''17 წლის ასაკში ფეხბურთის თამაშისთვის თავის დანებებას ვაპირებდი''
Aa
Aa

''17 წლის ასაკში ფეხბურთის თამაშისთვის თავის დანებებას ვაპირებდი''

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და პოლონური პლოცკის ''ვისლას'' ფეხბურთელი გიორგი მერებაშვილი გასული სეზონის მიწურულს მიღებული ტრავმის შემდეგ სარეაბილიტაციო კურსს გადის. თბილისის ''დინამოს,'' სერბული ''ვოივოდინას,'' ოფი-ს, ''ვერიასა'' და ''ლევადიაკოსის'' ყოფილი  შემტევი მიმდინარე თვის მიწურულს მოედანს დაუბრუნდება.

31 წლის ქართველი ფეხბურთელი განვლილი კარიერისა და გასული სეზონის შესახებ  crystalsport-ს ესაუბრა.

- კარიერის ყველაზე რთული პერიოდი.

- 17 წლის ასაკში თბილისის ''დინამოს'' სარეზერვო გუნდში ვთამაშობდი. ერთი სეზონის განმავლობაში მხოლოდ 3 თამაში ჩავატარე. ძალიან რთული პერიოდი იყო, ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი. რომ არა მეგობრებისა და ოჯახის წევრების მხარდაჭერა, საფეხბურთო კარიერაზე უარს ვიტყოდი და ფეხბურთს თამაშს თავს დავანებებდი.

აღნიშნულ სეზონში მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე იყო, თუმცა ორი თვის შემდეგ პირველ გუნდში დააწინაურეს, რის შემდეგაც სარეზერვო გუნდის მთავარი მწვრთნელი ჯემალ მახარაშვილი გახდა. რა თქმა უნდა ძალიან მძიმე პერიოდი იყო, მაგრამ შემდეგ ეს ბარიერი გადავლახე, რამაც გამაძლიერა და დიდი ძალა მომცა. ვფიქრობ მაშინ ბევრი რამ ვისწავლე და რომ არა ეს რთული პერიოდი, ალბათ მაღალ დონეზე თამაშს ვერ შევძლებდი.

- წიგნი რომელმაც შენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა.

- სიმართლე გითხრა წიგნებს იშვიათად ვკითხულობ. შეკრებაზე ყოფნისას კითხვისთვის მეტი დრო მაქვს და ძირითადად საფეხბურთო ლიტერატურას ვეცნობი. ერთს ვერ გამოვარჩევ, მაგრამ მომეწონა სერ ალექს ფერგიუსონისა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის ავტობიოგრაფიული წიგნები. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე მათი აზრებისა და შეხედულებების გაცნობა საინტერესო იყო.

- ყველაზე მკაცრი მწვრთნელი ვისთან ერთადაც გიმუშავია.

- ''ვისლას'' ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი იერჟი ბრჟენჩეკია. ის ფეხბურთს საკმაოდ მაღალ დონეზე თამაშობდა, პოლონეთის ეროვნული გუნდის მოთამაშე იყო. მე ვფიქრობ ჩემი კარიერის განმავლობაში ფეხბურთელებთან მიმართებაში ყველაზე მკაცრი მწვრთნელი სწორედ ის არის. სხვათაშორის იერჟი ბრჟენჩეკი იაკუბ ბლაშჩიკოვსკის ბიძაა.

- როგორ ფიქრობ გასული სეზონი შენს კარიერაში საუკეთესო იყო ?

- მთლიანობაში ძალიან კარგი სეზონი გამოვიდა, რადგან მეხუთე ადგილზე გავედით. სეზონის დასაწყისში კლუბის ხელმძღვანელებმა პროგრამა მინიმუმის სახით მიზნად ელიტარულ ლიგაში ადგილის შენარჩუნება დაგვისახეს, ხოლო პროგრამა მაქსიმუმს საუკეთესო რვა გუნდს შორის მოხვედრა წარმოადგენდა. სეზონის მიმდინარეობიდან გამომდინარე ნათლად გამოჩნდა რომ უფრო მაღალი მიზნისთვის ბრძოლა შეგვეძლო. სამწუხაროდ ჩემპიონატის დასკვნით ტურში დავმარცხდით, გამარჯვების შემთხვევაში კი მესამე ადგილზე გავიდოდით და ევროპა ლიგის საგზურს მოვიპოვებდით.

რაც შეეხება კონკრეტულად ჩემს გამოსვლას, კარგი მატჩები ჩავატარე, გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვიყავი, თუმცა სეზონის მიწურულს მიღებული ტრავმის გამო ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშები გამოვტოვე, რის გამოც გული ძალიან მწყდება. იმედი მაქვს შემდეგი სეზონი ტრავმის გარეშე ჩაივლის და კიდევ უფრო წარმატებული იქნება როგორც ჩემთვის, ასევე კლუბისთვის.

- 2012 წელს სერბული ''ვოივოდინადან'' კარიერა საქართველოს ჩემპიონატში გააგრძელე. ამ გადმოსახედიდან ხომ არ ფიქრობ რომ თბილისის ''დინამოში'' დაბრუნება შეცდომა იყო?

- ჩემი აზრით შეცდომა არ დამიშვია. ვფიქრობ სწორი არჩევანი გავაკეთე. სიმართლე გითხრა არც მიფიქრია, რომ ამ გადაწყვეტილებით არასწორი ნაბიჯი გადავდგი.

- თანაგუნდელი რომელიც სწავლისადმი განსაკუთრებული სურვილით გამოირჩეოდა.

- ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ფიქრი არ დამჭირდა. თბილისის ''დინამოში'' თამაშისას ჩემი თანაგუნდელი ნიკოლოზ ფირცხალავა იყო, რომელიც ფეხბურთელობის დროსაც ძალიან კარგად სწავლობდა. ჩემს თანაგუნდელებს შორის ფირცხალავა ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი და განათლებული იყო. ნიკა ფიზიკოსია, მან პროფესიული განათლება ინგლისურ ენაზე მიიღო.

- ეროვნულ ნაკრებში როდის უფრო კომფორტულად გრძნობდი თავს, ქეცბაიას მწვრთნელობისას თუ ამჟამად, როცა მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისია?

- რა თქმა უნდა ვაისის ხელმძღვანელობით, რადგან გაცილებით თავისუფლად ვგრძნობ თავს და ვაცნობიერებ რომ ეროვნული გუნდისთვის საჭირო და მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვარ, რაც ჩემთვის დამატებითი სტიმულია, რომ ჩემს თავს უფრო მეტი მოვთხოვო და უფრო შედეგიანი ფეხბურთი ვითამაშო.

- ყველაზე მეტად რომელმა არშემდგარმა ტრანსფერმა დაგწყვიტა გული?

- თბილისის ''დინამოში'' ყოფნისას გერმანულ შეკრებაზე ვიყავი. მაშინ ჩემი შეძენით ბრემენის ''ვერდერი'' და ფრანკფურტის ''აინტრახტი'' იყვნენ დაინტერესებულნი. მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, ძალიან დიდი იმედი მქონდა რომ კარიერას გერმანიაში გავაგრძელებდი, თუმცა შეთანხმება არ შედგა, რაც ჩემთვის ძალიან სამწუხარო იყო.

- როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა ეროვნული ნაკრების ბოლო ორ ამხანაგურ თამაშზე?

- თამაშის ხარისხი და შედეგი დამაკმაყოფილებელი  არ იყო, მაგრამ მესმის ბიჭების, რადგან მათი ნაწილისთვის სეზონი დასრულდა, ისინი ისვენებდნენ და სათანადო ფორმაში არ იმყოფებოდნენ. ასევე იყვნენ დებიუტანტები, ეროვნულ ნაკრებში დებიუტს კი ნერვიულობა ყოველთვის ახლავს. გარდა ამისა მთავარმა მწვრთნელმა რამდენიმე ფეხბურთელს პოზიცია შეუცვალა და განსხვავებულ ამპლუაში გამოსცადა. რეალურად ეს თამაშები ერთა ლიგისთვის მომზადებას ემსახურებოდა. დარწმუნებული ვარ ერთა ლიგაზე განსხვავებულ ფეხბურთს ვითამაშებთ და შედეგიც განსხვავებული იქნება. ყველაზე მნიშვნელოვანია რომ ერთა ლიგას სასურველ ფორმაში ტრავმების გარეშე შევხვდეთ.

- რომელ გუნდს ქომაგობ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე?

ბრაზილიის ნაკრებს. 1994 წლიდან ვუყურებ ფეხბურთს, როცა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში რობერტო ბაჯომ პენალტი ვერ გამოიყენა და ბრაზილია მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. მას შემდეგ ბრაზილიის გულშემატკივარი ვარ. ბრაზილიის შემდეგ ესპანეთს ვქომაგობ, რადგან ესპანური ფეხბურთი ჩემს გემოვნებასთან ძალიან ახლოსაა.

გიორგი მერებაშვილი თბილისის ''დინამოში'' 2005-10 და 2012-14 წლებში ასპარეზობდა

მერებაშვილი 2014-16 წლებში საბერძნეთის სუპერლიგაში ოფი-ს, ''ვერიასა'' და ''ლევადიაკოსის'' ღირსებას იცავდა

2016 წლიდან საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი პლოცკის ''ვისლას'' ერთ-ერთი ლიდერია

მოამზადა დიმა შარიქაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები