პატრიკ კლუივერტის ვაჟი
Aa
Aa

პატრიკ კლუივერტის ვაჟი "რომაში" ითამაშებს

იტალიური „რომა“ სატრანსფერო ბაზარზე ყველაზე აქტიურია და მომავალი სეზონისათვის რიგით მე-4 ფეხბურთელი დაიმატა.

გუშინ საღამოს ცნობილი გახდა, რომ ამსტერდამის „აიაქსისა“ და ჰოლანდიის ნაკრების შემტევი, ჯასტინ კლუივერტი კარიერას სწორედ „ჯალოროსის“ რიგებში გააგრძელებს.

ახალგაზრდა კლუივერტს არაერთი ევროპული გრანდი ეპატიჟებოდა, იტალიელებმა კი მის სანაცვლოდ დაახლოებით 20 მილიონი ევრო გაიღეს და სატრანსფერო შეთანხმებასაც მიაღწიეს. კლუბი 18 მილიონ ევროს საწყის ეტაპზე გადაიხდის, შემდეგ კი დარჩენილ 2 მილიონს ბონუსების სახით დაფარავს. საგულისხმოა, რომ „რომა“ კონტრაქტში პუნქტის ჩადებას აპირებს, რომლის თანახმადაც, კლუივერტის სამომავლო ტრანსფერის თანხის 9% კლუბს უნდა ჩაერიცხოს.

19 წლის ჯასტინი რომში გუშინ იბიცადან ჩავიდა, სადაც არდადეგებს ატარებდა. მას იტალიის დედაქალაქის აეროპორტში „რომას“ 500-მდე გულშემატკივარი დახვდა.

კლუივერტმა სამედიცინი შემოწმება დღეს უნდა გაიაროს. იგი ახალ კლუბთან 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს, წლიურ ხელფასად კი 2 მილიონ ევროს აიღებს.

პატრიკ კლუივერტის ვაჟმა ჰოლანდიის ჩემპიონატის გასული სეზონის 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 10 გოლთან ერთად 5 საგოლე პასი მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ კლუივერტის ტრანსფერამდე „რომამ“ ბრაიან კრისტანტე, ანტე ჩორიჩი და ივან მარკანო დაიმატა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები