ებრალიძეს პორტუგალიური ''ტონდელა'' იწვევს - დვალიშვილმა ''აშქელონი'' დატოვა
Aa
Aa

ებრალიძეს პორტუგალიური ''ტონდელა'' იწვევს - დვალიშვილმა ''აშქელონი'' დატოვა

საფეხბურთო კლუბ ''ვიზეუს'' დატოვების შემდეგ ავთანდილ ებრალიძე თავისუფალი აგენტია. 26 წლის ქართველი ფეხბურთლის დამატება პორტუგალიის უმაღლესი ლიგის კლუბ ''ტონდელას'' სურს. ინფორმაცია ებრალიძემ crystalsport-თან საუბარში დაადასტურა.

პორტუგალიის პრიმეირა ლიგის გასულ სეზონში ''ტონდელამ'' მე-11 ადგილი დაიკავა. გუნდის მთავარი მწვრთნელი 37 წლის პეპაა, რომელიც ''ფეირენსესა'' და ''მორეირენსეში'' გიორგი მაკარიძეს წვრთნიდა.

რაც შეეხება ებრალიძეს, ''ჟილ ვისენტეს'' ყოფილი ფეხბურთელი გასულ სეზონში ''ვიზეუს'' შეუერთდა. პორტუგალიის რანგით მეორე ლიგაში ჩატარებულ 29 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. ავთოს, რომელსაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 3 მატჩი აქვს ჩატარებული, პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში 2013-15 წლებში ''ჟილ ვისენტეს'' შემადგენლობაში უთამაშია.

თავისუფალი აგენტები: ლადო დვალიშვილი და გიორგი ნავალოვსკი

საქართველოს ეროვნული ნაკრების 32 წლის თავდამსხმელი ლადო დვალიშვილი მიმდინარე წლის დასაწყისში ისრაელის უმაღლესი ლიგის კლუბ ''აშქელონს'' შეუერთდა.  ვარშავის ''ლეგიასა'' და დანიური ''ოდენსეს'' ყოფილმა მოთამაშემ ''აშქელონის'' მაისურით 9 მატჩი ჩაატარა, თუმცა გოლი არ გაუტანია.

როგორც დვალიშვილმა crystalsport-თან საუბარში აღნიშნა, ''აშქელონი'' დატოვა და ამჟამად თავისუფალი აგენტია. მისი თქმით ამ ეტაპზე უცნობია სად გააგრძელებს კარიერას.

დვალიშვილის მსგავსად გუნდის გარეშეა გიორგი ნავალოვსკი, რომელმაც 2017-18 წლების სეზონი რუსეთის პრემიერლიგის ''სკა ხაბაროვსკში'' გაატარა. 31 წლის მარცხენა მცველმა პრემიერლიგის 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ნავალოვსკიმ crystalsport-ს უთხრა, რომ ამ ეტაპზე კონკრეტული წინადადება არ მიუღია.

''სლოვაცკომ''  შესაძლოა სიხარულიძე გაანათხოვროს

2017 წლის ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი, საუკეთესო ფეხბურთელი და საუკეთესო თავდამსხმელი ირაკლი სიხარულიძე შესაძლოა ჩეხურ ''სლოვაცკოს'' დაემშვიდობოს.

''ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არაფერია. შესაძლოა ''სლოვაცკომ'' გამანათხოვროს, მაგრამ ნამდვილად არ ვიცი ევროპაში ვითამაშებ თუ ეროვნულ ლიგაში დავბრუნდები'' - უთხრა სიხარულიძემ crystalsport-ს.

27 წლის ირაკლი სიხარულიძეს გასული სეზონის მეორე ნახევარში ''სლოვაცკოს'' ძირითად გუნდში არ უთამაშია, რაც გარკვეულწილად მოსამზადებელ ეტაპზე მიღებული ტრავმით იყო გამოწვეული, შემდგომში კი მთავარმა მწვრთნელმა თავის გამოჩენის შანსი არ მისცა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები