აღმასკომიდან ხაბარელს გარიცხავენ? - აღმასკომმა ძიუდოისტთა მოთხოვნა არ გაითვალისწინა
Aa
Aa

აღმასკომიდან ხაბარელს გარიცხავენ? - აღმასკომმა ძიუდოისტთა მოთხოვნა არ გაითვალისწინა

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილის გადადგომის შემდეგ ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის სხდომა გაიმართა, სადაც იმსჯელეს რამდენიმე საკითხზე.

აღმასკომის სხდომაზე შეიქმნა ხუთკაციანი სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ზაქრო კევლიშვილი, გიორგი ათაბეგაშვილი, თენგიზ ხუბულური, ზაზა გულბიანი და მამუკა ნავერიანი შედიან. სამუშაო ჯგუფის შექმნის მიზანია ფედერაციის ეფექტიანი და სწრაფი მუშაობა.

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების თანაშემწე მწვრთნელების მოვალეობის შემსრულებლად ამირან ტოტიკაშვილი და ნოდარ მეტრეველი დაინიშნენ.

აღმასკომის გადაწყვეტილებით უკანასკნელ პერიოდში შოთა ხაბარელის ქმედებებში წევრის სტატუსისთვის შეუფერებელი საქციელის ნიშნები არსებობდა, რის გამოც აღმასკომი უახლოეს სხდომაზე ხაბარელის აღმასკომის წევრობიდან გარიცხვის საკითხზე იმსჯელებს.

შეგახსენებთ, შოთა ხაბარელი საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა. ის ქევხიშვილის გადადგომის მომხრე იყო, ხოლო პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი ქევხიშვილის გადადგომის საფუძველს ვერ ხედავდა.

''მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადაში ჩამოყალიბდეს დროებითი მმართველი ორგანოს სამუშაო ჯგუფი სპორტის სამინისტროს, ძიუდოს ფედერაციისა და ოლიმპიური კომიტეტის ნეიტრალური წარმომადგენლებით. ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის დელეგატებსა და ყრილობის წევრებს შეუჩერდეთ უფლებამოსილება  დროებითი მმართველი ორგანოს შესაბამის გადაწყვეტილებამდე'' - სპორტსმენთა სახელით აღნიშნული განცხადება ძიუდოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმ გააკეთა აღმასკომის გამართვამდე.

მიუხედავად სპორტსმენთა მოთხოვნისა, ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის დელეგატები და ყრილობის წევრები კვლავინდებულად აგრძელებენ მუშაობას, მათ უფლებამოსილება არ შეუჩერდათ.

ცხელი ამბები