Aa
Aa

ჩეკინატოს სასწაული - დამარცხებული ჯოკოვიჩი და "როლან გაროსის" 1/2 ფინალი!

მიმდინარე "როლან გაროსის" ყველაზე დიდი სენსაცია იტალიელმა მარკო ჩეკინატომ შემოგვთავაზა. 

25 წლის ჩოგბურთელმა, რომელსაც აქამდე დიდი სლემის ტურნირზე არცერთი მატჩი არ ჰქონდა მოგებული, ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა, საფრანგეთის ღია პირველობაზე ბრწყინვალე სვლა გააგრძელა და ტურნირის 1/2 ფინალში გავიდა.

ჩეკინატომ მატჩი შესანიშნავად ჩაატარა და თითქმის უშეცდომოდ თამაშობდა, თუმცა ჯოკოვიჩის უზუსტობებიც უნდა აღინიშნოს. სერბი თავს კომფორტულად ვერ გრძნობდა და უჩვეულო შეცდომებს უშვებდა. საბოლოოდ, თამაში 4 სეტში დასრულდა და განსაკუთრებით დრამატული მისი ბოლო პარტია გამოდგა, რომელიც იტალიელმა ტაიბრეიკზე 13:11 მოიგო - 6:3; 7:6; 1:6; 7:6.

"ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ. როცა დიდი სლემის ტურნირზე პირველი მატჩი მოვიგე, შესანიშნავ ხასიათზე ვიყავი. მატჩიდან მატჩამდე კი ვგრძნობდი, რომ შემდეგ რაუნდში გასვლა შემეძლო...

დღეს ჩემთვის განსაკუთრებული მომენტია. შეიძლება ახლა მძინავს კიდეც... ეს შესანიშნავია და დაუჯერებელია! უბედნიერესი ვარ, რადგან "როლან გაროსის" 1/4 ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი დავამარცხე. როცა დავინახე, რომ ბოლო დარტყმისას ბურთი ხაზთან დაეცა, შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო მომენტი იყო". - განაცხადა ჩეკინატომ მატჩის შემდეგ.

ახალგაზრდა აპენინელი ტურნირის 1/2 ფინალში დომინიკ ტიმს შეხვდება, რომელმაც ალექსანდრ ზვერევს 3 სეტში აჯობა.

ჩეკინატო ამჟამად მსოფლიოს 72-ე ჩოგანია. იგი ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე დიდი სლემის ნახევარფინალისტთა ჩამონათვალში მე-3 ადგილზეა - 2008 წლის უიმბლდონის 1/2 ფინალში მსოფლიოს მაშინდელმა 75-ე ჩოგანმა, მარატ საფინმა და 94-ე ჩოგანმა, რაინერ შუტლერმა ითამაშეს.

კიდევ ერთი დაბალი რეიტინგის მქონე ჩოგბურთელი, რომელმაც დიდი სლემის და ამ შემთხვევაში "როლან გაროსის" 1/2 ფინალში ითამაშა, ანდრეი მედვედევია. რუსი 1999 წლის ტურნირის მსვლელობისას მსოფლიოს მე-100 ჩოგანი გახლდათ.

ასევე აღსანიშნავია, რომ ღია ერაში ჩეკინატო მეორე იტალიელი მამაკაცია, რომელმაც "როლან გაროსის" 1/2 ფინალში გასვლა მოახერხა. მაშინ ეს შედეგი კორადო ბერაძუტიმ დააფიქსირა.

საგულისხმოა ისიც, რომ პალერმოში დაბადებული ჩეკინატო 2016 წელს ჩოგბურთიდან რამდენიმე თვით მოკვეთეს, რისი მიზეზიც გარიგებულ მატჩებში მონაწილეობა იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები