ფრედი ლიუნგბერგის დაბრუნება - ''არსენალი'' განსაკუთრებული ადგილია''
Aa
Aa

ფრედი ლიუნგბერგის დაბრუნება - ''არსენალი'' განსაკუთრებული ადგილია''

ლონდონოს ''არსენალში'' ფრედი ლიუნგბერგი დაბრუნდა. შვედი, რომელიც 1998-2007 წლებში ''არსენალის'' ღირსებას იცავდა, ახალი სეზონიდან ''მეთოფეთა'' 23 წლამდე გუნდს უხელმძღვანელებს.

ლიუნგბერგმა ფეხბურთელის კარიერა 2014 წელს ინდოეთის ჩემპიონატში, ''მუმბაი სიტიში'' დაასრულა. 2016 წელს 41 წლის სპეციალისტი ''არსენალის'' 15 წლამდე გუნდს წვრთნიდა, შემდეგ წელს კი ''ვოლფსბურგის'' მთავარი მწვრთნელის, ანდრის იონკერის ასისტენტად დაინიშნა.

''მოხარული ვარ ''არსენალში'' დაბრუნებით. ჩემთვის ''არსენალი'' ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი იყო. აღელვებული ვარ რომ''არსენალში'' მუშაობის შესაძლებლობა მომეცა. მოუთმენლად ველი სამუშაოს დაწყებას ნიჭიერ ფეხბურთელებთან. მაქსიმალურად ვეცდები მათი პროგრესი გაგრძელდეს და საუკეთესო ფეხბურთელები გახდნენ'' - განაცხადა შვედმა ''არსენალის'' ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში.

პერ მერტესაკერმა, რომელმაც გასულ სეზონში ფეხბურთელის კარიერა დაასრულა და ''არსენალის'' აკადემიის მენეჯერად დაინიშნა, კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში აღნიშნა: ''დიდებულია ფრედის ''არსენალში'' დაბრუნება. ის ფეხბურთელებს გადასცემს დიდი გამოცდილებისგან მიღებულ ცოდნას. მას კარგად ესმის რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდა ფეხბურთელის გაზრდა და განვითარება.''

არსენ ვენგერთან მუშაობის 9-წლიან პერიოდში ლიუნგბერგმა პრემიერლიგის გათამაშება ორჯერ მოიგო და სამჯერ გაიმარჯვა ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში.

2003-04 წლების სეზონში ''არსენალმა'' პრემიერლიგა დაუმარცხებლად მოიგო. აღნიშნულ სეზონში ლიუნგბერგი ''მეთოფეთა'' ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო.

ლიუნგბერგი ''არსენალის'' გარდა კიდევ ერთ ინგლისურ კლუბში, ლონდონის ''ვესტ ჰემში'' თამაშობდა. მან პრემიერლიგის 241 მატჩში 48 გოლი შეაგდო და 29 საგოლე გადაცემა შეასრულა. ის ასევე ირიცხებოდა ''ჰალმშტადის,'' ''სიეტლის,'' ''ჩიკაგოს,'' გლაზგოს ''სელტიკის,'' იაპონური ''სიმიძუსა'' და ინდური ''მუმბაი სიტის'' შემადგენლობაში.

რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, მან მსოფლიოს 2002 და 2006 წლების მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე ითამაშა. ასევე ლიუნგბერგი ევრო 2000-სა და ევრო 2004-ზე ვიხილეთ. ეროვნული ნაკრების მაისურით ჩატარებულ 75 შეხვედრაში 14 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები