''არსენალმა'' ლიხშტაინერი წარადგინა - გამოცდილი შვეიცარიელი ლონდონურ კლუბში
Aa
Aa

''არსენალმა'' ლიხშტაინერი წარადგინა - გამოცდილი შვეიცარიელი ლონდონურ კლუბში

შვეიცარიელი მცველი შტეფან ლიხშტაინერი კარიერს ლონდონის ''არსენალში'' გააგრძელებს. ტურინის ''იუვენტუსიდან'' წამოსვლის შემდეგ ლიხშტაინერი თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა ჩრდილოლონდონურ კლუბს. მხარეებმა ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმეს.

დიდი გამოცდილების მქონე ფეხბურთელმა ტურინული გუნდის მაისურით 250-ზე მეტი მატჩი ჩაატარა. შვეიცარიის ნაკრების ისტორიაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით ლიხშტაინერი მეოთხე ადგილზეა. მან 99 შეხვედრაში დაიცვა ეროვნული გუნდის ღირსება. 2016 წლიდან მოყოლებული ლიხშტაინერი შვეიცარიის ნაკრების კაპიტანია.

ლიხშტაინერი ''მეთოფეთა'' 12-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, რომელიც უკვე გაყიდვაშია. ''არსენალის'' ოფიციალურ გვერდზე ლიხშტაინერის მაისურის ღირებულება 66 ევროდან 116 ევრომდე მერყეობს.

''შტეფანს დიდი გამოცდილება და ლიდერული თვისებები აქვს. ის თამაშობს მაღალ დონეზე. პოზიტიური პიროვნებაა და აქვს  მებრძოლი ხასიათი. შტეფანი ჩვენს გუნდს გააძლიერებს როგორც მოედანზე, ასევე მოედნის მიღმა'' - აღნიშნა მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერმა, რომელიც შვეიცარიელის მსგავსად ''არსენალის'' ახალწვეულია.

''ეს დიდებული მომენტია. ''იუვენტუსიდან'' მოვედი ''არსენალში,'' რაც ჩემთვის დიდი გამოწვევაა. ''არსენალის'' წინააღმდეგ არასდროს მითამაშია, მაგრამ ვენგერის წასვლით დიდი ერა დასრულდა. მან მოიგო უამრავი ტიტული და შექმნა ძლიერი კლუბი. ჩვენ უნდა დავბრუნდეთ ჩემპიონთა ლიგაზე. ვფიქრობ რთული წარმოსადგენია ''არსენალი,'' რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე არ მონაწილეობს. ვნახე კლუბის სტადიონი, ბაზა, ეს უდიდესი შესაძლებლობაა მაღალ დონეზე სათამაშოდ'' - განაცხადა ლიხშტაინერმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში.

ლიხშტაინერმა პროფესიული კარიერა 2001 წელს შვეიცარიულ ''გრასჰოპერსში'' დაიწყო. 2003 წელს შვეიცარიის ჩემპიონობა იზეიმა. შემდეგ სამი წელი საფრანგეთის ლიგა 1-ის ''ლილის'' მაისურში გაატარა. 2008 წელს რომის ''ლაციოში'' ჩაირიცხა. რომაულ კლუბში იტალიის თასისა და სუპერთასის გამარჯვებული გახდა. 2011 წლიდან გასული სეზონის ბოლომდე ''იუვეში'' ასპარეზობდა.

34 წლის ფეხბურთელმა ''იუვენტუსში'' ასპარეზობისას უკანასკნელ 7 სეზონში სერია ა-ს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 2015 წელს შვეიცარიულ გაზეთ Sport-ის ვერსიით დასახელდა შვეიცარიის საუკეთესო ფეხბურთელად.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები