25 მილიონი ევრო ურუგვაელ ნახევარმცველში - ''არსენალი'' მოლაპარაკებას აწარმოებს
Aa
Aa

25 მილიონი ევრო ურუგვაელ ნახევარმცველში - ''არსენალი'' მოლაპარაკებას აწარმოებს

საფეხბურთო კლუბი ლონდონის ''არსენალი'' ლუკას ტორეირას ტრანსფერთან დაკავშირებით გენუის ''სამპდორიასთან'' მოლაპარაკებას აწარმოებს.

''მეთოფეთა'' ახალი მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი გუნდის გაძლიერებაზე ფიქრობს. მისი აზრით 22 წლის ურუგვაელი საყრდენი ნახევარმცველი გუნდს დიდ დახმარებას გაუწევს.

''ნებისმიერ გუნდს შეუძლია ტორეირას ტრანსფერზე მოგვმართოს, მაგრამ მათ უნდა დააკმაყოფილონ კონტრაქტით განსაზღვრული პირობა. ტორეირას გადაბირება 25 მილიონი ევრო ღირს'' - აღნიშნა კლუბის პრეზიდენტმა მასიმო ფერერომ.

ამჟამად ტორეირა ურუგვაის ეროვნულ ნაკრებთან ერთად მუნდიალისთვის ემზადება. 2013 წლიდან ტორეირა იტალიაში ასპარეზობს. თავდაპირველად ''პესკარას'' სარეზერვო გუნდში თამაშობდა, შემდეგ კი პირველ გუნდში დააწინაურეს. 2016 წლიდან ტორეირა ''სამპდორიას'' ფეხბურთელია. ''სამპდორიამ'' ტორეირა 1,5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.

გასულ სეზონში ტორეირამ სერია ა-ს მხოლოდ 2 მატჩი გამოტოვა. მან 36 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მის ანგარიშზე 4 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

შეგახსენებთ, ''არსენალმა'' თავისუფალი აგენტის სტატუსით შტეფან ლიხშტაინერი გაიფორმა. ასევე, ლონდონურმა კლუბმა ''დორტმუნდის'' მცველ სოკრატის პაპასტატოპულოსთან მიაღწია შეთანხმებას. ''არსენალი'' ბერძენ მცველს შემდეგ თვეში წარადგენს. ინგლისური კლუბი ლისაბონის ''ბენფიკას'' გარემარბ ჟელსონ მარტინშითაა დაინტერესებული.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები