„მუნდიალის მოგებამდე მესი საუკეთესო ფეხბურთელი ვერ იქნება“ - ანდრეა პირლო
Aa
Aa

„მუნდიალის მოგებამდე მესი საუკეთესო ფეხბურთელი ვერ იქნება“ - ანდრეა პირლო

ანდრეა პირლოს თქმით, „ბარსელონას“ კოზირი, ლიონელ მესი მუდამ მარადონას ჩრდილქვეშ იქნება, სანამ ის მსოფლიო ჩემპიონატს არ მოიგებს. იტალიელი „მაესტროს“ განცხადებით მუნდიალის მოგებამდე, ლიონელ მესის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსი ვერ ექნება.

უკანასკნელ ათწლეულში საფეხბურთო სამყაროში, ერთ-ერთი მთავარი დილემა სწორედ ისაა თუ ვინ უფრო დიდებული ფეხბურთელია, მესი თუ მარადონა. მას შემდეგ, რაც 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მარადონამ არგენტინის ნაკრებს თასი მოაპოვებინა, ფეხბურთის გულშემატკივრებმა და სპორტულმა ჟურნალისტებმა მას ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მიანიჭეს.

პირლოს კი სჯერა, რომ ლეო მესი - 5 ოქროს ბურთის მიუხედავად, მსოფლიო ჩემპიონატის მოგებამდე მარადონას ვერ აჯობებს.

„რუსეთში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვება, როგორც მესისთვის, ისე არგენტინისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მესის ყოველთვის ადარებენ მარადონას, თუმცა მას მსოფლიო ჩემპიონატის მოგება სჭირდება, რადგან თუ მუნდიალს ვერ მოიგებ, იმ საუკეთესო ფეხბურთელების სიაში ვერ მოხვდება“

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადება, არგენტინისთვის მარტივი არ ყოფილა. ამხანაგურ მატჩში ესპანეთმა „ალბი სელესტე“ ანგარიშით 6:1 გაანადგურა, ხოლო ისრაელთან გასამართი შეხვედრა გაუქმდა. არგენტინის ნაკრების სათამაშო ფორმისა და მესის შანსებზე საუბრის მიუხედავად, პირლოს სჯერა, რომ „ალბი სელესტეს“ მუნდიალზე წარმატებით გამოსვლა მაინც შეუძლია.

„არგენტინის ნაკრებს იმის დრო ჰქონდა, რომ სათამაშო სტილი დაეხვეწა და ის ფეხბურთელები წაეყვანა მსოფლიო ჩემპიონატზე, რომლებთან ერთადაც გუნდი წარმატებას მიაღწევს. ასე რომ ვფიქრობ, ესპანეთთან გამანადგურებელი ანგარიშით წაგების მიუხედავად, არგენტინელებს თასის მოგება შეუძლიათ. მათ ტოპ კლასის მოთამაშეებთან ერთად, ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავთ.“

პირლომ თავისი ლეგენდარული კარიერის მანძილზე, მსოფლიო ჩემპიონატზე 3-ჯერ ითამაშა, 2006 წელს კი თასიც აწია. თუმცა მისი ბოლო მუნდიალი იმედგაცრუებით სავსე იყო, რადგან ურუგვაის ნაკრებთან ანგარიშით 1:0 წაგების შემდეგ, იტალია ჯგუფურ ეტაპს ვერ გასცდა. გულშემატკივრებს ეს თამაში უფრო მეტად ლუის სუარესის მოქმედებით დაამახსოვრდათ, როდესაც ურუგვაელმა იტალიელთა მცველ, ჯორჯო კიელინის უკბინა. ინციდენტის შემდეგ, სუარესს 4 თვით ნებისმიერი საფეხბურთო აქტივობა აუკრძალეს.

„მატჩის შემდეგ, ჩვენ ყველანი დეპრესიაში ვიყავით. კბენის მომენტი გასაგებია, მაგრამ ჩვენ ამაზე დაბლა დავეშვით, რადგან მსოფლიო ჩემპიონატს ჯგუფურ ეტაპზე გამოვეთიშეთ. კბენის მომენტი კი ისეთი ინციდენტია, რომელიც მოედანზე შეიძლება მოხდეს და მსაჯმა ვერ დაინახოს.“

ანდრეა პირლომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკუთარი ფავორიტებიც დაასახელა, რომელთა სათავეშიც ბრაზილიის ნაკრები მოხვდა. მისი თქმით ამ მუნდიალზე ბრაზილიას ყველაზე ძლიერი გუნდი ჰყავს. გარდა ამისა პირლომ საკუთარი ფავორიტი ფეხბურთელიც დაასახელა და განაცხადა, რომ ის ინგლისის ნაკრების კაპიტნის, ჰარი კეინის თამაშების ყურებას აპირებს.

„ჩემთვის საუკეთესო ინგლისელი ფეხბურთელი ჰარი კეინია. ის ძალიან ძლიერია და უამრავ გოლს იტანს. ასე რომ ერთი სული მაქვს მის თამაშებს როდის ვუყურებ.“

პირველად, ბოლო 60 წლის მანძილზე იტალიის ნაკრების მუნდიალს მიღმა დარჩენის შემდეგ, პირლომ შოკისმომგვრელ ფაქტზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, თუ ვის უგულშემატკივრებს მსოფლიო ჩემპიონატზე.

„რადგან იტალიის ნაკრები მუნდიალზე არ არის, მე არცერთ გუნდს არ ვუგულშემატკივრებ. ყველა თამაშის ყურებას ვაპირებ, თუმცა მხარს ვერცერთ ნაკრებს ვერ დავუჭერ.“

2002 წლის შემდეგ, ანდრეა პირლო, მსოფლიო ჩემპიონატის მაყურებლის როლში წელს პირველად მოგვევლინება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები