პაპუნაშვილის ახალი კონტრაქტი - გამოსასყიდი თანხა 10 მილიონი ევროა
Aa
Aa

პაპუნაშვილის ახალი კონტრაქტი - გამოსასყიდი თანხა 10 მილიონი ევროა

ესპანური მედიის ცნობით, საფეხბურთო კლუბ ''სარაგოსას'' ქართველი ფეხბურთელი გიორგი პაპუნაშვილი კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს.  ოთხწლიანი ხელშეკრულების მიხედვით, პაპუნაშვილი ესპანური გუნდის ღირსებას  2022 წლამდე დაიცავს.

zaragoza.eldesmarque-ზე ვკითხულობთ რომ 22 წლის ქართველმა შემტევმა ლა ლიგა 2-ში ბრწყინვალე სადებიუტო სეზონი ჩაატარა და ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ახალი კონტრაქტის მიხედვით, პაპუნაშვილით დაინტერესებულ კლუბს 10 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. ცხადია, ფეხბურთელის ხელფასი გაიზრდება, თუმცა ზუსტი ოდენობა უცნობია.

გასულ სეზონში პაპუნაშვილი გოლების რაოდენობით მხოლოდ ერთ თანაგუნდელს, ბორხა იგლესიას ჩამორჩა. პაპუნაშვილმა ლა ლიგა 2-ში 7 გოლი შეაგდო და 1 გოლი სამეფო თასზე გაიტანა.

მიუხედავად იმისა რომ აღნიშნული გამოცემა პაპუნაშვილის სეზონს წარმატებულად აფასებს, უნდა ითქვას რომ ქართველმა ფეხბურთელმა ფლეი-ოფის გადამწყვეტ შეხვედრაში ორი ასპროცენტიანი შანსი ვერ გამოიყენა და მატჩი აშკარად ჩააგდო.

შეგახსენებთ, ესპანეთის ლა ლიგაში აღზევებისთვის მებრძოლი ''სარაგოსა'' ფლეი ოფის გადამწყვეტ მატჩში  1:2 დამარცხდა ''ნუმანსიასთან.'' პირველი შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ასე რომ ''სარაგოსა'' შემდეგ სეზონში კვლავ ლა ლიგა 2-ში ითამაშებს.

64-ე წუთზე ''ნუმანსია'' დაწინაურდა, მე-80 წუთზე ანგარიში გათანაბრდა, თუმცა პირველ დამატებულ წუთზე ''ნუმანსიას'' ფეხბურთელმა დიამანკამ გამარჯვების გოლი შეაგდო და პაპუნაშვილის გუნდმა ლა ლიგაში აღზევების შანსი დაკარგა.

22 წლის ქართველმა შემტევმა 90 წუთი ითამაშა. მას გოლის გატანის ორი ასპროცენტიანი შანსი ჰქონდა, თუმცა ანგარიშის გახსნა ვერ მოახერხა.

პაპუნაშვილმა შესაძლებლობები ვერ გამოავლინა და sofascore-მა 6,3 ქულა დაუწერა, რაც ნიშნავს რომ თანაგუნდელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი იყო.

''მაპატიეთ ''სარაგოსას'' ქომაგებო, ლა ლიგაში თამაშის ოცნება ვერ აგისრულეთ, მაგრამ მე ამაყი ვარ თქვენი მხარდაჭერით, რაც კიდევ უფრო დიდ ძალას მოგვცემს, გაგვაძლიერებს. ვიაროთ წარმატების გზაზე, რასაც ''სარაგოსა'' იმსახურებს. გავიხედოთ წინ, ერთად ყველაფერს შევძლებთ. მე თქვენ მიყვარხართ'' - მატჩის შემდეგ პაპუნაშვილმა instagram-ის გვერდზე დაწერა.

Marca პაპუნაშვილის მომენტზე: "იკერ კასილასისა და არიენ რობენის ეპიზოდის გამეორება"

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები