კიევი-მადრიდი - რა მოხდა ესპანეთის დედაქალაქში ჩასვლის შემდეგ
Aa
Aa

კიევი-მადრიდი - რა მოხდა ესპანეთის დედაქალაქში ჩასვლის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის თასის ზედიზედ მესამედ მოგების შემდეგ, „რეალი“ საკუთარ სახლს დაუბრუნდა და რეკორდული მიღწევა მადრიდში, გულშემატკივრებთან ერთად აღნიშნა. ევროპის ყველაზე პრესტიჟული ჩემპიონატის ფინალში „რეალმა“ „ლივერპული“ ანგარიშით 3:1 დაამარცხა. „რეალის“ თვითმფრინავი კიევიდან მადრიდში კვირას, შუადღეს ჩაფრინდა, თვითმფრინავიდან კი თასთან ერთად პირველი, გუნდის კაპიტანი, სერხიო რამოსი ჩამოვიდა.  აეროპორტიდან „რეალის“ ფეხბურთელები, სამწვრთნელო შტაბი და ხელმძღვანელობა ალმუდენას ტაძარში მივიდნენ, სადაც ჩემპიონთა ლიგის თასი აკურთხეს და საკვირაო ქადაგებას დაესწრნენ. ტაძარშიც და მის მიმდებარე ტერიტორიაზე კლუბის ასობით გულშემატკივარი იყო.  ალმუდენას ტაძრიდან სამეფო კლუბის ფეხბურთელები პირდაპირ მადრიდის მერიაში წავიდნენ, რომლის აივნიდანაც ფეხბურთელებმა ფანებს მიმართეს. პირველი სიტყვით გუნდის კაპიტანი, სერხიო რამოსი გამოვიდა. „თავიდან ისე ჩანს, რომ თითქოს არა, მაგრამ ბოლოს, ყოველწლიურად თასით ვბრუნდებით. მსოფლიოს საუკეთესო გუნდმა ეს ჩვეულებრივ მოვლენად აქცია, რაც დასაფასებელია. ყველას დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის, რომელიც რთულ მომენტებში ყველას ძალიან გვეხმარება. ჩვენ ყოველთვის ისეთი მხარდაჭერა გვქონდა, როგორსაც ვსაჭიროებდით და სწორედ ამიტომაა „რეალი“ დიდებული კლუბი. ყველას დიდი მადლობა და იცოდეთ, რომ ეს თასი თქვენ გეძღვნებათ, რადგან ის ისევეა თქვენი, როგორც ჩვენი.“ რამოსის შემდეგ, ფანებს კრიშტიანუ რონალდუმ მიმართა, რომელმაც ფინალის შემდეგ გარეთ ბეილის წარმოუდგენელი ორი გოლი გადაფარა და განაცხადა, რომ შესაძლოა „ლივერპულის“ წინააღმდეგ გამართული ფინალი, მისთვის მადრიდის „რეალის“ მაისურით გამართული ბოლო მატჩია. „ჩვენ ისტორია დავწერეთ. სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანი. „მადრიდისტებო“ მადლობა! თქვენ ყოველთვის გვიჭერთ მხარს. ეს უდიდესი სიხარულია და მადლობა ამისთვის. ჰალა მადრიდ!“

მადრიდის მერიიდან „რეალის“ ფეხბურთელები ლიგის თასთან ერთად ქალაქის ერთ-ერთ მთავარ მოედანზე წავიდნენ, სადაც სიბელესის შადრევანთან ფანებთან ერთად ზეიმი გამართეს. რამოსმა და მარსელომ ტრადიციას არ უღალატეს და მოედანზე არსებულ, ქალაქის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოს, ქალღმერთ სიბელეს ქანდაკებას ყელზე მადრიდის „რეალის“ კაშნე მოახვიეს.  აქედან კი სამეფო კლუბი კაშკაშა თასთან ერთად სახლში, სანტიაგო ბერნაბეუზე წავიდა, სადაც მთავარი ზეიმი გაიმართა. ათასობით ფანის წინაშე კლუბის ფეხბურთელებმა ისტორიაში ჩემპიონთა ლიგის მეცამეტე თასის მოგება იზეიმეს. ტრიბუნებიდან გულშემატკივრები სკანდირებდნენ - „კრიშტიანუ გთხოვ დარჩი.“ თავად პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კი ფანებს დამაიმედებელი სიტყვით მიმართა და განაცხადა - „მე აქ თავს კომფორტულად ვგრძნობ. ამ ფეხბურთელებთან ერთად კი შეუძლებელია არ მოიგო.“ შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ კრიშტიანუ რონალდუმ, მოულოდნელი განცხადება გააკეთა და თასის აღმართვიდან რამდენიმე წუთში განაცხადა - „მადრიდის „რეალში“ ყოფნა არაჩვეულებრივი იყო.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები