რატომ არ შედგა მესისა და პიკეს ტრანსფერი ''არსენალში''? - ვენგერმა მხოლოდ ფაბრეგასი გადაიბირა
Aa
Aa

რატომ არ შედგა მესისა და პიკეს ტრანსფერი ''არსენალში''? - ვენგერმა მხოლოდ ფაბრეგასი გადაიბირა

ლონდონის ''არსენალის'' მთავარ მწვრთნელად მუშაობის 22-წლიანი პერიოდის შემდეგ არსენ ვენგერი ''მეთოფეებს'' დაემშვიდობა და კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს გულწრფელად ესაუბრა. მან აღიარა, რომ ლიონელ მესის ტრანსფერით იყო დაინტერესებული.

2003 წლის ზაფხულში არსენ ვენგერს ''ბარსელონადან'' ცესკ ფაბრეგასის, ლიონელ მესისა და ხერარდ პიკეს გადაბირება სურდა. ამ საკითხზე ლონდონური კლუბი აქტიურად მუშაობდა, მაგრამ მიზანს მხოლოდ ფაბრეგასის შემთხვევაში მიაღწია. 16 წლის ფაბრეგასი ''ლა მასიას'' აკადემიადან ''არსენალში'' გადავიდა.

''მე შევხვდი ცესკ ფაბრეგასის მშობლებს. ამავე დროს ლიონელ მესისა და ხერარდ პიკეს შეძენით ვიყავით დაინტერესებულნი. ჩვენ ვცდილობდით სამივეს დამატებას, მაგრამ მცდელობამ არ იმუშავა. მიუხედავად ამისა ცესკი ''არსენალში'' თამაშს დათანხმდა. მას ნამდვილად ჰქონდა საფეხბურთო ტვინი. ცესკი იყო განსაკუთრებული ფეხბურთელი. როდესაც ის ლონდონში ჩამოვიდა, ჩვენ დარწმუნებულნი ვიყავით მის შესაძლებლობებში.

პიკესა და მესის ტრანსფერი მათი აგენტების გამო არ განხორციელდა. მაშინ მათ კომპანია Nike-თან აკავშირებდათ კონტრაქტი და სურდათ პიკეს ''მანჩესტერ იუნაიტედში'' ეთამაშა. ''ბარსელონას'' არ სურდა მესის დაკარგვა და მათ მიიჩნიეს რომ არგენტინელი გუნდისთვის საჭირო ფეხბურთელი იყო. მე არ ვიცი სურდა თუ არა მესის ''არსენალში'' თამაში, მაგრამ ფაქტია ''ბარსელონამ'' ადრეულ ეტაპზე შეაჩერა მოლაპარაკება. ასე რომ იძულებულნი ვიყავით მესის ტრანსფერზე აღარ გვემუშავა'' - აღნიშნა არსენ ვენგერმა ''არსენალის'' ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში.

ფაბრეგასის ტრანსფერში მონაწილეობდა 59 წლის სტივ როული, რომელსაც ''არსენალში'' მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. როული ''მეთოფეებში'' 1982 -1996 წლებში სკაუტის ფუნქციას ასრულებდა, ხოლო 1996 წლიდან 2017 წლის 20 ნოემბრამდე ''არსენალის'' მთავარ სკაუტად მუშაობდა.

''ბარსელონაში'' დაბრუნებამდე ფაბრეგასმა ''მეთოფეთა'' შემადგენლობაში 212 შეხვედრა ჩაატარა. 2011 წელს ცესკი კატალონიურ გრანდს დაუბრუნდა. 2014 წელს ფაბრეგასს ჩრდილლონდონურ გუნდში დაბრუნების შანსი ჰქონდა, მაგრამ დღემდე ''ჩელსის'' ფეხბურთელად რჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები