ფაქტი: ტრავმის გარეშე მყოფ ტოჩინოშინს ვერ ამარცხებენ! რას უნდა ველოდოთ
Aa
Aa

ფაქტი: ტრავმის გარეშე მყოფ ტოჩინოშინს ვერ ამარცხებენ! რას უნდა ველოდოთ "ნაგოია ბაშოზე"?

ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი რამდენიმე დღის წინ სუმოს იერარქიაში დაწინაურდა და მეორე ყველაზე მაღალი რანგის ოძეკის წოდება მიიღო.

30 წლის ტოჩინოშინი სუმოს სამყაროში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ადგილობრივი ქომაგი მის მიმართ დადებითად არის განწყობილი.

ზოგადად იაპონელები, სუმოში სხვა ერის წარმომადგენელთა წარმატებას განსაკუთრებით აფასებენ.

მომდევნო "ნაგოია ბაშო" სტარტს 8 ივლისს აიღებს და 22 ივლისს დასრულდება.

ლევანისთვის ახლა რთული გზა იწყება, რომელიც იოკოძუნობისკენ მიდის და მას დღეიდან გაცილებით მეტი შრომა მოუწევს.

ტოჩინოშინი და იოკოძუნები - კისენოსატო ბრუნდება

"ნაგოია ბაშოზე" იოკოძუნა კისენოსატო ბრუნდება.

როგორც მოგეხსენებათ დღეს სუმოს სულ 3 იოკოძუნა ჰყავს - ზემოხსენებული იაპონელი კისენოსატო, მონღოლები ჰაკუჰო და კაკურიუ.

კისენოსატოსთან ერთად, "ნაცუ ბაშოზე" რამდენიმე ოძეკიც არ იმყოფებოდა, რომლებიც დიდი ალბათობით "ნაგოია ბაშოზე" მონაწილეობას მიიღებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ივლისში გაცილებით რთული და სანახაობრივი დაპირისპირებები გველოდება.

კისენოსატო იოკოძუნა 2017 წელს გახდა. ის უმაღლესი რანგით მხოლოდ 3 ბაშოზე იმყოფებოდა.

აღსანიშნავია, რომ იაპონელმა იოკოძუნამ ბოლო სამი ბაშო ტრავმის გამო გამოტოვა და ახლა, წესების თანახმად "ნაგოია ბაშოზე" აუცილებლად უნდა იასპარეზოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას კარიერის დასრულება მოუწევს.

ლევან გორგაძე კისენოსატოს ჯამში 25-ჯერ დაუპირისპირდა. 16-ჯერ იაპონელმა მოიგო, ხოლო 9-ჯერ ტოჩინოშინმა.

იოკოძუნას რანგის მიღების შემდეგ ქართველი სეკიტორი კისენოსატოს მხოლოდ ერთხელ, 2017 წელს შეხვდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა.

იოკოძუნებიდან ყველაზე კარგი ბალანსი ლევანს სწორედ კისენოსატოსთან აქვს. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული ბრძოლა 2016 წლის "კიუშუ ბაშოზე" შედგა, რომელიც ქართველი სუმოისტის  ეფექტური გამარჯვებით დასრულდა.


 

ჰაკუჰოს ქართველი სუმოისტი სულ 26-ჯერ შეხვდა და მხოლოდ ერთხელ დაამარცხა. ეს ისტორიული ფაქტი "ნაცუ ბაშოზე" მოხდა.

კაკურიუს ლევანი 24-ჯერ დაუპირისპირდა. 22-ჯერ გამარჯვება მონღოლს დარჩა, 2-ჯერ კი ტოჩინოშინმა მოიგო.

აღსანიშნავია, რომ კაკურიუმ ბაშოს ზედიზედ ორჯერ მოგება კარიერაში პირველად შეძლო და ეს წლევანდელ "ნაცუ ბაშოზე"  მოახერხა.

ტოჩინოშინი - რომ არა ტრავმები...

ლევან გორგაძე სუმოს სამყაროში ნამდვილი მოვლენაა. მისი ისტორია ქომაგებში აღტაცებას იწვევს.

ტოჩინოშინი ტრავმამდე და მის შემდეგ - ეს ორი სხვადასხვა მებრძოლია. მისი შედეგები ამ ყველაფერს იდეალურად ასახავს.

ლევანმა იანვრის "ჰაცუ ბაშო" 14-1-ზე დაასრულა და იმპერატორის თასსაც დაეუფლა. მარტში გამართულ "ჰარუ ბაშოზე" ქართველ სეკიტორს მუხლის ტრავმა ჰქონდა და ბრძოლების გამართვა დიდი ტკივილის თანხლებით უწევდა.

ამ ფაქტმა ტოჩინოშინს საჩემპიონო შანსები შეუმცირა, თუმცა მან გამოსვლა 10-5-ზე დაასრულა და დადებითი ბალანსი დააფიქსირა, რაც რანგის შენარჩუნებაში დაეხმარა.

მაისში გამართულ "ნაცუ ბაშოზე" ლევან გორგაძის გამოსვლამ მაყურებელზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

ტოჩინოშინმა საწყისი 12 ორთაბრძოლა მოიგო და მათ შორის ლეგენდარული ჰაკუჰოც დაამარცხა.

ამის შემდეგ იყო მორიგი დასანანი ტრავმა და მარცხი კაკურიუსთან, რომელმაც ჩემპიონობის ბედი გადაწყვიტა.

2018 წელს გამართული ბაშოებიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ლევან გორგაძე უბრალოდ ბრწყინვალე ფორმაშია და რომ არა დასანანი ტრავმები, ქართველი სეკიტორი შესაძლოა უძლეველიც ყოფილიყო. ამის შესახებ დაფიქრება ნამდვილად ღირს...

რა არის საჭირო იოკოძუნობისთვის?

ლევან გორგაძე ორი ბაშოს ზედიზედ მოგების შემდეგ იოკოძუნას სტატუსს აუცილებლად მიიღებს.

არის სხვა ვარიანტიც. "ნაგოია ბაშოს" მოგების შემდეგ, სექტემბერში "აკი ბაშოზე" ტოჩინოშინმა მინიმუმ 11 ბრძოლა მაინც უნდა მოიგოს (სასურველია ვიცე-ჩემპიონობა) და რომელიმე იოკოძუნა აუცილებლად უნდა დაამარცხოს.

ამის შემდეგ სუმოს ასოციაცია დაფიქრდება და არის დიდი შანსი, რომ ტოჩინოშინს იოკოძუნას წოდება მიანიჭონ.

როდის უნდა დასრულდეს უიღბლობა?

მარჯვენა ხელის მაჯაზე ბოლოს მიღებულ ტრავმას ლევანი დიდი ალბათობით "ნაგოია ბაშოს" დაწყებამდე მოირჩენს, თუმცა ისმის კითხვა - მოასწრებს, თუ არა ის სრულად ფორმის აღდგენას?..

იმედი ვიქონიოთ, რომ ტოჩინოშინი მომდევნო ბაშოს დაზიანების გარეშე შეხვდება და თავის პოტენციალს სრულად გამოავლენს.

ასევე იხილეთ:

ცხელი ამბები