მუნდიალი 2018: არგენტინა - სრული ანალიზი - მესის თაობის ბოლო შანსი
Aa
Aa

მუნდიალი 2018: არგენტინა - სრული ანალიზი - მესის თაობის ბოლო შანსი

4 წლიანი ლოდინის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის დრო დადგა - სულ მალე მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღება რუსეთისკენ იქნება მიმართული.

CrystalSport-ი გთავაზობთ მუნდიალის მონაწილეთა წარდგენას.

„მესის თაობა“ - „ალბისელესტეს“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ალფიო ბასილემ (2006-2008) თავის ბიოგრაფიულ წიგნში ნაკრები სწორედ ასე მოიხსენია.

ლეო მესისთვის, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობის დროს (24 ივნისს) 31 წლის გახდება, შესაძლოა ეს ბოლო სანაკრებო შანსი იყოს.

ნაკლებად წარმოსადგენია 35 წლის მესი ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე, თუმცა თავად ლეოს თქმით, რუსეთში წარუმატებლობის შემთხვევაში ის ნაკრებში თამაშს მაინც გააგრძელებს.

გზა რუსეთამდე - არგენტინელთა რთული საკვალიფიკაციო ეტაპი

არგენტინის ნაკრებმა საკმაოდ რთული საკვალიფიკაციო ეტაპი გამოიარა.

2016 წლის 25 მარტს დაწყებული შესარჩევი, 2017 წლის 11 ნოემბერს დასრულდა. ამ დროის განმავლობაში „ალბისელესტემ“ 3 მწვრთნელი გამოიცვალა.

ხერარდო „ტატა“ მარტინოს შემდეგ ნაკრებს სათავეში ედგარდო ბაუსა ჩაუდგა.

ბაუსას ფორმაციის ნაკრები ძალიან დაბალი დონის ფეხბურთს აჩვენებდა და მოვლენების ასეთი განვითარება თავიდანვე მარტივად გამოსაცნობი იყო.

ბაუსას მოხსნის შემდეგ ნაკრები ხორხე სამპაოლიმ ჩაიბარა, რომელსაც ბევრი იმედის თვალით უყურებდა.

არგენტინის ნაკრების თამაში ჯერჯერობით მუნდიალის ფავორიტის სტატუსისგან ძალიან შორსაა.

ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ საკვალიფიკაციო ეტაპზე „ალბისელესტეს“ მესის გარეშე რამდენიმე მატჩის ჩატარება მოუხდა და ვერცერთის მოგება ვერ მოახერხა.

ამ ფაქტმა საფეხბურთო სამყარო და განსაკუთრებით მთელი არგენტინა საბოლოოდ დაარწმუნა, რომ „რწყილის“ (მესის ზედმეტსახელი) გარეშე ნაკრები სერიოზულ ძალას არ წარმოადგენს.

შესარჩევის ბოლო ტურამდე სამპაოლის გუნდს რუსეთის საგზური განაღდებული არ ჰქონდა.

ეკვადორში მესის ჰეთ-თრიკმა ყველაფერი გადაწყვიტა - არგენტინამ საგზური მიიღო.

 

საინტერესოა სტატისტიკა, რომელიც არგენტინელთა შედეგებს ასახავს. როგორ თამაშობს ნაკრები მესისთან ერთად და მის გარეშე?

2016 წლის 16 ნოემბრის შემდეგ არგენტინის ნაკრების ოფიციალურ შეხვედრებში მესის გარდა გოლის გატანას ვერავინ ახერხებს.

2016 წლის 16 ნოემბერს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრაში არგენტინამ კოლუმბიას უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. ანგარიში მესის ულამაზესი ჯარიმით გაიხსნა, შემდეგ ლეომ 2 საგოლე გადაცემა პრატოსა და დი მარიას გაუკეთა და "ალბისელესტემ" აუცილებელი 3 ქულა მოიპოვა. ამ დღის შემდეგ 19 თვე გავიდა და გოლები მხოლოდ ლეო მესის ანგარიშზეა.

მგონი ყველაფერი ნათელია...

არგენტინის სამუნდიალო ისტორია

არგენტინის ნაკრებმა ისტორიის მანძილზე მსოფლიო ჩემპიონატზე 17-ჯერ ითამაშა.

სეზარ ლუის მენოტის გუნდი 1978 წელს მასპინძლის რანგში ჩემპიონი გახდა. არგენტინელებმა ფინალში ჰოლანდიის დამარცხება შეძლეს.

 

1986 წელს კარლოს ბილარდოსა და დიეგო არმანდო მარადონას ფორმაციის ნაკრებმა მუნდიალის მოგება მეორედ შეძლო.

„ალბისელესტემ“ ფინალში დასავლეთ გერმანიას 3:2 სძლია.

 

1990 წელს ბილარდომ არგენტინა კვლავ ფინალში გაიყვანა და მათი მეტოქე ამჯერადაც გერმანიის ნაკრები იყო.

მარადონამ ფინალის ზედიზედ მეორედ მოგება ვერ შეძლო. გერმანიამ 85-ე წუთზე ანდრეას ბრემეს გოლის წყალობით გაიმარჯვა.

 

2014 წელი და ისევ გერმანია. არგენტინელთათვის „ბუნდესნაკრები“ ნამდვილ კოშმარად იქცა.

მესის ფორმაციის გუნდი ალეხანდრო საბელას ხელმძღვნაელობით მუნდიალზე მოულოდნელი ფინალისტი გახდა.

არგენტინა არც თუ ისე დამაჯერებელ ფეხბურთს აჩვენებდა, თუმცა დაცვაში ძლიერმა თამაშმა „ალბისელესტე“ ფინალამდე მიიყვანა, სადაც გამარჯვების რეალური შანსი ჰქონდათ.

მესის, იგუაინისა და პალასიოს ეპიზოდებიდან ერთ-ერთი, რომ მაინც გასულიყო, ვინ იცის...

გონსალო იგუაინის მომენტი საერთოდ სხვა ფენომენია. ამაზე საუბარი თვეების განმავლობაში გრძელდებოდა.

გერმანიამ მარიო გიოტცეს მიერ 113-ე წუთზე გატანილი გოლის შემდეგ გაიმარჯვა.

 

სამპაოლის ფორმაციის გუნდი ფინალში გასვლას რუსეთშიც შეეცდება.

საბოლოო განაცხადი - რატომ კი და რატომ არა?

ხორხე სამპაოლიმ საბოლოო 23 კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

რა თქმა უნდა მთელი ყურადღება იგუაინი-იკარდის საკითხს დაეთმო.

ჩვენ განაცხადი ძალიან დიდი ანალიზის შემდეგ დავასახელეთ. ყველა პოზიცია გავარჩიეთ და გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ მივიღეთ, განაცხადა სამპაოლიმ.

რატომ არ გამოიძახა მან იკარდი? ამის ახსნა მარტივია. ინტერის კაპიტანს ეროვნულ ნაკრებში სულ 4 მატჩი აქვს ჩატარებული და ეს ძალიან ცოტაა იმის ფონზე, რომ მუნდიალის დაწყებამდე ფაქტიურად არაფერი რჩება.

იკარდი გუნდთან შეთამაშებული არ გახლავთ და მსოფლიო ჩემპიონატზე ექსპერიმენტების დრო ნამდვილად არ არის. ნაკრებებს მაქსიმუმ 7 შეხვედრის ჩატარება უწევთ და ბუნებრივია სამპაოლიმ არჩევანი ბევრად უფრო გამოცდილ და შეთამაშებულ იგუაინზე შეაჩერა.

არგენტინელთა განაცხადში სხვა მხრივ მოულოდნელობები არ არის.

სრული სია კი ასე გამოიყურება:

მეკარეები: ნაუელ გუსმანი (ტიგრესი; მექსიკა), ვილი კაბალიერო (ჩელსი; ინგლისი), ფრანკო არმანი (რივერ პლეიტი).

მცველები: გაბრიელ მერკადო (სევილია; ესპანეთი), ფედერიკო ფასიო (რომა; იტალია), ნიკოლას ოტამენდი (სიტი; ინგლისი), მარკოს როხო (მანჩესტერი; ინგლისი), ნიკოლას ტალიაფიკო (აიაქსი; ჰოლანდია), კრისტიან ანსალდი (ტორინო; იტალია), მარკოს აკუნია (სპორტინგი; პორტუგალია).

ნახევარმცველები: ხავიერ მასკერანო (ჰებეი; ჩინეთი), ევერ ბანეგა (სევილია; ესპანეთი), ლუკას ბილია (მილანი; იტალია), ენცო პერესი (რივერ პლეიტი; არგენტინა), ჯოვანი ლო სელსო (პსჟ; საფრანგეთი), კრისტიან პავონი (ბოკა ხუნიორსი), მაქსიმილიანო მესა (ინდეპენდიენტე), ედუარდო სალვიო (ბენფიკა; პორტუგალია), ანხელ დი მარია (პსჟ; საფრანგეთი).

თავდამსხმელები: ლიონელ მესი (ბარსელონა; ესპანეთი), გონსალო იგუაინი (იუვენტუსი; იტალია), სერხიო აგუერო (სიტი; ინგლისი), პაულო დიბალა (იუვენტუსი; იტალია).

ტაქტიკა - სამპაოლის 3 სქემა

ხორხე სამპაოლი უდაოდ მაღალი დონის სპეციალისტია. მას ტაქტიკის შეცვლა ხშირად უყვარს და თავის გუნდებს რამდენიმე სქემით ათამაშებს ხოლმე.

ნაკრების ჩაბარების შემდეგ სამპაოლიმ 3-5-2 სქემის გამოყენება სცადა და საბოლოოდ ხელი მოეცარა.

შემდეგ იყო 4-3-3 და შედეგი კვლავ იგივე - ნაკრები კვლავ მძიმედ გამოიყურებოდა.

სამპაოლი 4-3-2-1 წყობის გამოცდას გეგმავს და ეს რა თქმა უნდა მესიზე იქნება მორგებული.

როგორც ვიცით, წელს ენრესტო ვალვერდემ „ბარსელონა“ 4-4-2 სქემაზე გადაიყვანა, სადაც მესი მოედნის ცენტრში თავისუფლად მოქმედებდა და ამან გაამართლა.

სერხიო რომეროს ტრავმის შემდეგ არგენტინელთა კარის დარაჯი დიდი ალბათობით ვილი კაბალიერო იქნება.

უკანა ხაზი 4-3-2-1-ის შემთხვევაში სავარაუდოდ ასე დაკომპლექტდება - ტალიაფიკო, ოტამენდი, ფასიო, სალვიო (ან ანსალდი).

ნახევარდაცვაში მოსალოდნელია, რომ ხავიერ მასკერანო ხელშეუხებელი იქნება. მის გვერდით სავარაუდოდ ჯოვანი ლო სელსო ითამაშებს.

ვინ იქნება მესამე ნახევარმცველი? ბილია, თუ ბანეგა? ლანსინის ტრავმის შემდეგ ეს კითხვა აქტუალური გახდა.

შეტევაში ლეო მესისა და ანხელ დი მარიას სრული თავისუფლება მიეცემათ. ისინი შეუტევენ ფლანგებიდან და ცენტრიდანაც.

ცენტრფორვარდად მოსალოდნელია, რომ გონსალო იგუაინი ითამაშებს.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ძირითადში დიბალა ვიხილოთ. „იუვეს“ ათიანი სავარაუდოდ სათადარიგოთა სკამიდან აგუეროსთან ერთად გუნდის მთავარი იმედი იქნება.

გამოსარჩევი და აღსანიშნავია „ალბისელესტეს“ 22 წლის გარემარბი კრისტიან პავონი, რომელიც “ბოკა ხუნიორსის“ ღირსებას იცავს.

პავონს ორივე ფლანგზე კარგად თამაში ეხერხება და მის მიმართ ხორხე სამპაოლისთან ერთად ლეო მესიც დადებითადაა განწყობილი და როგორც ჩანს, ერთმანეთს კარგადაც უგებენ.

სამპაოლი: „კრისტიან პავონი მესისთან ერთად ძალიან კარგად მუშაობს“.

მესი: „მე გუნდში მყავს პარტნიორი მოედანზე და მას კრისტიან პავონი ჰქვია. ის ძალიან სწრაფი და უნიკალურია“.

ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების მიხედვით, არ არის გამორიცხული, რომ სამპაოლიმ პავონი ძირითადში გაამწესოს. ეს, რა თქმა უნდა მეტოქის დონესა და სტილზეც იქნება დამოკიდებული.

სამპაოლი სიტუაციიდან გამომდინარე იმოქმედებს და საჭიროების შემთხვევაში სავსებით შესაძლებელია, რომ მან 3-5-2 სქემას მიმართოს.

ასეთ შემთხვევაში უკანა ხაზს ერთი ცენტრალური მცველი ემატება და სავარაუდოდ ეს როხო, ან მერკადო იქნება.

3 ცენტრალური მცველს ფლანგებიდან ორი მოთამაშე დააზღვევს, რომლებსაც მთელი ხაზის გაკონტროლება დაევალებათ.

მოსალოდნელია, რომ მარკოს აკუნია და ედუარდო სალვიო მარცხენა და მარჯვენა ფლანგებს ჩაიბარებენ.

მოედნის ცენტრში მასკერანო-ლო სელსოს დუეტს უნდა ველოდოთ.

შემტევი ტრიოდან 2 მოთამაშე, რომ მესი და იგუაინი იქნება, ამის თქმა ახლავე შეგვიძლია. ვინ იქნება მესამე? დი მარია, აგუერო, თუ დიბალა?.. ალბათ მაინც დი მარია.

ტაქტიკა ერთია და მეორე შესრულება. ხორხე სამპაოლი საკმაოდ ძლიერი ტაქტიკოსია და ფეხბურთელებმა მისი დავალებები 100%-ით უნდა შეასრულონ.

  • დაცვა მოწოდების სიმაღლეზე უნდა იმყოფებოდეს.
  • ნახევარდაცვიდან შეტევაში ბურთის ატანა, მხოლოდ მესის არ უნდა უწევდეს. ასეთ შემთხვევაში არგენტინელებს დიდი პრობლემები შეექმნებათ.
  • მომენტების რეალიზების მხრივ „ალბისელესტეს“ პრობლემები აქვს და მათ ამ მხრივ უნდა იმუშაონ. რუსეთში ბევრი ძლიერი ნაკრები იქნება და შეცდომების დაშვებას მძიმე შედეგები მოჰყვება.
  • მესი - გუნდმა მესის ირგვლივ უნდა ითამაშოს და მოედანზე მას მაქსიმალურად უნდა გაუგოს. არ არის აუცილებელი და ეს ვერც მოხერხდება, რომ არგენტინამ „ბარსას“ დონეზე ითამაშოს და ლეოს თავი „კამპ ნოუზე“ აგრძნობინოს, თუმცა უკეთესის შესაძლებლობა, რომ არის ეს ფაქტია. გუნდმა მესის მიერ შექმნილი მომენტების მინიმუმ 70%-ის რეალიზება უნდა მოახერხოს.

არგენტინამ უნდა შეუტიოს და აგრესიულად ითამაშოს. დაცვაში მდგომი და კონტრშეტევებზე მოთამაშე გუნდის შემადგენლობაში მყოფი მესი გამოუსადეგარი ხდება.

დროა, რომ არგენტინამ გარისკოს და თავისი ფეხბურთი ითამაშოს.

მეტოქეები

არგენტინა ჯგუფში ხორვატიასთან, ისლანდიასთან და ნიგერიასთან ერთად იმყოფება.

სამპაოლის გუნდი რა თქმა უნდა უდაო ფავორიტია, თუმცა გადაჭრით ვერაფერს ვიტყვით.

ძლიერი და სიმფათიური ხორვატია, მებრძოლი და სიურპრიზებით აღსავსე ისლანდია, უხერხული ნიგერია - არგენტინას ადვილი მატჩები არ ექნება.

ფეხის დაცდენისა და ჯგუფიდან მეორე პოზიციით გასვლის შემთხვევაში არგენტინა საკმაოდ დიდი ალბათობით 1/8 ფინალში საფრანგეთს დაუპირისპირდება და რა თქმა უნდა, ეს მათ გეგმებში არ შედის.

მოამზადა მამუკა კუკულაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები