თილისმა, ლოგო, ბურთი, ჰიმნი, ფინანსები და სტატისტიკა - ყველაფერი მუნდიალის შესახებ...
Aa
Aa

თილისმა, ლოგო, ბურთი, ჰიმნი, ფინანსები და სტატისტიკა - ყველაფერი მუნდიალის შესახებ...

2006 წლის შემდეგ, მუნდიალი ევროპაში ბრუნდება! 14 ივნისს, მსოფლიოს რიგით 21-ე საფეხბურთო ჩემპიონატი, მოსკოვში ოფიციალურად გაიხსნება.

ჩემპიონატში მონაწილეობას ევროპიდან 14, სამხრეთ ამერიკიდან, აზია-ოკენეთიდან და აფრიკიდან 5-5, ხოლო ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკიდან 3 ნაკრები მიიღებს.

ტურნირზე მთლიანობაში 736 ფეხბურთელი ითამაშებს. ყველაზე მეტი, 129 წარმომადგენელი ინგლისის ჩემპიონატს ჰყავს, 81 კაცით ესპანეთის ლიგაა წარმოდგენილი, 67-ით გერმანიის, 58-ით იტალიის, 49-ით საფრანგეთის, ხოლო 36-ით რუსეთის ჩემპიონატი.

რაც შეეხება უშუალოდ კლუბებს, "მანჩესტერ სიტიმ" მუნდიალზე 16 მოთამაშე გაუშვა, მადრიდის "რეალმა" 15, "ბარსელონამ" 14, "პარი სენ ჟერმენმა" და "ტოტენჰემმა" 12-12, "ჩელსიმ", "ბაიერნმა", "იუვენტუსმა" და "მანჩესტერ იუნაიტედმა" კი - 11-11.

არგენტინელი მწვრთნელები - ექტორ კუპერი (ეგვიპტე), რიკარდო გარეკა (პერუ), ხორხე სამპაოლი (არგენტინა) და ხოსე პეკერმანი (კოლუმბია), თავიანთ ქვეყანას სხვებთან შედარებით უპირატესობას უქმნიან. ხულენ ლოპეტეგის (ესპანეთი), რობერტო მარტინესისა (ბელგია) და ხუან ანტონიო პიცის სახით, ესპანეთი 3 სპეციალისტითაა წარმოდგენილი, 2 წარმომადგენელი კი, კოლუმბიას, საფრანგეთს, გერმანიასა და პორტუგალიას ჰყავს.

სულ 64 მატჩი გაიმართება, რომლებიც 11 ქალაქის 12 სხვადასხვა სტადიონზე ჩატარდება, გახსნითი და ფინალური დაპირისპირება კი მოსკოვის "ლუჟნიკების" სახელობის სტადიონზე შედგება.

მოსკოვი - "ლუჟნიკები" - 81 000 მაყურებელი

მოსკოვი - "ოტკრიტიე არენა" - 45 360 მაყურებელი

სანქტ-პეტერბურგი - "კრესტოვსკი" - 68 134 მაყურებელი

სოჭი - "ფიშტის ოლიმპიური" - 47 659 მაყურებელი

სამარა - "კოსმოს არენა" - 44 918 მაყურებელი

ყაზანი - "ყაზან არენა" - 45 379 მაყურებელი

როსტოვი - "როსტოვ არენა" - 45 000 მაყურებელი

ნიჟნი-ნოვგოროდი - "ნიჟნი-ნოვგოროდი" - 44 899 მაყურებელი

კალინინგრადი - "კალინინგრადი" - 35 212 მაყურებელი

ვოლგოგრადი - "ვოლგოგრად არენა" - 45 568 მაყურებელი

ეკატერინბურგი - "ცენტრალური" - 35 696 მაყურებელი

სარანსკი - "მორდოვია არენა" - 44 442 მაყურებელი 

თავდაპირველად, რუსეთის მთავრობამ, მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად, 20 მილიარდ დოლარიანი ბიუჯეტი განსაზღვრა, თუმცა როგორც შემდეგ გაირკვა, საამისოდ 10 მილიარდიც საკმარისი იყო. აღსანიშნავია, რომ მოსამზადებელი თანხის დაახლოებით ნახევარი ანუ 5 მილიარდი დოლარი, საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას მოხმარდა.

სხვადასხვა ქვეყნებიდან მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებად ჩასულ გულშემატკივრებს, სპეციალური FAN ID-ის შეძენა შეეძლებათ, რომლის დახმარებითაც ტურნირის მასპინძელ ქალაქებში, უშუალოდ მატჩების დღეებში, მატარებლითა და სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ გადაადგილდებიან.

მსოფლიო ჩემპიონატის სრული საპრიზო თანხა 400 მილიონი ამერიკული დოლარია. ტურნირის გამარჯვებული 38 მილიონს მიიღებს, ფინალისტი 28 მილიონით დაჯილდოვდება, მე-3 ადგილზე გასულ ნაკრებს 24 მილიონი ერგება, მე-4 ადგილოსანს კი - 22 მილიონი. 1/4 ფინალში დამარცხებულებს - 16-16 მილიონი, 1/8 ფინალში წაგებულებს - 12-12 მილიონი, ხოლო ჯგუფურ ეტაპზე დარჩენილ გუნდებს 8-8 მილიონი ჩაერიცხებათ.

რუსეთში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის ლოგო 2014 წლის 28 ოქტომბერს გამოაქვეყნეს. ქვეყნის სპორტის მინისტრის, ვიტალი მუტკოს განცხადებით, ლოგოში, რუსეთის მდიდარი ხელოვნების ტრადიციების ისტორია, თანამედროვეობას ერწყმის. ლოგოს, რომელიც პორტუგალიურმა კომპანია Brandia Central-მა შექმნა, Dusha ეწოდება, რაც რუსულ ენაზე სულს ნიშნავს.

ჩემპიონატის ოფიციალური თილისმა 2016 წელს ხმის მიცემის შედეგად შეირჩა. კატას, ვეფხვსა და მგელს შორის, მილიონზე მეტი ადამიანის ხმა მგელმა მიიღო და მუნდიალის თილისმად დასახელდა. ჩემპიონატის თილისმას "ზაბივაკა" დაარქვეს და მის დიზაინზე, უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის კონკურსი ჩატარდა.

მსოფლიო ჩემპიონატის ბურთი Telstar 18 იქნება, რომელსაც, ტრადიციულად, "ადიდასი" დაამზადებს. გერმანული კომპანია მუნდიალის ბურთებს 1970 წლიდან ამზადებს.

ტურნირის ოფიციალური სიმღერა Live It Up-ია, რომელსაც ნიკი ჯემისთან და ერა ისტრეფისთან ერთად, პოპულარული ამერიკელი მსახიობი, უილ სმიტი ასრულებს. 

მოამზადა ირაკლი ფოფხაძემ 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები