ზიდანის შემცვლელი ცნობილია - ''რეალს'' ლოპეტეგი გაწვრთნის
Aa
Aa

ზიდანის შემცვლელი ცნობილია - ''რეალს'' ლოპეტეგი გაწვრთნის

საფეხბურთო კლუბ მადრიდის ''რეალის'' მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხულენ ლოპეტეგი იმუშავებს. მან ''სამეფო კლუბთან'' სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ინფორმაციას ესპანური გრანდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ლოპეტეგი მუნდიალის დასრულების შემდეგ ესპანურ გუნდს უხელმძღვანელებს.

ლოპეტეგი ასევე წვრთნიდა ''რაიო ვალეკანოს,'' ''პორტუსა'' და ესპანეთის ასაკობრივ ნაკრებებს.  2016 წლიდან ლოპეტეგი ესპანეთის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელია. მისი ხელმძღვანელობით ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი წარმატებით დაძლია და რუსეთის 2018 წლის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა.

შეგახსენებთ, მადრიდის ''რეალის'' მთავარი მწვრთნელის პოსტი ზინედინ ზიდანმა გასულ თვეში დატოვა. ფრანგმა სპეციალისტმა ''რეალის'' სათავაში ყოფნისას ზედიზედ სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგის გათამაშება.

''სამეფო კლუბის'' პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მთავარი მწვრთნელის პოსტზე ასევე განიხილავდა არსენ ვენგერის, ვილაშ ბოაშის, გუტისა და ანტონიო კონტეს კანდიდატურებს, თუმცა საბოლოოდ არჩევანი 51 წლის ესპანელ სპეციალისტზე გაკეთდა.

ლოპეტეგი 1985-88 წლებში მადრიდის ''რეალის'' სარეზერვო გუნდში თამაშობდა, თუმცა ძირითად გუნდში დამკვიდრება ვერ მოახერხა. ასევე თამაშობდა ''ლას პალმასსა'' და ''ლოგრონესში.'' 1994 წელს ლოპეტეგი ''რეალის'' ყველაზე პრინციპული მეტოქის,  ''ბარსელონას'' ფეხბურთელი გახდა, თუმცა ისევე როგორც ''რეალში,'' ასევე კატალონიურ გუნდში შესაძლებლობები ვერ გამოავლინა.

ლოპეტეგის უთამაშია ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებში. ამპლუით მეკარემ 1994 წელს 1 მატჩი ეროვნულ გუნდში ჩაატარა. მან 3 შეხვედრაში ბასკეთის ნაკრების მაისურით მიიღო მონაწილეობა.

ლოპეტეგი ''ბარსელონას'' მაისურში

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები