ამერიკის შემდეგ საფრანგეთში - ქალთა პირველი 1/2 ფინალური წყვილი ცნობილია!
Aa
Aa

ამერიკის შემდეგ საფრანგეთში - ქალთა პირველი 1/2 ფინალური წყვილი ცნობილია!

"როლან გაროსის" ქალთა თანრიგის დღევანდელ 1/4 ფინალურ მატჩებში წარმატებას ამერიკელებმა მიაღწიეს და გათამაშების 1/2 ფინალში, გასული წლის ამერიკის ღია პირველობის ფინალის გამეორებას ვიხილავთ - მედისონ კიზი სლოუნ სტივენსის წინააღმდეგ!

კიზმა ყაზახ იულია პუტინცევას საკმაოდ მძიმე ბრძოლაში, 7:6; 6:4 მოუგო. ამერიკელი პირველ სეტს ბრეიკით აგებდა და პუტინცევას 5:4-ზე სეტზე ჩაწოდების საშუალება მიეცა, თუმცა შანსი ვერ გამოიყენა.

23 წლის მედისონ კიზი დიდი სლემის ტურნირების 1/2 ფინალში მესამედ გავიდა. მას აქამდე 1/2 ფინალი 2015 წლის ავსტრალიის ღია პირველობასა და 2017 წლის ამერიკის ღია პირველობაზე ჰქონდა ნათამაშები.

კიზის მომდევნო მოწინააღმდეგე სლოუნ სტივენსი იქნება, რომელმაც სპეციალისტთა მხრიდან ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად შერაცხულ დარია კასატკინას მხოლოდ 4 გეიმის მოგების საშუალება მისცა - 6:3; 6:1.

სტივენსი გასული წლის ამერიკის ღია პირველობის ჩემპიონია, რომლის ფინალშიც სწორედ კიზს აჯობა. საერთო ჯამში, იგი მედისონს ურთიერთშეხვედრებში 2:0-ზე ამარცხებს, თუმცა ჩოგბურთელებს თიხაზე აქამდე არ უთამაშიათ.

ხვალ დარჩენილი 1/4 ფინალური მატჩები შედგება - სიმონა ჰალეპი ანგელიკ კერბერს, ხოლო გარბინ მუგურუსა მარია შარაპოვას შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები