''მაპატიეთ, ვერ აგისრულეთ ოცნება'' - პაპუნაშვილის ემოციური მიმართვა ქომაგებს
Aa
Aa

''მაპატიეთ, ვერ აგისრულეთ ოცნება'' - პაპუნაშვილის ემოციური მიმართვა ქომაგებს

ესპანეთის ლა ლიგაში აღზევებისთვის მებრძოლი ''სარაგოსა'' ფლეი ოფში დამარცხდა. გიორგი პაპუნაშვილის გუნდი საპასუხო მატჩში, საშინაო შეხვედრაში 1:2 დამარცხდა ''ნუმანსიასთან.'' პირველი შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ასე რომ ''სარაგოსა'' შემდეგ სეზონში კვლავ ლა ლიგა 2-ში ითამაშებს.

22 წლის ქართველმა შემტევმა 90 წუთი ითამაშა. მას გოლის გატანის ორი ასპროცენტიანი შანსი ჰქონდა, თუმცა ანგარიშის გახსნა ვერ მოახერხა.

''მაპატიეთ ''სარაგოსას'' ქომაგებო, ლა ლიგაში თამაშის ოცნება ვერ აგისრულეთ, მაგრამ მე ამაყი ვარ თქვენი მხარდაჭერით, რაც კიდევ უფრო დიდ ძალას მოგვცემს, გაგვაძლიერებს. ვიაროთ წარმატების გზაზე, რასაც ''სარაგოსა'' იმსახურებს. გავიხედოთ წინ, ერთად ყველაფერს შევძლებთ. მე თქვენ მიყვარხართ'' - დაწერა პაპუნაშვილმა instagram-ის გვერდზე.

შეგახსენებთ, პაპუნაშვილმა შესაძლებლობები ვერ გამოავლინა, თამაში აშკარად ჩააგდო და sofascore-მა 6,3 ქულა დაუწერა, რაც ნიშნავს რომ თანაგუნდელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი იყო.

22 წლის ქართველი ფეხბურთელი 2017 წლის ზაფხულში გახდა ''სარაგოსას'' მოთამაშე. ესპანურ ლიგაში სადებიუტო სეზონში 28 მატჩში 7 გოლი გაიტანა. გარდა ამისა 1 გოლი სამეფო თასზე ''ლორკას'' შეუგდო. პაპუნაშვილმა ესპანეთში პირველი ჰეთ-თრიქი ''ალბასეტეს'' მე-40 ტურში შეუსრულა, დანარჩენ 4 მატჩში კი თითო-თითო გოლი შეაგდო. მას ასევე უთამაშია თბილისის ''დინამოში'' და ბრემენის ''ვერდერის'' სარეზერვო გუნდში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები