''გადაწყვეტილებას ოჯახთან და კლუბთან საუბრის შემდეგ მივიღებ''
Aa
Aa

''გადაწყვეტილებას ოჯახთან და კლუბთან საუბრის შემდეგ მივიღებ''

ჰოლანდიის ერედივიზიის ევროპა ლიგის ზონის ფლეი-ოფის ფინალში გამარჯვების შემდეგ გურამ კაშიამ omroepgelderland-თან გუნდიდან შესაძლო წასვლაზე ისაუბრა. მისი თქმით გადაწყვეტილებას ოჯახთან და კლუბთან საუბრის შემდეგ მიიღებს.

''ეს იყო რთული მატჩი, რომელმაც დიდი სიამოვნება მომანიჭა. მიყვარს ეს თამაში და მიყვარს როცა ასეთი შეხვედრის მონაწილე ვარ. ჩვენ ვიყიდით ახალ ფეხბურთელებს, რადგან წინ გველის ევროპა ლიგის გათამაშება.

შესაძლებელია დავტოვო ''ვიტესი,'' თუმცა ეს საკითხი გადაწყვეტილი არაა. ჩემი მომავალი ზაფხულში გაირკვევა. ჯერ ნაადრევია საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.

აქ ყოფნით ბედნიერი ვარ. უნდა ვესაუბრო ჩემს ოჯახს, უნდა ვესაუბრო კლუბის ხელმძღვანელებს და ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით'' - განაცხადა ''ვიტესის'' ქართველმა კაპიტანმა.

შეგახსენებთ, ჰოლანდიის ერედივიზიის რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ ევროპა ლიგის საგზურისთვის გამართული გადათამაშება არნემის ''ვიტესის'' გამარჯვებით დასრულდა. ფლეი-ოფის ფინალში არნემის ''ვიტესმა'' საკუთარ მოედანზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ''უტრეხტი'' გასვლით შეხვედრაშიც დაამარცხა. პირველი მატჩი ''ვიტესმა'' 3:2 მოიგო, სტუმრად კი  2:1 გაიმარჯვა. არნემელთა კაპიტანმა გურამ კაშიამ ორივე შეხვედრა 90 წუთი ჩაატარა. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა პირველ შეხვედრაში მატჩის მიწურულს გამარჯვების გოლი გაიტანა.

Vitesse.org-ის ცნობით ''ვიტესი'' ზაფხულში დაცვის ხაზის გაძლიერებაზე იზრუნებს და შესაძლოა საკადრო ცვლილებებს კაშიას ტრანსფერი მოჰყვეს. აღნიშნული წყაროს ცნობით კაშიას გადაბირებით MLS-ის ერთ-ერთი კლუბია დაინტერესებული. 30 წლის ფეხბურთელს, რომელიც 2010 წლიდან ''ვიტესის'' მოთამაშეა, კლუბთან კიდევ ორწლიანი კონტრაქტი აკავშირებს.

გასულ სეზონში გურამ კაშიამ თეო იანსენის 242-მატჩიანი რეკორდი დაამხო. კაშია ''ვიტესის'' ისტორიაში ჰოლანდიის ელიტარულ ჩემპიონატში ჩატარებული მატჩების მიხედვით რეკორდსმენია. რეკორდი ქართველმა კაპიტანმა მიმდინარე წლის 18 აპრილს ''ალკმაართან'' შეხვედრაში დაამყარა, როცა არნემული გუნდისთვის ჰოლანდიის ჩემპიონატში 243-ე შეხვედრა ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები