Aa
Aa

"ტოჩინოშინმა შესანიშნავი სვლა გააგრძელა" - Japan News დღევანდელ ბრძოლას გამოეხმაურა...

იაპონური გამოცემა Japan News "ნაცუ ბაშოზე" დღეს გამართულ ტოჩინოშინისა და ჰაკუჰოს ორთაბრძოლას გამოეხმაურა. გთავაზობთ გამოცემის მიერ მომზადებულ სტატიას.

"სეკივაკე ტოჩინოშინმა „ნაცუ ბაშოზე“ შესანიშნავი სვლა გააგრძელა და ტურნირის მე-12 დღეს იოკოძუნა ჰაკუჰო დაძაბულ და ხანგრძლივ ორთაბრძოლაში დაამარცხა.

დღის ბოლო დაპირისპირებაში, ტოჩინოშინმა, რომელსაც ჰაკუჰოსთან 25-დან არცერთი ურთიერთშეხვედრა მოგებული არ ჰქონდა, მონღოლი დოჰიოს შუაში „ჩაკეტა“, მეთოდურად საბრძოლოს არენის გარეთ გაიყვანა და ლეგენდარულ სეკიტორს მიმდინარე ბაშოზე მე-2 მარცხი აგემა.

„თავს ბრწყინვალედ ვგრძნობ. ბაშოს დარჩენილ ორთაბრძოლებს მეტი აღმაფრენით ჩავატარებ. მავაშში სოლიდური ჩავლება ავიღე და წარმატება ამან განაპირობა“. - აღნიშნა ქართველმა.

"წაგება, წაგებაა. ყველაფერი ისე იყო, როგორც თავად იხილეთ". -  40 ბაშოს მომგები ჰაკუჰო საუბრის გუნებაზე აშკარად არ იყო.

დიდი ალბათობით, ტოჩინოშინმა ამ გამარჯვებით ოძეკის წოდება გაინაღდა. ბოლო 3 ბაშოზე ჯამში მიღწეული 33 მოგება იყო ის, რაც მის ამ სტატუსამდე დაწინაურებას განაპირობებდა. კასუგანოს ოჯახის წარმომადგენელმა ახალი წლის ბაშო 14:1-ზე ბალანსით მოიგო, გაზაფხულის ტურნირზე კი 10 გამარჯვება იზეიმა". - ვკითხულობთ Japan News-ის სტატიაში.

ქართველმა "ნაცუ ბაშოზე" ზედიზედ 12 გამარჯვება მიითვლა და ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა. მას 11:1-ზე ბალანსით, კიდევ ერთი იოკოძუნა, კაკურიუ მოჰყვება. აღსანიშნავია, რომ კაკურიუს ჰაკუჰოსთან ბრძოლა ჯერ არ ჩაუტარებია. მას მონღოლის დამარცხება ძალიან უჭირს და გამართული 47 ურთიერთშეხვედრიდან მხოლოდ 6 მოიგო.

გორგაძე ტურნირის მე-13 დღეს შოდაის შეხვდება, რომელიც წოდებით მე-4 მაეგაშირაა და მიმდინარე გათამაშებაზე ბალანსი 7:5-ზე აქვს. ტოჩინოშინმა მასთან აქამდე 8 ორთაბრძოლა გამართა, რომელთაგანაც 5 თავის სასარგებლოდ დაასრულა.

"არ მინდა, რომ მას მავაშში ჩავლების აღების საშუალება მივცე. ის ახლა ძალიან კარგ ფორმაშია და ვცდილობ, უცნაურ საკითხებზე ფიქრს თავი ავარიდო". - განაცხადა ქართველის ხვალინდელმა მეტოქე შოდაიმ.

ასევე იხილეთ - ჰაკუჰო ანუ თვით სუმო - ქართველთან დამარცხებული ნახევრად ღმერთი!

ცხელი ამბები