''სან ხოსე'' კაშიას მიმდინარე კვირაში წარადგენს - შეთანხმება თითქმის მიღწეულია
Aa
Aa

''სან ხოსე'' კაშიას მიმდინარე კვირაში წარადგენს - შეთანხმება თითქმის მიღწეულია

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გურამ კაშია ახლოსაა ''სან ხოსეში'' გადასვლასთან. quakesepicenter-ის რედაქტორი ჟოელ სორია აცხადებს, რომ მოლაპარაკება დასრულებასთან ახლოსაა, თუმცა საბოლოო შეთანხმება ჯერ არ მიღწეულა. სორიას თქმით სავარაუდოდ კაშიას მიმდინარე კვირის ბოლოს წარადგენენ. აღნიშნულ ინფორმაციას MLS-ის ოფიციალური ვებგვერდიც ავრცელებს.

''სან ხოსეში'' გამოდის არნემის ''ვიტესის'' ყოფილი ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი. მან მიმდინარე სეზონში MLS-ის 14 მატჩში 3 გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასი შეასრულა.

მიმდინარე სეზონში ''სან ხოსეს'' დაცვის ხაზი ძალიან სუსტად გამოიყურება. MLS-ის 14 მატჩში ყაზაიშვილის გუნდის კარში 29 გოლი გავიდა, რაც ჩემპიონატში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. კალიფორნიულ კლუბს კაშიას დამატებით გუნდის გაძლიერება სურს.

დასავლეთ კონფერენციის 12-გუნდიან გათამაშებაში ''სან ხოსე'' 9 ქულით მე-11 ადგილზეა. გასულ ტურში ყაზაიშვილის გუნდმა ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო, ქართველმა ფეხბურთელმა კი თავი გოლით გამოიჩინა (იხილეთ)

გურამ კაშია „ვიტესის“ რიგებში 2010 წელს თბილისის „დინამოდან“ გადავიდა. არნემულმა კლუბმა 2016-17 წლების სეზონში 125-წლიანი ისტორიის მანძილზე პირველი ტიტული მოიგო და ჰოლანდიის თასი მისმა ქართველმა კაპიტანმა აღმართა.

გასულ სეზონში გურამ კაშიამ თეო იანსენის 242-მატჩიანი რეკორდი დაამხო. კაშია ''ვიტესის'' ისტორიაში ჰოლანდიის ერედივიზიაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდსმენია. რეკორდი ქართველმა კაპიტანმა მიმდინარე წლის 18 აპრილს ''ალკმაართან'' შეხვედრაში დაამყარა, როცა არნემული გუნდისთვის ჰოლანდიის ჩემპიონატში 243-ე შეხვედრა ჩაატარა.

2011-16 წლებში ''ვიტესში'' ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია თანაგუნდელები იყვნენ

ეროვნული ნაკრების შეკრება: გურამ კაშია, ვაკო ყაზაიშვილი და კახა ცხადაძე

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები