Aa
Aa

"ჩელსის" ბლანი გაწვრთნის? ლონდონურ გუნდში კრიზისია!

რამდენიმე დღეა „ჩელსის“ მომავალი ბურუსითაა მოცული. ასოციაციის თასის მოგებიდან ერთი კვირის შემდეგ ლონდონელებმა 1 მილიარდიანი სტადიონის პროექტი შეაჩერეს და როგორც  “Daily mail” იტყობინება მაურიციო სარის კანდიდატურასაც აღარ განიხილავენ. „არისტოკრატების“ ახალი სამიზნე ლორან ბლანია, რომელიც ბოლოს „პსჟ“-ში მუშაობდა და 2 წელია სამწვრთნელო საქმიანობას აღარ ეწევა.

ბლანთან ერთად კიდევ ერთი საკმაოდ უცნაური კანდიდატურა გამოიკვეთა. მოგეხსენებათ ავრაამ გრანტი რომან აბრამოვიჩთან დაახლოებული ადამიანია და თუ კონტეს წასვლის შემდეგ „ჩელსის“ თავკაცის პოვნა გაუჭირდა რუს ბიზნესმენს შეეძლება მთავარი მწვრთნელის პოსტზე გრანტი დანიშნოს. შეგახსენებთ, რომ ავრაამთან ერთად ლონდონის „ჩელსი“ 2008 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც თერთმეტმეტრიანების სერიაში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ დამარცხდა.

აბრამოვიჩი მწვრთნელს მეთოთხმეტედ ცვლის. ლონდონელები გადაწვყეტილებას გუნდის პრეზიდენტის, მარინა გრანოვსკაიას დაბრუნების შემდეგ მიიღებენ, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ, მაურიციო სარი მათი მთავარი სამიზნე აღარაა..

იტალიელი სპეციალისტის გადმობირების სანაცვლოდ „არისტოკრატებმა“ „ნაპოლის“ 7 მილიონი ევრო უნდა გადაუხადონ, რაზეც ინგლისელები უარს აცხადებენ. ლონდონელებმა რამდენიმე საათის წინ სარის შეატყობინეს, რომ თანხის გადახდას არ აპირებენ.

„ჩელსის“ ბოსების გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენარობერტო მანჩინის მიერ წამოყენებულმა ბრალდებებმა იქონია, რომლის მიხედვითაც ერთ-ერთ შეხვედრაში მაურიციომ მის მიმართ ჰომოფობიური განცხადებები გააკეთა. სარი მაშინ 20000 ევროთი დააჯარიმეს და ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. დღესდღეობით „ჩელსიში“ რასიზმისა და ძალადობის შესახებ გამოძიებები მიდის და კლუბის მესვეურებს „ჰომოფობი“ მწვრთნელის დანიშვნის არანაირი სურვილი არ აქვთ.

პარალელურად რომან აბრამოვიჩმა ვიზის გაუქმების გამო „ჩელსის“ ახალი 60000-იანი სტადიონის აშენებაზე უარი განაცხადა. რუსმა ოლიგარქმა ისრაელის მოქალაქოება მიიღო, რაც მასში ლონდონში ჩასვლის და ოჯახის მონახულების საშუალებას მისცემს, თუმცა მუშაობის უფლება არ ექნება.

რომან აბრამოვიჩი მილიარდი ფუნტის ოდენობის ინვესტიციის ჩადებას აპირებდა, თუმცა უკანასკნელი მოვლენებიდან გამომდინარე რუსმა იმ ქვეყანაში, რომელიც მის მიმართ ნეგატიურადაა განწყობილი, ფულის დაბანდებაზე უარი განაცხადა. განსაკუთრებით ცუდად ასოციაციის თასის გამოტოვებამ იმოქმედა, რომელსაც აბრამოვიჩი ვიზასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ვერ დაესწრო.

„ჩელსის“ ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ: „ჩვენ სტადიონის პროექტის განხორციელებას დროებით ვაჩერებთ. კლუბი აზრს არ შეიცვლის და გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობაა, რომელიც შეზღუდვებს კონკრეტულ პიროვნებებს უწესებს“.

რუსი ოლიგარქის გადაწყვეტილება ზოგიერთისთვის იმის მანიშნებელია, რომ რომანს ბრიტანეთის დატოვება სურს. გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინგლისელები ჩინურ კომპანიებს შეხვდნენ და კლუბის გაყიდვის შესახებ ისაუბროს. თუმცა სამშაბათს „ჩელსის“ წარმომადგენლებმა ყველაფერი უარყვეს და განაცხადეს, რომ აბრამოვიჩი „არისტოკრატების“ დატოვებას არ აპირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები