Aa
Aa

გილოცავთ!!! საქართველოს ნაკრებმა "ფრანგი ბარბაროსები" დაამარცხა!

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ივნისის ტესტების დაწყებამდე "დინამო არენაზე" ფრანგ ბარბაროსებს უმასპინძლა და 16:15 დაამარცხა.

შეხვედრის პირველი ტაიმი ფრანგების გამარჯვებით 7:6 დასრულდა.

"ბორჯღალოსნები" სოსო მათიაშვილის ორი ზუსტი ჯარიმის შედეგად 6:0 დაწინაურდა.

შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, თუმცა ფრანგებმა ბოლო წუთებზე ჩვენი ხაზის გაჭრა მოახერხეს და ლელო დაგვიდეს, რომელსაც ზუსტი გარდასახვაც მოჰყვა.

მეორე ნახევარი ქართველი მორაგბეების უპირატესობით დაიწყო და 51-ე წუთზე სოსო მათიაშვილი ულამაზესი სოლორეიდის შედეგად ლელოთი დაგვირგვინდა - 11:7.

ფრანგებმა შეტევები გააგრძელეს და ჯარიმის დარტყმის უფლებაც მოიპოვეს. ზუსტი შესრულების შემდეგ ანგარიში 11:10 გახდა.

მატჩი მაღალ ტემპში გაგრძელდა და საკმაოდ კარგი საყურებელიც იყო.

76-ე წუთზე "ბორჯღალოსნების" აგრესიული შეტევა ლამაზი ლელოთი დასრულდა. ლელოს ავტორი თოდუა გახდა, რომელმაც დამიწება ბოლო წამს მოახერხა.

მატჩის ბოლო წუთები ძალიან დაძაბული გამოდგა. მსაჯმა ერთ მომენტში თამაში არასწორად დაასრულა და შემდეგ გადაწყვეტილება გააუქმა.

ამის შემდეგ ფრანგებმა თამაში ჩვენი 5 მეტრიანიდან განაახლეს და ლელოს დადება არ გასჭირვებიათ.

გარდასახვა "ბარბაროსებმა" ვერ გამოიყენეს და შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა 16:15 მოიგო.

ცხელი ამბები