„რედ ბული“ ბრაზილიაში ახალი აგრეგატით იასპარეზებს
Aa
Aa

„რედ ბული“ ბრაზილიაში ახალი აგრეგატით იასპარეზებს

„რენომ“ დაადასტურა, რომ ბრაზილიის დიდ პრიზზე, „რედ ბული“ მის განახლებულ აგრეგატს გამოიყენებს. ფრანგულმა კომპანიამ, მის ხელთ არსებული 12 პირობითი ქულიდან (ტოკენიდან), 11 გამოიყენა, რათა სეზონის დასრულებამდე აგრეგატის დახვეწის არსებული შესაძლებლობა ბოლომდე გამოეყენებინა.

მოდიფიცირებული აგრეგატი ჯერ კიდევ ამერიკული ეტაპისთვის იყო მზად, მაგრამ „რედ ბულთან“ მოლაპარაკების შემდეგ გადაწყდა, რომ მისი გამოყენება გადაედოთ. ამის მიზეზი ისაა, რომ აგრეგატი წრეზე საშუალოდ 0.2 წამის გაუმჯობესების საშუალებას იძლევა. მაგრამ მისი გამოყენების შემთხვევაში, პილოტებს სტარტზე 10-10 ადგილით უკან დაწევა მოუწევდათ. ანუ, გაზრდილი სიჩქარის ეფექტი პრაქტიკულად დაკარგებოდა.

ამ ძრავის მექსიკაში გამოყენებაზეც უარი თქვეს, რადგან მექსიკო სიტი ზღვის დონიდან დიდ სიმაღლეზეა, რაც ძრავის მუშაობის სპეციფიკას ცვლის. საბოლოოდ გადაწყდა, რომ განახლებულ აგრეგატს „რედ ბული“ ბრაზილიაში გამოიყენებს. ოღონდ, ჯერ გადაწყვეტილი არაა, ამ აგრეგატს ორივე ბოლიდზე დააყენებენ, თუ - არა. ამ საკითხე, საბოლოო გადაწყვეტილებას „რენო“ და „რედ ბული“ რბოლის წინა დღეებში მიიღებენ მას შემდეგ, რაც იმ ძრავების დარჩენილ სამუშაო რესურსს დაადგენენ, რომლებითაც დანიელ რიკარდომ და დანილ კვიატმა მექსიკაში იასპარეზეს.

სამწუხაროდ, განახლებული აგრეგატის ამ სეზონში გამოყენების საშუალება არ მიეცემა „რენოს“ მეორე კლიენტს - „ტორო როსოს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები