თევზაძე ''დინამოდან'' სლოვაკეთში წავიდა - გრიგალაშვილის მორიგი გოლი უზბეკეთში
Aa
Aa

თევზაძე ''დინამოდან'' სლოვაკეთში წავიდა - გრიგალაშვილის მორიგი გოლი უზბეკეთში

თბილისის ''დინამოს'' ყოფილი ფეხბურთელი გიორგი თევზაძე კარიერას სლოვაკურ ''ჟილინაში'' გააგრძელებს. ფეხბურთელმა თბილისურმა გუნდთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა, შემდეგ კი სლოვაკეთში გაემგზავრა და ''ჟილინასთან'' კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

''ჩემი პირველი შთაბეჭდილებები პოზიტიურია. ''ჟილინას'' სტადიონი დიდებულია და ვფიქრობ სწორი არჩევანი გავაკეთე. მსურს ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვავლინო. მოუთმენლად ველი ახალი სეზონის დაწყებას, პირველ შეხვედრას ახალ თანაგუნდელებთან.

ჩემი ყოფილი თანაგუნდელები სლოვაკეთში თამაშობენ და ვიცი რომ ''ჟილინა'' სლოვაკეთში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. იმედი მაქვს ორ წელში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოვხვდებით'' - აღნიშნა თევზაძემ ''ჟილინას'' ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში.

გასული სეზონის ფორტუნა ლიგაში ''ჟილინამ'' მეოთხე ადგილი დაიკავა და ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა.

გრიგალაშვილმა მე-13 მატჩში მე-7 გოლი გაიტანა

უზბეკეთის სუპერლიგის მე-15 ტურში ''ქიზილქუმმა'' შინ 2:0 დაამარცხა ''სოგდიანა.'' გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში გიორგი კვესიეშვილმა და ელგუჯა გრიგალაშვილმა 90 წუთი ითამაშეს.

48-ე წუთზე გრიგალაშვილის დარტყმით ანგარიში გაიხსნა. 28 წლის ნახევარმცველმა უზბეკეთის ჩემპიონატის მე-13 შეხვედრაში მე-7 გოლი გაიტანა.

12-გუნდიან ჩემპიონატში ''ქიზილქუმი'' 16 ქულით მე-8 ადგილზეა.


 

შეგახსენებთმ ელგუჯა გრიგალაშვილი სუპერლიგის პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ასევე, მისი გოლი პირველ წრეში საუკეთესოდ აღიარეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები