ეგვიპტის ნაკრები გროზნოშია - სალაჰი რუსეთს ეწვია
Aa
Aa

ეგვიპტის ნაკრები გროზნოშია - სალაჰი რუსეთს ეწვია

ეგვიპტის ეროვნული ნაკრები რუსეთის ქალაქ გროზნოში ჩაფრინდა. ფიფას ოფიციალურმა facebook-ის გვერდმა გამოაქვეყნა ''ლივერპულის'' ფორვარდ მოჰამედ სალაჰის ფოტო.

მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარეობისას ''ფარაონები'' გროზნოში იცხოვრებენ. რუსეთში გაფრენამდე ჰექტორ რაულ კუპერმა ეგვიპტელები კაიროს ეროვნულ სტადიონზე ავარჯიშა.

სალაჰმა რუსეთში გამგზავრებამდე მედიასთან საუბარში განაცხადა რომ მუნდიალის პირველ ტურში ურუგვაისთან მატჩისთვის მზად იქნება.

ეგვიპტის ეროვნული ნაკრები მუნდიალზე A ჯგუფში რუსეთთან, საუდის არაბეთთან და ურუგვაისთან ერთად იასპარეზებს. 15 ივნისს ეგვიპტე ურუგვაის შეხვდება, 20 ივნისს რუსეთისა და ეგვიპტის დაპირისპირება შედგება. 25 ივნისს კი დასკვნით ტურში ეგვიპტისა და საუდის არაბეთის მატჩს ვიხილავთ.

სალაჰის მუნდიალზე თამაში დიდი ეჭვის ქვეშ ჩემპიონთა ლიგის ფინალში რამოსთან შეჯახებისას დადგა. ახლახანს სალაჰმა დუმილი დაარღვია და ესპანურ მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ რამოსთან შეჯახება მისი კარიერის ყველაზე საშინელი მომენტი იყო.

"როდესაც რამოსთან შეჯახების დროს მოედანზე დავეცი ფიზიკური ტკივილი ვიგრძენი. შეშფოთებული ვიყავი. შემდეგ აღშფოთებასა და მწუხარებას ვგრძნობდი, რადგან ფინალი ვეღარ ვითამაშე. ეს იყო ჩემი კარიერის ყველაზე საშინელი მომენტი.

რამდენიმე წუთის შემდეგ გავიფიქრე, რომ შესაძლებელი იყო მსოფლიო ჩემპიონატიც გამომეტოვებინა და ამ აზრმა ბოლომდე დამანგრია".

ჟურნალისტმა სალაჰს რამოსის კომენტარის შესახებ აზრის დაფიქსირება სთხოვა.

ჟურნალისტი: სერხიო რამოსმა ფინალის შემდეგ ასეთი რამ თქვა: "მე სწორად ვითამაშე. მან ხელი ჩამჭიდა და მომქაჩა.

შემდეგ მეორე მხარეს დავეცი და საერთოდაც, სალაჰმა მეორე მხარი დაიზიანა". რას ფიქრობთ ამის შესახებ?

სალაჰი: ეს სასაცილოა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები