გორგოძემ ესენის ტურნირზე პირველი მატჩი მოიგო
Aa
Aa

გორგოძემ ესენის ტურნირზე პირველი მატჩი მოიგო

ეკატერინე გორგოძემ, გერმანიის ქალაქ ესენში მიმდინარე 25 000-იან ტურნირზე, პირველი შეხვედრა წარმატებით დაასრულა.

ქართველი ჩოგბურთელი, რომელიც ტურნირზე მე-5 ნომრადაა განთესილი, საწყის რაუნდში ადგილობრივ კვალიფიკანტ კატარინა გერლახს დაუპირისპირდა და 3 სეტში, 6:0; 1:6; 6:1 იმარჯვა.

თამაში საათსა და 44 წუთს გაგრძელდა. ეკომ 1 ეისი მოაწოდა და 1 ორმაგი შეცდომა დაუშვა. მას პირველი მოწოდების საკმაოდ მაღალი პროცენტი ჰქონდა - 75%, რის შემდეგაც ქულების 66% მოიგო. რაც შეეხებას მე-2 მოწოდებას, გათამაშებული 16 ქულიდან 10 თავის სასარგებლოდ დაასრულა, რაც 63%-ს უდრის.

26 წლის გორგოძე, ტურნირის შემდეგ რაუნდში, კიდევ ერთ კვალიფიკანტს შეხვდება - 17 წლის იაპონელ, იუკი ნაიტოს.

ესენის ტურნირზე პირველ ნომრად ცნობილი შვეიცარიელი, პატი შნიდერია განთესილი, რომელიც უკვე 39 წლისაა. იგი წლების წინ საკმაოდ მაღალ დონეზე თამაშობდა და ერთი პერიოდი მსოფლიოს მე-7 ჩოგანიც იყო, ახლა კი 148-ეა.

შეგახსენებთ, რომ ეკო გორგოძე, ქალთა შორის, საქართველოს პირველი ჩოგანია. იგი WTA-ს ამჟამინდელ კლასიფიკაციაში 260-ე ადგილზეა. სოფია შაფათავა 413-ე პოზიციაზე იმყოფება, მარიამ ბოლქვაძე კი - 479-ზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები