იოლად და დამაჯერებლად! - სტივენსი
Aa
Aa

იოლად და დამაჯერებლად! - სტივენსი "როლან გაროსის" ფინალში გავიდა

ამერიკის ღია პირველობის გასული წლის ჩემპიონი, სლოუნ სტივენსი დიდი სლემის ტურნირის კიდევ ერთ ფინალში ითამაშებს. ეს მას შემდეგ გაირკვა, რაც "როლან გაროსის" 1/2 ფინალურ შეხვედრაში მან თანამემამულე და მეგობარი, მედისონ კიზი დამაჯერებლად დაამარცხა - 6:4; 6:4. 

აღსანიშნავია, რომ ნახსენებ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სწორედ ეს ჩოგბურთელები შეხვდნენ და სტივენსმა ტიტული კიზის 6:3; 6:0-ზე დამარცხებით მოიპოვა.

დღევანდელი მატჩის პირველი სეტის მე-3 გეიმში სტივენსმა ბრეიკი შეასრულა. კიზს კი 2 ბრეიკ-პოინტი მე-6 გეიმში მიეცა, თუმცა შანსი ვერ გამოიყენა და მისმა მეტოქემ საკუთარი მოწოდებების შენარჩუნების ხარჯზე პარტია სათავისოდ დაასრულა.

მე-2 სეტში სლოუნის უპირატესობა კიდევ უფრო აშკარა გახლდათ. მან პირველივე გეიმი მოწინააღმდეგის ჩაწოდებაზე აიღო, რასაც საკუთარ მოწოდებაზე სტაბილური და დამაჯერებლი თამაში მიაყოლა - იგი გეიმებს ძალიან იოლად ინარჩუნებდა, რამეთუ სტივენსის მომდევნო 3 გეიმში კიზს 1-ზე მეტი ქულა არ აუღია. თამაშის ბოლოს სტივენსმა კიდევ ერთი ბრეიკი შეასრულა, 5:2 დაწინაურდა, რის შემდეგაც მატჩზე ჩაწოდებისას გეიმი დათმო, თუმცა იქვე მეტოქის მოწოდებაც აიღო და საბოლოო გამარჯვების მიღწევა აღარ გასჭირვებია.

სტივენსსა და კიზს ერთმანეთს უკვე 3-ჯერ უთამაშიათ და სამივე მატჩი პირველმა მათგანმა 2 სეტში მოიგო.

"თანამემამულის წინააღმდეგ თამაში ადვილი არასდროსაა, თანაც თუ ის შენი მეგობარია. ყოველთვის რთულია, რადგან როცა მედისონს ვეთამაშები, უფრო მეტი ფიქრი მიწევს. ჩვენ ერთმანეთის მიმართ უდიდესი პატივისცემა გვაქვს და მოგებული ქულებისასაც ემოციების გამოხატვას ვერიდებით. ამის მიუხედავად, კორტზე ყოველთვის დიდი ბრძოლაა და კარგი თამაშები გამოგვდის". - განაცხადა "როლან გაროსის" მომავალმა ფინალისტმა.

სტივენსმა ფინალში გასვლით მსოფლიო რეიტინგის მე-4 ადგილზე აღზევება გაინაღდა. სერენა და ვენუს უილიამსებს თუ არ ჩავთვლით, ლინდსი დევენპორტის შემდეგ, რომელიც 2006 წელს საუკეთესო ხუთეულში იყო, სტივენსი პირველი ამერიკელია, რომელმაც TOP 5 ჩოგბურთელში მოხვედრა მოახერხა. ამასთანავე, 44-ე ქალი ჩოგბურთელია, რომელმაც კარიერაში 10 მილიონზე მეტი გამოიმუშავა.

25 წლის სლოუნი "როლან გაროსის" ფინალში მსოფლიოს პირველ ჩოგან სიმონა ჰალეპს შეხვდება, რომელიც ამ ტურნირის მე-3 ფინალში თამაშობს და აქამდე ჩატარებული 2 გადამწყვეტი მატჩი წაგებული აქვს. ფინალური მატჩი შაბათს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები