ისტორია დაწერილია! „კაპიტალსმა“ პირველი ჩემპიონობა მოიპოვა
Aa
Aa

ისტორია დაწერილია! „კაპიტალსმა“ პირველი ჩემპიონობა მოიპოვა

როგორც იქნა ალექს ოვეჩკინი „სტენლის თასის“ გამარჯვებული გახდა. სანუკვარ ჯილდოსთან ერთად რუსს მეორე ტიტულიც ერგო. „ვაშინგტონ კაპიტალსის“ კაპიტანი „კონ სმაითის“ თასს დაეპატრონა და ფლეი-ოფების MVP გახდა. რუსმა სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი 15 გოლით დაასრულა და გუნდის ჩემპიონობაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

ოვეჩკინი:„ჩემპიონობა ყველაფერზე მაღლა დგას და ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ამ დღეს ძალიან დიდი ხნის მანძილზე ველოდი“.

„კაპიტალსმა“ არსებობის ისტორიაში „სტენლის თასი“ პირველად მოიგო. „ვაშინგტონმა“ ფინალში „ვეგასელი ოქროს რაინდები“ 5 შეხვედრაში დაამარცხა. ბოლო მატჩში ოვეჩკინის ანგარიშზე ერთი გოლი იყო, შეხვედრის გმირი კი გამარჯვების გოლის ავტორი, ლარს ელარი გახდა. შეგახსენებთ, რომ ამერიკული სპორტული ლიგების მასშტაბით დედაქალაქურმა გუნდმა ბოლოს ჩემპიონობა 26 წლის წინ იზეიმა. 1992 წელს „ვაშინგტონ რედსკინსი“ “Super Bowl”-ის გამარჯვებული გახდა.

ჟურნალისტებთან საუბრისას ოვეჩკინმა განაცხადა:“ვერ ვიჯერებ, რომ ეს ყველაფერი რეალურად ხდება და ჩემპიონები ნამდვილად გავხდით. საკმაოდ რთული გზა გამოვიარეთ და წარმატებული დასასრულით უბედნიერესი ვარ. ვიცოდით, რომ ადვილი არაფერი იქნებოდა, ფლეი-ოფების განმავლობაში გუნდელების და მწვრთნელის რწმენა არ დაგვიკარგავს და ერთმანეთს გვერდით ბოლო მომენტამდე ვედექით“.

ოვეჩკინი რუსეთში დაბადებული პირველი კაპიტანი გახდა, რომელმაც საკუთარ გუნდს „სტენლის თასი“ მოაპოვებინა. NHL-ის ისტორიაში ალექსი მეოთხე ევროპელია, რომელმაც „კონ სმაითის“ ჯილდო მოიპოვა. 

ESPN-თან საუბრისას ოვეჩკინის მიღწევას ლეგენდარული იარომირ იაგრი გამოეხმაურა და განაცხადა:“ოვეჩკინმა ჩემპიონობა დაიმსახურა. იგი გუნდის ლიდერი და ნამდვილი კაპიტანია. „ვაშინგტონის“ ცოტა თამაში ვნახე, მაგრამ ალექსი ყველგან საოცრად გამოიყურებოდა“.

ოვეჩკინმა სეზონის 82 შეხვედრაში 49 გოლი გაიტანა და თავი 87 ქულას მოუყარა. მას კარიერაში 1003 სასეზონო მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და 607 გოლი აქვს გატანილი.

ცხელი ამბები