შექმნის, რომლის შედარებით ცნობადი წევრებიც, ნიკოლო პრანდელი და ლუკა ბუჩი იქნებიან. პირველი მათგანი, იტალიის ნაკრების ყოფილი თავკაცის, ჩეზარე პრანდელის ვაჟია და "ბოლონიას" ფეხბურთელთა ფიზიკურ მომზადებაზე იზრუნებს, ხოლო მეორე, ახლო წარსულში, სერია A-ს არაერთი კლუბის მეკარე გახლდათ და "როსობლუშიც" შესაბამისი ფუნქცია ექნება - გოლკიპერთა მწვრთნელის.

ფილიპო ინძაგი 2013-14 წლებში "მილანის" ახალგაზრდულ გუნდში მუშაობდა, შემდეგ სეზონში კი "როსონერის" მთავარ გუნდს წვრთნიდა. 

მან, 2016 წლის ივნისში, "ვენეცია" ჩაიბარა და პირველსავე სეზონში კლუბს იტალიის სერია C და Coppa Italia Lega Pro მოაგებინა. დასრულებულ სეზონში კი სერია B-ში მე-5 ადგილზე გაიყვანა და ფლეი-ოფის გზით, უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად ბრძოლის რეალური შანსი არსებობდა.

თუკი უშუალოდ სტატისტიკას გადავხედავთ, ინძაგიმ მწვრთნელის რანგში, სერია A-ს 38-დან 13 მატჩი მოიგო, 13 ფრედ დაასრულა და 12 წააგო, სერია B-ში კი 45-დან 18 მოიგო, 17 ფრედ დაასრულა და 10 წააგო.

შეგახსენებთ, ბოლონიას" მთავარი მწვრთნელის პოსტი, რობერტო დონადონიმ, სეზონის დასრულებისთანავე დატოვა. "როსობლუმ" 2017-2018 წლების სეზონი, სერია A-ს ცხრილის მე-15 ადგილზე დაასრულა.

გუნდს იტალიის ჩემპიონატი 7-ჯერ აქვს მოგებული, 2-ჯერ ქვეყნის თასის გამარჯვებულია, 1998 წელს კი "ინტერტოტოს თასის" საჩემპიონო ტიტული აქვს მოპოვებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები