დღეს ფინალია - ერთადერთი კაცი, რომელთანაც ნადალმა 2016 წლის შემდეგ თიხაზე წააგო...
Aa
Aa

დღეს ფინალია - ერთადერთი კაცი, რომელთანაც ნადალმა 2016 წლის შემდეგ თიხაზე წააგო...

საფრანგეთის ღია პირველობის მამაკაცთა თანრიგის 2018 წლის ფინალურ შეხვედრაში, რაფაელ ნადალი დომინიკ ტიმს დაუპირისპრდება.

ესპანელი ლეგენდა ამ ტურნირის ფინალში მეთერთმეტედ თამაშობს და წინა 10 შემთხვევაში ტიტულიც მოიგო, რაც ყველა დროის რეკორდია,  24 წლის ტიმი კი დიდი სლემის ტურნირების ფინალში პირველად გავიდა.

სხვათაშორის, 2016 წლის შემდეგ ნადალს თიხაზე სულ 2 მარცხი აქვს და ორივე ჯერზე მას ტიმმა მოუგო - 2017 წელს რომში, რამდენიმე კვირის წინ კი - მადრიდში. საერთო ჯამში, ურთიერთშეხვედრებში 32 წლის პირენეელი 6:3-ს იგებს. მათ შორის, 2 მატჩი სწორედ "როლან გაროსზე", ორივე შემთხვევაში 3 სეტში მოიგო.

ნადალმა მიმდინარე სეზონში თიხის საფარზე 25 დაპირისპირება მოიგო და ერთხელ დამარცხდა. ტიმის ანგარიშზე კი 26 გამარჯვება და 5 მარცხია.

ნადალს აქვს შანსი, რომ ღია ერაში ჩოგბურთის გრანდიოზულ რეკორდს გაუთანაბრდეს, რაც 1 მოთამაშის მიერ 1 კონკრეტული დიდი სლემის ტიტულის 11-ჯერ მოგებას გულისხმობს. ეს რეკორდი ავსტრალიელ ქალბატონს, ლეგენდარულ მარგარეტ კორტს ეკუთვნის, რომელმაც სწორედ ავსტრალიის ღია პირველობა 11-ჯერ მოიგო. მე-2 ადგილზე 10 "როლან გაროსით", "მატადორია", მე-3 პოზიციას კი მარტინა ნავრატილოვა იკავებს, რომელიც "უიმბლდონის" საჩემპიონო თასს 9-ჯერ დაეუფლა.

"ძალიან რთული მატჩი იქნება, რადგან შესანიშნავი მეტოქე მყავს. ვიცი, რომ თუკი საუკეთესო თამაშის ჩვენებას შევძლებ, შანსი მექნება. კარგია, რომ ამ სეზონში თიხის საფარზე დამაჯერებლად ვითამაშე. 

ასე რომ, მხოლოდ საუკეთესოდ არა, საუკეთესოზე ცოტა კიდევ უკეთესად უნდა ვითამაშო". - ამბობს "მატადორი" ფინალის წინ.

რაც შეეხება ტიმს, მას შეუძლია 1995 წლის შემდეგ პირველი ავსტრიელი გახდეს, რომელიც დიდი სლემის ტიტულს მოიგებს. მაშინ ეს ტომას მუსტერმა გააკეთა და ასევე საფრანგეთის ღია პირველობაზე იმარჯვა.

"მაქვს გეგმა და ვიცი, მის წინააღმდეგ როგორ ვითამაშო. თუკი მისი დამარცხება მინდა, კორტზე ისევე უნდა ვიმოქმედო, როგორც რომსა და მადრიდში. თუმცა ისიც ვიცი, რომ ამის გაკეთება რთული იქნება. უდავოა, რომ იგი ახლა უკეთეს ფორმაშია, ვიდრე მადრიდში გამართული მატჩისას იყო.

რა თქმა უნდა, დიდი სლემის ტურნირის ფინალში თამაში გარკვეულ წნეხთან ასოცირდება, რადგან ძალიან გრძელი გზა გამოვიარე და არ მინდა, გადამწყვეტი შეხვედრა წავაგო. მეორე მხრივ, რაფას წინააღმდეგ ვთამაშობ, ასე რომ, ერთადერთი არ ვარ, ვისაც წნეხის გადატანაზე ზრუნვა უწევს". - აცხადებს ტიმი.

ფინალის კიდევ ერთი ინტრიგა ისაა, რომ თუ ნადალი წააგებს, მას მსოფლიო რეიტინგის პირველი საფეხურის დათმობა მოუწევს, რომელსაც როჯერ ფედერერი გადაიბარებს. თავის მხრივ, "მაესტრო" კორტს მომავალი კვირიდან უბრუნდება და შტუტგარტის ტურნირზე ითამაშებს.

ნადალისა და ტიმის ფინალური მატჩი, ფილიპ შატრიეს სახელობის კორტზე, თბილისის დროით 17:00 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები